ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი გიგანტური ხეები შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ახალი პარკის გაშენებას აპირებს.
11 თებერვალს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ, განაცხადა: "მე არანაირი ფორმალური საფუძველი არ მაქვს, რათა ვივარაუდო, რომ ხეების გადარგვის საკითხი ეხება ბიძინა ივანიშვილს".
აჭარის მთავრობაში განაცხადეს, რომ შეკვეთილში ხე-მცენარეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით გადააქვთ. შპს "ზიმო"-ს 6 200 ლარად საკუთრებაში ერთი ხე ტიტა და ორი ჭაობის კიპარისი გადაეცა.
ხეების გადარგვას გარემოსდამცველების, ადგილობრივებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ისინი სამუშაობის წარმოებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს ხეების გადარგვის საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" 2 წევრი და მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" 3 აქტივისტი სამართალდამცავებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.ისინი 11 თებერვალს გაათავისუფლეს და მათი სასამართლო პროცესი 19 თებერვალს არის ჩანიშნული. მიუხედავად ამ ინციდენტისა, გარემოსდამცველებმა და ოპოზიციამ საპროტესტო აქციები განაგრძეს.
13 თებერვალს ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის სამუშაოების დასათვალიერებლად ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ყოფილი პრემიერის თქმით, მას ეს ხეები ნაყიდი აქვს და ისინი მასთან დაკავშირებულმა კომპანია "ზიმომ" შეიძინა. მისივე განცახდებით, ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგშია. თუმცა, ყოფილმა პრემიერმა ხეების გადარგვის სამუშაოები დროებით შეაჩერა. მისი განცხადებით, "ვიდრე სამუშაოების კანონიერად წარმოების შესახებ დოკუმენტაცია არ გადამოწმდება, ხეების გადარგვა არ მოხდება".
"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაციაო. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო" - აღნიშნა სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორმა, ზურაბ კიკნაძემ.
ზურაბ კიკნაძემ ციხისძირში ყოფილი პრემიერ-მინისტრის სტუმრობის შემდეგ ასევე განაცხადა: "აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს. რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქით გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელსაც ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ".
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციისა და გარემოსდამცველების განმარტებით, გიგანტური ხეების გადარგვა, მითუმეტეს ამ სეზონზე, ხეების სიცოცხლისთვის რისკის შემცველია.
ამ თემას გამოეხმაურა გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. მისი თქმით,"ეს მცენარეები, რომელზეც არის საუბარი, არცერთი არ არის ენდემური, არცერთი არ არის "წითელი ნუსხის" მცენარე. თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა სათანადო ცოდნა გადატანისათვის და იმისთვის, რომ არ გახმეს, მზად ვარ ამ დისკუსიაში ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით. ხოლო, თუ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი საერთოდ, ეს სწორი პოზიცია არ არის. მე არც შეკვეთა მიმიღია და არც დამკვეთი ვიცი ვინ არის".
დასკვნაყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს. სწორედ ამ პარკის მოსაწყობად ხდება ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა. თავად ბიძინა ივანიშვილი და ხეების გადარგვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოც" ადასტურებენ, რომ ციხისძირიდან ხეების გადარგვის საკითხი პირდაპირ კავშირშია ყოფილ პრემიერთან.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მინისტრის მოადგილის განცხადება არის ტყუილი.