მისი განცხადებით, არც კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს და არც ბიძინა ივანიშვილს ბენზინის ფასის 1 ლარით შემცირების შესახებ არ უსაუბრიათ. კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას ელექტროენერგიის საფასურის განახევრება არ წარმოადგენდა. მინისტრის განცხადებით, „1 ოქტომბრის [2012] შემდეგ აშკარად ირკვევა, რომ ფასების [საწვავზე] ტენდენციური ზრდა არის შეჩერებული. ვეთანხმები, რომ „პლაცზე“ იყო ფასის აწევა და უკვე ბოლო დღეებია არის ვარდნა. შესაბამისად, ჩვენ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზრის ფასებზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, იმის გათვალისწინებით, რომ „პლაცზე“ ფასი უკან წამოვიდა, აქაც იქნება ცვლილებები ბენზინთან მიმართებაში“.
ფაქტ-მეტრი კახა კალაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა. ელექტროენერგიის ტარიფისა და საწვავის ფასების ცვლილების შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. კომუნალური გადასახდელების ტარიფების საკითხი კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამაშიცალკე თავად არის გამოყოფილი (გვ.30). პროგრამაში ვკითხულობთ: „2004 წლიდან საქართველოში კომუნალური ტარიფები (მათ შორის ელექტროენერგიის გადასახადი) გეგმაზომიერად იზრდებოდა, ამ მაჩვენებლით საქართველომ არამხოლოდ დსთ-ს, არამედ ევროპის ბევრ ქვეყნასაც გადაუსწრო. 2007-2010 წლებში ტარიფები განსაკუთრებით გაიზარდა, კონკრეტულად ელექტროენერგიის გადასახადი კი დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაწესებული დიფერენცირებული გადასახადი სოციალურადაც უსამართლო იყო.“
წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, „ქართული ოცნება“ მიიჩნევდა, რომ ტარიფები დაფუძნებული უნდა ყოფილიყო რეალურ გათვლებზე, გაწეული მომსახურების შესაბამისად, რათა ელექტროენერგია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. კოალიცია „ქართული ოცნება“ საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში წერს, რომ მათი ხელისულფებაში მოსვლიდან უმოკლეს დროში ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას, მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით განახორციელებდნენ.
2012 წლის 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ტარიფების შემცირებაზეც ისაუბრა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, იმ დროისათვის არსებული კომუნალური ტარიფების განახევრება მყისიერად იყო შესაძლებელი, მათ შორის, ელექტორენერგიის ტარიფისაც, რადგან საქართველოში მდებარე ჰიდროელექტროსადგურები მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის ტარიფის განახევრების საშუალებას იძლეოდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოალიციაში შემავალი პარტიის, ეროვნული ფორუმის ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა,რომ ოქტომბრის ბოლოსათვის ელექტროენერგიის ფასი 17-დან 7-8 თეთრამდე შემცირდებოდა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე, 2012 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისასაც ისაუბრა.მისი განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირის ტარიფი სახელისუფლებო კომპანიების ჩართულობის შედეგად ხელოვნურად იყო გაზრდილი. უახლოეს მომავალში კი შესაძლებელი იქნებოდა ელექტროენერგიის ფასის დაწევა ამ კომპანიების ჩამოშორებით. თუმცა კონკრეტულად, რომელ კომპანიებს გულისხმობდა, ბიძინა ივანიშვილს არ განუმარტავს.
2012 წლის 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების რეალურობა თავადვე უარყო.მისი განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის განახევრება შეუძლებელი იყო, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება კი - გადაჭარბებული.
ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება შესაძლებელი იყო, თუმცა ტარიფის განახევრება გამორიცხული და წარმოუდგენელი. 2012 წლის 24 დეკემბერს, კვირის პალიტრისათვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა კვლავ ისაუბრა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების შესახებ. კერძოდ, მისი განცხადებით, იანვრის დასაწყისისათვის, ელექტროენერგიის ტარიფი 20-25 პროცენტით შემცირდებოდა. გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობდა ბენზინის ფასის შემცირებაზეც და უახლოეს მომავალში, მონოპოლიების აღმოფხვრის შემდეგ, მოსალოდნელი იყო ბენზინზე ფასის შემცირებაც, თუმცა ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული ციფრები აღარ დაუსახელებია. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ელექტროენერგიის ტარიფმა 3.54 თეთრით დაიკლო. „თელასის“ აბონენტებისათვის, რომლებიც 100 კვ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი შეადგენდა 13,48 თეთრს, ახლა კი ის 9,94 თეთრია (26.26% შემცირება). 100 კვ-დან 300-კვ-მდე ტარიფი შეადგენდა 16,00 თეთრს და ახლა ის 12,46 თეთრს (22.12% შემცირება) შეადგენს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტებს 100კვ-მდე 12,98 თეთრის გადახდა უწევდათ, ახლა კი 9,44 თეთრს (27,27% შემცირება) იხდიან. 100კვ-დან 300კვ-მდე ტარიფი იყო 16,52 თეთრი, რომელიც 12,98 თეთრი (21,42% შემცირება) გახდა. ფაქტ-მეტრმა კახა კალაძის განცხადების ის ნაწილიც გადაამოწმა, სადაც ის საწვავის შემცირების საკითხზე საუბრობდა. კერძოდ, კახა კალაძის განცხადებით, არც ბიძინა ივანიშვილს და არც კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს არ უსაუბრიათ ბენზინის საფასურის 1 ლარით შემცირებაზე. ვიცე-პრემიერის განცხადების არც ეს ნაწილია ზუსტი. კოალიციაში შემავალი პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იზორია, 2012 წლის 10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საწვავის ფასის ხელოვნურ ზრდაზე საუბრობდა. მან საწვავის ფასის რეალურთან შედარებით 50 თეთრამდე (თუმცა, არა 1 ლარამდე) ხელოვნურად მომატებაში მაშინდელი ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ყოფილი ჩინოვნიკები დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საწვავი მართლაც გაიფდა, თუმცა თუ დავაკვირდებით „გალფის“ ოფიციალურ საიტზე განთავსებულ (იხ.ცხრილი) მონაცემებს,ვნახავთ, რომ 2012 წლის დეკემბერში ფასები შემცირდა, რასაც 2013 წლის თებერვლიდან მარტამდე კვლავ ზრდა მოჰყვა. 2013 წლის 18 მარტიდან დაიწყო საწვავის ფასების გაიაფება 5-10 თეთრით. 2013 წლის აპრილში კი, ყველა ტიპის საწვავზე, ფასმა 3-5 თეთრით კვლავ დაიკლო. 2013 წლის 20 სექტემბერს, ფასმა საწვავზე აპრილის შემცირებულ ნიშნულთან შედარებით, 7-10 თეთრით მოიმატა. 2013 წლის 28 სექტემბერს კი, საწვავის ფასი შემცირდა პრემიუმის ტიპზე 2 თეთრით, ხოლო რეგულარსა და ევრო რეგულარზე - 6 თეთრით. 2013 წლის 19 დეკემბერს პრემიუმისა და ევრო რეგულარის ტიპის საწვავი 9 თეთრით, რეგულარსა და ევრო დიზელზე 8 თეთრით, ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ფასი 10 თეთრით არის გაზრდილი. 2013 წლის 19 დეკემბრის შემდეგ, გარკვეული ტიპის საწვავზე ფასების, როგორც კლება, ისე ზრდა შეინიშნება. 2014 წლის ივნისიდან შემდეგ ყველა ტიპის საწვავის საფასური გაძვირდა (9 ივლისს ის კვლავ შემცირდა, ხოლო 19 ივლისის შემდეგ კი გაძვირდა).
ამ ეტაპზე „სოკარის” ქსელში 1 ლიტრი „სუპერი” 2.35 ლარი ღირს, „პრემიუმი” - 2.26 ლარი, „ევრორეგულარი” - 2.18 ლარი. ევროდიზელის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანული დიზელისა კი - 2.12 ლარია. „რომპეტროლსაც” დაახლოებით ანალოგიური ფასები აქვს: „ევრორეგულარი” - 2,14 ლარი, „პრემიუმი” - 2.24 ლარი, „სუპერი”-2.35 ლარი, ევროდიზელი -2.17 ლარი. „გალფის”ავტოგასამართ ქსელში კი ასეთი ფასებია: „ევრორეგულარი” - 2.15 ლარი, „პრემიუმი“ - 2,23 ლარი, „სუპერი” - 2,32 ლარი, ევროდიზელი - 2,28 ლარი, დიზელი - 2,16 ლარი.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის სექტემბერში საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენდა:
- სუპერი ტიპის ბენზინი - 2.33 ლარი/ლიტრზე;
- პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2.26-2.28 ლარი/ლიტრზე;
- ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი – 2.12-2.17 ლარი/ლიტრზე;
- რეგულარი ტიპის ბენზინი – 2.12 ლარი/ლიტრზე
წლის ივლისში საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს:
- სუპერი ტიპის ბენზინი – 2.30-2.35 ლარი/ლიტრზე;
- პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2.19 – 2.29 ლარი/ლიტრზე;
- ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი – 2.10-2.20 ლარი/ლიტრზე;
- რეგულარი ტიპის ბენზინი – 2.10-2.12 ლარი/ლიტრზე.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლების ტენდენციაა. ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით, რომლითაც საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება, მცირდება. კერძოდ, საერთაშორისო ფასები ბენზინზე 1000 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა. 29 ივლისის მდგომარეობით საერთაშორისო ფასი ბენზინზე შეადგენს 982 დოლარს/ტონაზე, ხოლო დიზელზე (10ppm) - 907 დოლარს/ტონაზე. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს გახლავთ წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში საწვავის ფასები უახლოეს პერიოდში შემცირდება, აღნიშნულია განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ პლაცის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე ფასები შემცირდა, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი მხოლოდ ერთხელ - 9 ივლისს შემცირდა, ხოლო 19 ივლისის შემდეგ კვლავ გაძვირდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის 8 ივლისის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდის რეალური მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რომელსაც ხელისუფლება ხელოვნურად ახდენს, რათა საბიუჯეტო შემოსვალების გეგმის შესრულება უზრუნველყოს. საწვავის გაძვირების განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობსანალიტიკოსი ბექა კემულარია. მისი განცხადებით, საწვავის იმპორტიორი ქართული კომპანიები ფასს თვითნებურად აძვირებენ.
დასკვნა
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადების გადამოწმების შედეგად, ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ვიცე-პრემიერის განცხადების ის ნაწილი, სადაც კახა კალაძე ელექტოენერგიის შემცირებასთან დაკავშირებულ დაპირებაზე საუბრობს, არაზუსტია, რადგან ჩვენს მიერ მოძიებულ მასალებში, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ელექტროენერგიის ტარიფის განახევრების შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად საუბრობდნენ.
ვიცე-პრემიერი ასევე არ არის ბოლომდე ზუსტი, როდესაც აცხადებს, რომ საწვავის ფასის 1 ლარით შემცირების შესახებ ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის პოლიტიკური გუნდის წევრებს არ უსაუბრიათ. 2012 წლის 10 თებერვალს, შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელმა მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საწვავის ფასი 50 თეთრით ხელოვნურად იყო გაძვირებული, რაშიც იმჟამინდელი ხელისუფლება და მათთან დაახლოებული ყოფილი ჩინოვნიკები იყვნენ დამნაშავეები. ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საწვავზე ფასი 50 თეთრით არ შემცირებულა. აღსანიშნავია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არჩევნებამდე საწვავის ფასის 50 თეთრით შემცირების არარეალურობის შესახებ არ უსაუბრია. დაპირების არარეალურობაზე კოალიციის წევრებმა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყეს საუბარი.
სიმართლედ ვერ ჩაითვლება კახა კალაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც ვიცე-პრემიერი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საწვავის ფასის შემცირების ტენდენციის შესახებ საუბრობს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე საწვისის ფასის, როგორც კლება ისე ზრდა, რამდენჯერმე მოხდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა რომ ივლისის თვეში Platt's-ის მიხედვით, ნავთობის ფასი შემცირდა, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი ჯერ-ჯერობით არ შემცირებულა.
ჩვენ ვასკვნით, რომ კახა კალაძის განცხადება: „ბატონ ბიძინას [საწვავის] 1 ლარით შემცირებაზე ნამდვილად არ უსაუბრია. თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდეთ. გუნდის წევრებს არასდროს გაუჟღერებიათ, რომ ბენზინი 1 ლარით უნდა შემცირდეს ან ელექტროენერგია უნდა განახევრდეს“, არის მცდარი.
Platt’s წარმოადგენს მედიაჰოლდინგ McGraw-hill companies-ში შემავალ დამოუკიდებელ ამერიკულ საინფორმაციო სააგენტოს, რომლის საკვლევ სფეროსაც ენერგეტიკა და მარკეტინგული მომსახურება წარმოადგენს. Platt’s მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას, წარმოების სიახლეების, ბუნებრივი აირის, ნავთობის, ელექტროენერგიისა და სხვა ტიპის ბუნებრივ რესურსების მიმდინარე ფასების შესახებ.