საკონსტიტუციო კომისიამ ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტი წარმოადგინა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საკონსტიტუციო კანონის პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს კომისიის წევრები წარუდგენენ. 8 მაისს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ბათუმში გაიმართა. განხილვაზე, ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ბონუსი, ბოლო არჩევნების მიხედვით, იქნებოდა 8%, ბოლო ხუთი არჩევნების მიხედვით 5%, ბოლო ოთხი არჩევნების მიხედვით კი 3.1%“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად მომზადებული პროექტის მიხედვით, საქართველოში საარჩევნო სისტემა იცვლება. ახალ პირობებში უქმდება მაჟორიტარების ინსტიტუტი და საქართველო სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადადის. ამ ახალი სისტემის მიხედვით რჩება 5%-იანი ბარიერი და 150-ვე მანდატი პროპორციულად განაწილდება, ერთი დაშვებით - პირველ ადგილზე გასული პარტია დამატებით მიიღებს იმ მანდატებს, რომლებიც ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტების დაჯამებით გამოდის. სწორედ ეს ქმნის უსამართლობის განცდას და იწვევს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ დამოკიდებულებას. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: „წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. თუმცა, მიუხედვად ამისა, სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი - თანასწორობის პრინციპი“. ამ განცხადებას „საქართველოს რეფორმების ასოციაციაც“ შეუერთდა.
ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში სწორედ ამ ახალ წესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის („ქართული ოცნება“) მიერ მიღებული ბონუსი მხოლოდ 8% იქნებოდა, რაც გამარჯვებულ პარტიას ოპონენტებთან მიმართებით დიდ უპირატესობას არ მისცემდა.
2008, 2012 და 2016 წლებში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაანალიზებლად, ფაქტ-მეტრმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებული მონაცემები მიმოიხილა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი სამმა ძალამ გადალახა: „ქართული ოცნება“ (48.68%), „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ (27.11%) და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ (5.01%), რომელთაც ჯამში პროპორციულ არჩევნებში ხმათა 80.8% მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ახალ სისტემაში, რომელშიც პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული სისტემით გადანაწილდება, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესაბამისად - 40 და 7 დეპუტატს შეიყვანდნენ, ხოლო პირველ ადგილზე გასული, ანუ მმართველი პარტია - 73 დეპუტატს. დარჩენილ 30 მანდატს, ბონუსის სახით, „ქართული ოცნება“ მიიღებდა. გამოდის, რომ ბონუსი ბოლო არჩევნებზე 20% იქნებოდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებული პოლარიზებით გამოირჩეოდა, როცა ძირითადი ოპოზიციური სპექტრი ისედაც ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა და, შესაბამისად, იმ პარტიების ხმების ჯამმაც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ნაკლებად შთამბეჭდავი 4.69% შეადგინა. ახლადწარმოდგენილი საარჩევნო სისტემის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებდა 60 მანდატს, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნება“ 82 მანდატს, რის შემდეგაც ბონუსის სახით 8 მანდატს, ანუ 5.3%-ს დაიმატებდა.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „გაერთიანებული ოპოზიცია“ და „ქრისტიან-დემოკრატები“. მათ შორის, ახალი სისტემით, მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა - ენმ მიიღებდა 88 მანდატს, „ლეიბორისტული პარტია“ – 11 მანდატს, ქდმ - 12 მანდატს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია - 26 მანდატს. ჯამში გაუნაწილებელი დარჩებოდა 13 მანდატი (8.66%). აღსანიშნავია, რომ 2008 წლის არჩევნებიც უკიდურესი პოლარიზებით გამოირჩეოდა და იგი მოჰყვა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს.
2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის მიღმა დარჩენილმა პარტიებმა ჯამში 26.2% დააგროვეს. მაშინ ბარიერი ორმა ძალამ: „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ და „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები ახლები“ დაძლია. ახალი სისტემით მიიღებდნენ 99 და 11 მანდატს, ხოლო დანარჩენ 40 მანდატს (26.6%) სახელისუფლებო პარტია წაიღებდა ბონუსის სახით.
აღსანიშნავია, რომ პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრის პირობებში ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების ხმების ჯამი შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავ რიცხვს გვაძლევს. ჩვენი სახელმწიფოს მიზანია შექმნას მულტიპარტიული დემოკრატია, რომელშიც ერთმანეთთან კონკურენციაში ბევრი პოლიტიკური ძალა შევა და, შესაბამისად, ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების რიცხვიცა და ელექტორალური წონაც გაიზრდება. ამის ნათელი მაგალითია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა დაშლილი კოალიციის პირობებში ერთმანეთს ბევრი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შეეჯიბრა და ჯამში ხმათა 19.2% ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებზე გაიფანტა. საინტერესო ფაქტია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, როცა ბარიერი სამმა ძალამ გადალახა. ამ სამმა ძალამ ჯამში 38.5% შეადგინა და პროპორციულად გასანაწილებელი დანარჩენი მანდატებიც მათზე გადანაწილდა.
დასკვნა
ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში აქცენტს ბოლო არჩევნებზე და საქართველოში ჩატარებული არჩევნების საშუალო მაჩვენებელზე აკეთებს. შესწავლილი ოთხი მაგალითი აჩვენებს, რომ მხოლოდ ბოლო არჩევნებზე ბონუსის სახით პირველ ადგილზე გასული „ქართული ოცნება“ მიიღებდა მანდატების 20%-ს, რაც ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ რიცხვზე 2.5-ჯერ მეტია. ბოლო 4 არჩევნებზე ბონუსის საშუალო მაჩვენებელი იქნებოდა 15%, რაც ასევე მეტია კობახიძის მიერ დასახელებულ ციფრზე.
ირაკლი კობახიძე საუბრობს ბონუსზე, რომელიც ჩნდება ახალ კანონმდებლობაში და მანამდე ამ ფორმით არ არსებობდა. თუ ახალი სისტემის პირობებში არსებულ ბონუსს ძველ სისტემას შევადარებთ, ახალ სისტემაში „ქართული ოცნება“ მიიღებდა მანდატების 20%-ს, რაც 12 მანდატით მეტი იქნებოდა, ვიდრე ძველი სისტემის პირობებში მიღებული გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა. ეს 12 მანდატი პარლამენტის ჯამური მანდატების ნამდვილად 8%-ია, მაგრამ თუ ჩვენ ერთმანეთს ახალ და ძველ სისტემებს ვადარებთ და ორივე შემთხვევაში ვიყენებთ ტერმინს "ბონუსი", მაშინ გამოდის, რომ ახალ სისტემაში ბონუსი იქნებოდა ძველი სისტემის ბონუსზე 1.666-ჯერ (ანუ 66.6%-ით) მეტი. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე მიზანმიმართულად ცვლის ტერმინს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ციფრის შემცირების მიზნით, ერთმანეთს შეუფერებელ ცვლადებს ადარებს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.