2013 წლის 28 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე „რუსთავი2“-ის გადაცემა „ბიზნეს კურიერში“ იყო მიწვეული. ეკონომიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა მრეწველობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა: „ეკონომიკური განვითარების საფუძველი უნდა იყოს მრეწველობა, მათ შორის გადამამუშავებელი და აგრომრეწველობა. მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკის ფუნდამენტი უნდა იყოს. დღესაც, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში დიდი წილი მრეწველობაზე მოდის. ახალი მთავრობის ერთ-ერთი კარგი დაპირება იყო ახალი 100 საწარმოს გახსნა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნა არის ის, რომ 100 საწარმოდან არცერთის მშენებლობა არ არის დაწყებული“.
ფაქტ–მეტრი საწარმოებთან დაკავშირებული მდგომარეობით დაინტერესდა.
სანამ უშუალოდ საკვლევ საკითხზე გადავიდოდეთ, თავად საწარმოს შინაარსის ახსნას შევეცდებით. „საქსტატის“ განმარტებით, საწარმო არის ეკონომიკური ერთეული, რომელიც აწარმოებს საქონელს ან ეწევა მომსახურებას, ახორციელებს ერთ ან რამდენიმე საქმიანობის სახეს. საწარმო შეიძლება იყოს ინდივიდუალური (ფიზიკური) ან იურიდიული პირი. საწარმოები ზომების მიხედვით შემდეგნაირად იყოფა: მსხვილი, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვა 1,5 მლნ ლარზე მეტია. საშუალოა ისეთი საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა წლიური რაოდენობა 20-დან 100 კაცამდე მერყეობს, ხოლო წლიური ბრუნვის მოცულობა 0,5 მლნ-დან 1,5 მლნ-მდეა. მცირე საწარმოთა ჯგუფს მიეკუთვნება ორგანიზაცია, რომელშიც დასაქმებულთა წლიური საშუალო რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს, საშუალო წლიური ბრუნვა კი - 0,5 მლნ ლარს.
საწარმოს ეს განმარტება მნიშვნელოვანია, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს აღქმა, რომ საწარმოს დაფინანსებასა და დაარსებაში, მთავრობა მსხვილ საწარმოებს ან ქარხნებს გულისხმობდა. პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე კი, კოალიცია „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებაზე საუბრისას მსხვილ საწარმოებს გულისხმობდა.
ვინაიდან ქარხნის მნიშვნელობის განმარტება არ იძებნება, ჩვენ მხოლოდ საწარმოს „საქსტატისეული“ განმარტებით ვიხელმძღვანელებთ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება საწარმოების შექმნა იყო. კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის 16 სექტემბერს, TV9-ის გადაცემაში - „ტელეხიდი მოსახლეობასთან“, აცხადებდა: „ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური და არა ისეთი, როგორც დღეს ხდება, ერთ-ორ საწარმოს გახსნიან და ორი წლის განმავლობაში იმას ატრიალებენ. ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდეს“.
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საწარმოების გახსნაში, მინიმუმ მსხვილ საწარმოებსაც გულისხმობდა. ძნელად სავარაუდოა, რომ კოალიცია “ქართული ოცნების“ მაშინდელ ლიდერს მხოლოდ ისეთი საწარმოები ეგულისხმა, სადაც 20 კაცამდე იქნებოდა დასაქმებული და რომელთა საშუალო წლიური ბრუნვა 0,5 მილიონ ლარამდე იქნებოდა. ასეთი დასკვნა იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, წელიწადში საშუალოდ 40 000-მდე სხვადასხვა სახის საწარმო სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ისედაც რეგისტრირდებოდა და რაიმე განსაკუთრებულ ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან მცირე საწარმოების დაარსება არ საჭიროებდა. სწორედ ამაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაც „ერთ-ორ საწარმოს“ რეკლამირების შესახებ.
ჩვენს მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად მხსხვილი საწარმოების გახსნას გულისხმობდა, მისი სხვა განცხადებებისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების ამსახველი მასალებიც მოწმობს. მაგალითად, ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2013 წლის 30 მაისს დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას პრემიერმა განაცხადა: „ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ მინიმუმ ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ 60 ქარხანა, რომელზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, მათი წლის ბოლომდე შეძენა და ჩამოტანა მოვახერხოთ. შეიძლება დამონტაჟება ვერ მოვასწროთ, მაგრამ შეძენა და ჩამოტანა მოესწრება. თითოეულ რეგიონში ერთი ქარხანა მაინც უნდა იყოს. თბილისში რამდენი მოუწევს არ ვიცით“. ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებაში მხოლოდ მცირე საწარმოს გახსნაზე არ საუბრობს.
თუმცა, დროთა განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პათოსი იცვლება და ის უკვე არა ქარხნების შეძენა, ჩამოტანასა და დამონტაჟებაზე საუბრობს, არამედ აქცენტს მხოლოდ საწარმოების დაფინანსების კუთხით აკეთებს. 2013 წლის 3 ივლისს, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ყველაზე საინტერესო ჩემთვის ამ ბოლო ეტაპზე გახლავთ იმ 60 საწარმოს დაფუძნება, რომელზეც არჩევნების პერიოდში ვსაუბრობდი. მოგახსენებთ, რომ ამისთვის 81 კრედიტია გაცემული 7 წლამდე ვადით. საწარმოთა სუბსიდირებას ისევ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი ახორციელებს. თითო საარჩევნო ოლქში ერთი საწარმო მაინც უნდა დაფუძნდეს. რამდენიმე რაიონში ვერ ვახერხებთ, არ გვაქვს წინადადება და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ბიზნესმენები დავაინტერესოთ. 24 კრედიტი, რომელიც ახალი საწარმოების დაფუძნებაზეა მიმართული, განხილვის პროცესშია. წლის ბოლომდე ვფიქრობ, 60-ის ნაცვლად 100-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება“.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებიდან ჩანს, ის ამბობს, რომ თითოეულ საარჩევნო ოლქში ერთი საწარმო მაინც უნდა გაიხსნას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მსხვილ საწარმოებზე საუბრობს, რადგან ერთ საარჩევნო ოლქში ერთი მცირე ან საშუალო საწარმოს გახსნა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვერანაირ მიღწევად ვერ ჩაითვლება და ვერც ეკონომიკის განვითარებაზე მოახდენს პრაქტიკულად რაიმე გავლენას. ბუნებრივია, რომ ოპონენტები როცა „ქართულ ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად აქცენტს სწორედ გაუხსნელ მსხვილ საწარმოებზე აკეთებენ. დავით ბაქრაძეც, როცა საწარმოების გახსნის შეუსრულებელ დაპირებაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, მსხვილი საწარმოების ან ქარხნების გახსნას გულისხმობს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 3 ივლისს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილი ასევე ცდილობს გამართლება მოუძებნოს მსხვილი საწარმოების (ქარხნების) გახსნასთან დაკავშირებულ დაპირებას: „ოპონენტებს ხშირად კითხვები აქვთ იმის თაობაზე, თუ სად არის ეს საწარმოები და რატომ არ მუშაობს. მე მგონი, ეს უბრალოდ სპეკულაციაა. თუ გავითვალისწინებთ, რა სჭირდება საწარმოს დაფინანსებას, ჩამოტანას და მის გაშვებას, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენ მაინც მოვახერხებთ 100-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსებას და ამის პირობებს მაქსიმალურად ვქმნით”.
2013 წლის 25 სექტემბერს ექსპერტებთან შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილი აქცენტს მხოლოდ საწარმოების დაფინანსებაზე აკეთებს და ცდილობს გაცემული დაპირება დაიცვას, თუმცა აღარაფერს ამბობს თითოეულ საარჩევნო ოლქში ერთი მსხილი საწარმოს დაარსების შესახებ: „205 საწარმო დავაფინანსეთ უკვე. სასწაული ხდება. 100 საწარმო ვთქვით, მაგრამ უკვე 205 საწარმოა დაფინანსებული. ერთ წელიწადში როგორ გინდა მოიძიო როგორი საწარმო გინდა, ვის უნდა, მასთან ერთად განიხილო, ბანკები ჩართო, დააფინანსო საწარმოები, შემოიტანო და აამუშაო“.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ როგორ მიმდინარეობდა საწარმოების (ნებისმიერი ტიპის) დაფინანსების პროცესი. სოფლის დახმარების პროგრამის განსახორციელებლად, 2013 წლის 22 იანვარს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“დაფუძნდა. ფონდის შემომწირველია კერძო სამართლის ორი იურიდიული პირი: „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“ და საერთაშორისო საქველმოქმედო "ფონდი ქართუ“. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, „ფონდ ქართუს“ ზემოაღნიშნული პროექტების განსახორციელებლად “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში” უკვე გადარიცხული ჰქონდა 192,3 მლნ ლარი, ხოლო “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს” - 11 მლნ ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ ფონდის გამგეობის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე დამტკიცებულ იქნა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომელიც ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღების მიზნებისთვის, საფინანსო ინსტიტუციებისგან შეღავათიანი კრედიტის მიღებას ითვალისწინებს.
ამ პროექტის მიხედვით, თანხებს პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუციები (13 ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) გასცემენ. დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ თავის მხრივ ბანკების მიერ მეწარმეებზე გაცემული სესხების საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ ორ პროექტს ახორციელებს: „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს, რომელმაც ფუნქციონირება 2013 წლის მარტში დაიწყო. სააგენტოს მიერ საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან კონსულტაციების საფუძველზე ამ პროექტის სამი კომპონენტი გამოიკვეთა:
- 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის-0% 5000 ლარამდე.
- შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის, არაუმეტეს 8%-ისა (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით), 5000-100 000 ლარამდე, საბრუნავი საშუალებებისთვის არაუმეტეს 18 თვით, ძირითადი საშუალებებისთვის არაუმეტეს 60 თვით.
- შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, არაუმეტეს 3%-ისა (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით), 600 ათას აშშ დოლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში), არაუმეტეს 7 წლის ვადით (მესამე კომპონენტის დაფინანსება გულისხმობს, როგორც ახალი საწარმოების დაფინანსებას, ასევე, მოქმედი საწარმოების გადაიარაღების და განახლების ხელშეწყობას).
ჩვენი კვლევისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ მესამე კომპონენტის ქვეშ გაცემული დაფინანსებაა, რადგან სწორედ აქ იგულისხმება საწარმოების დაფინანსება.
2013 წლის 29 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, მასმედიას სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგები გააცნო. მინისტრის თქმით, სულ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 4 085 ბენეფიციარზე გაცემულია 60,975,041 ლარის სესხი, რომლის ფარგლებში III კომპონენტში უკვე 25-მდე ახალი საწარმოა (start up) დაფინანსებული. ასევე, გაცემულია სესხები მცირე მეწარმეებზეც, რომელთა რიცხვმა 1736-ს მიაღწია (საუბარია მცირე საწარმოებზე - სათბურებზე, საწყობებზე, რძის შემგროვებელ და სხვა ხაზებზე).
11 სექტემბერს შალვა ფიფია კვლავ შეხვდა ჟურნალისტებს და სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ სამი კომპონენტის ფარგლებში, უკვე გაცემული იყო 5,343 სესხი, ჯამური თანხით - 94,103,126 ლარი, ხოლო მე-3 კომპონენტში დაფინანსებული იყო 49 ახალი საწარმო (start up). როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, მე-3 კომპონენტის ფარგლებში გადამამუშავებელი საწარმოებისთვის გაცემული სესხების მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი 12 თვეს შეადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი პროდუქციის გამოშვება-რეალიზაციისთვის ბანკები მეწარმეებს 12 თვიან ვადას აძლევენ. შესაბამისად, საწარმოების შესაქმნელად მაქსიმალური ვადა შესაძლებელია განისაზღვროს 12 თვით, ხოლო მინიმალური ვადა დამოკიდებულია საწარმოს ზომასა და პროფილზე. სამინისტროს განმარტებით, პროექტის პირველი კომპონენტის ფარგლებში 2,685 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება; მე-2 კომპონენტში - 2439 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 48,433,133 ლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში - 200 ბენეფიციარზე სულ გაიცა 25,591,932 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს სექტემბერში კიდევ ორი კომპონენტი დაემატა: პროექტის მე-4 კომპონენტი, შეღავათიანი აგროლიზინგი, ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი საწარმოებისა და დანადგარების განვითარებას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვ. ასევე შენახვა, დაფასოება, გადამუშავება, შესაფუთი მასალის წარმოება). მე-5 კომპონენტის ფარგლებში გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადა შეადგენს 15 თვეს, სესხის მოცულობა 10 მლნ. ლარს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 15%-ს, საიდანაც 9%-ს სახელმწიფო ფარავს.
მოგვიანებით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ორი კომპონენტი დაემატა: პროექტის მე-6 კომპონენტი, შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის და მე-7 კომპონენტი, შეაღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის, რომლებიც ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რაიონებში უნდა შეიქმნას.
პარალელურად, ფაქტ-მეტრმა საწარმოების შექმნასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით, შესაბამისი წერილით საჯარო ინფორმაციაც გამოითხოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 19 სექტემბერს ფაქტ-მეტრს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ დაწყების დღიდან, პირველი კომპონენტის ფარგლებში 2685 ბენეფიციარზე გაცემულია 1,106,478 ლარის სასაქონლო განვადება; მე-2 კომპონენტში 2432 ბენეფიციარზე გაცემულია 48,433,133 ლარის კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში 212 ბენეფიციარზე გაიცა 27,397,453 დოლარის კრედიტი (ეს სწორედ ის კომპონენტია, რომელიც საწარმოების დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა, ზემოთ მოყვანილი რიცხვი (212), როგორც ახალი საწარმოების, ასევე მოქმედი საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებისთვის გაცემულ კრედიტებს მოიცავს).
ოქტომბრის თვეში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა საქართველოს რუქა, რომელზეც დაფინანსებული საწარმოები ქალაქების მიხედვითაა დატანილი. ამ რუქის მიხედვით, 2013 წელს 49 ახალი და 155 უკვე მოქმედი (განვითარების მიზნით) საწარმო დაფინანსდა. შესაბამისად, მართალია ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებებში „ახალ“ საწარმოებზე საუბრობდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, საწარმოების დაფინანსებაში ის საწარმოებიც იგულისხმება, რომლებიც 2013 წლამდე იყვნენ დარეგისტრირებულნი და დაფინანსება სწორედ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიიღეს.
ფაქტ-მეტრმა სამინისტროს მიერ გავრცელებული იმ 49 საწარმოს სია გააანალიზა, რომლებიც მესამე კომპონენტის ქვეშ დაფინანსდა. ამ საწარმოებიდან ახლადრეგისტირებული (ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შექმნილი) 15 საწარმოა. მათი შექმნის თარიღი საჯარო რეესტრის სამსახურშიც გადავამოწმეთ. დანარჩენი საწარმოები წინა წლებში, ზოგიერთი მათგანი კი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით 90-იან წლებშია დარეგისტრირებული. ის ფაქტი, რომ 15-ის გარდა დანარჩენი 34 საწარმო წინა წლებშია (არა 2012-2013 წლებში) შექმნილი, არ ნიშნავს, რომ ამ საწარმოების მიერ განხორცილებული საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს start up-ად. სპეციალისტების განმარტებით, start up აუცილებლად ახლადრეგისტრირებულ საწარმოს არ ნიშნავს. საწარმო შეიძლება არსებობდა, მაგრამ მან აღებული კრედიტის საშუალებით წამოიწყო ახალი საქმე. ანუ, საწარმო შეიძლება იყოს წლების წინ გახსნილი, მაგრამ მისი საქმიანობა იყოს ახალი. მუშაობდნენ თუ არა აღნიშნული საწარმოები ადრე, 2013 წლამდე, ძნელი დასადგენია, თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაფინანსდნენ, თავიანთი ბიზნესი განაახლეს და ახალი საქმიანობა წამოიწყეს. ფაქტ-მეტრი ასევე შეეცადა დაკავშირებოდა დაფინანსებულ 49 საწარმოს მფლობელებთან და გაერკვია, თუ როგორ მიმდინარეობდა მათი საწარმოების მშენებლობა.
ჩვენ რამდენიმე მეწარმესთან მოვახერხეთ დაკავშირება.
ინდ. მეწარმე ზვიად ბიკაშვილმა ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ იგი სასაწყობე მეურნეობას ფლობს დედოფლისწყაროს რაიონში, რომელიც 117,000 დოლარით დაფინანსდა 2013 წლის აპრილში. ნოემბრის მონაცემით დასრულებული იყო საწარმოს გამართვის სამუშაოების 1/3, თუმცა, საწყობს უკვე იყენებდნენ მარცვლეულის შესანახად. საწარმოში ცხრა ადამიანი იყო დასაქმებული.
ინდ. მეწარმე ბონდო რაქვიაშვილი გურჯაანში ვენახის მფლობელად 2012 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. 2012 წლის ზაფხულს მას ვენახი დაესეტყვა, 2013 წელს კი შეღავათიანი აგროკრედიტი (90,000 დოლარის ოდენობით) აიღო, რათა დასეტყვილი მეურნეობა აღედგინა.
2013 წლის 2 მაისს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში „ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ დარეგისტრირდა, რომელმაც 235,000 დოლარის სესხი აიღო. სუბტროპიკული ხილის ექსპორტის მიზნით, კომპანიამ ხილის შესანახი მაცივრები შეიძინა. აგრეთვე დანადგარი, რომელიც ციტრუსის რეცხვას და პარაფირებას (გასანთვლას) ახორციელებს, რაც ციტრუსის შენახვის ვადებს ახანგრძლივებს. 2013 წლის ნოემბრის მონაცემებით საწარმოს მშენებლობის 80% დასრულებული იყო და ექსპლუატაციაში 15 ნოემბრიდან (სუბტროპიკული ხილის სეზონის დასაწყისი) შევიდა. საწარმოში სეზონზე 70 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.
ინდ. მეწარმე დავით ბერიაშვილი რეესტრში 2013 წლის 5 აგვისტოს დარეგისტრირდა. იგი თელავში ღორების ფერმის გაკეთებას აპირებს, რისთვისაც 84,700 დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო. მისი თქმით, მშენებლობა 2013 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც 4-5 ადამიანი დასაქმდებოდა. ნოემბერში მშენებლობაზე 10-15 ადამიანი იყო დასაქმებული.
კომპანია „ჯეო-ფრუტმა“ შეღავათიანი კრედიტი (95,000 დოლარის ოდენობით) 2013 წლის 24 ივნისს აიღო. კომპანია ოთხ ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებას აპირებს, მან უკვე შეიძინა ნერგები და ხეხილის გადარგვისთვის ხელსაყრელ სეზონს ელოდება.
კომპანია „აგროტეკი“ რეესტრში 2013 წლის 14 მარტს დარეგისტრირდა. შეღავათიანი კრედიტი, 185 000 დოლარის ოდენობით, თანამედროვე ფერმის ასაშენებლად მიიღო. შვეიცარიიდან 50 სული ძროხა ჩამოიყვანეს და თანამედროვე ტიპის საწველი აპარატი შეიძინეს. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და დაახლოებით 10 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიამ „ვაზიანი კომპანი“ 600 000 დოლარის ოდენობის აგროკრედიტი მიიღო და ღვინის ქარხანა ააშენა, ახალი დანადგარები შეიძინა. 2013 წლის ნოემბრის მონაცემით, ქარხანაში 40 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანია რეესტრში 2012 წლის 27 ივლისსაა დარეგისტრირებული.
კომპანია „პიუნიკ ჯორჯია“ რეესტრში 2008 წლის 16 ივლისში დარეგისტრირდა. საწარმომ 600 000 დოლარის კრედიტი მიიღო, განაახლა მეფრინველეობის ფერმა, შეიძინა დანადგარი. ფუნქციონირებს 10 სექტემბრიდან, დასაქმებულია 40 ადამიანი.
დასკვნა
ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება ახალი საწარმოების შექმნის შესახებ, მსხვილ საწარმოებს გულისხმობდა. ბიძინა ივანიშვილი სატელევიზიო გამოსვლებში აღნიშნავდა, რომ თითოეულ რეგიონში ერთი საწარმო მაინც უნდა გახსნილიყო.
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბრის მონაცემით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მე-3 კომპონენტის ფარგლებში, რომელიც საწარმოების დაფინანსებას ითვალისწინებს, 49 ახალი და 155 მოქმედი საწარმოა დაფინანსებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მეწარმეს ვერ დავუკავშირდით, მხოლოდ რამდენიმე მათგანთან მოვახერხეთ გასაუბრება. ჩვენს რესპოდენტებს კრედიტი უკვე მიღებული აქვთ და თითქმის ყველა საწარმო ექსპლუატაციაშია შესული. ასევე, დავადგინეთ, რომ 2013 წელს გაიხსნა ან დეკემბრამდე გაიხსნებოდა 15 საწარმო. დანარჩენი საწარმოები უკვე გახსნილია, თუ არა, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, საწარმოების შესაქმნელად მაქსიმალური ვადა შესაძლებელია 12 თვით განისაზღვროს, ხოლო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ამოქმედებიდან, ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ 8 თვე იყო გასული (ეს პროექტი 2013 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა, შესაბამისად, საბოლოო შედეგი 2014 წლის მარტში უნდა დადგეს).
ამასთან ერთად, აღნიშნული საწარმოები არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ის დაფინანსება, რომელსაც საწარმოები იღებენ, არის შეღავათიანი კრედიტი და არა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ფაქტ-მეტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, საწარმოების დაფინანსება მინიმუმ 2014 წელსაც გაგრძელდება.
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ დაფინანსებული და გახსნილი საწარმოები მსხვილი საწარმოები არ არის [შეგახსენებთ, რომ მსხვილ საწარმოდ ითვლება ის საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვა 1,5 მლნ ლარზე მეტია]. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკვე გახსნილ საწარმოთაგან მხოლოდ ერთში დასაქმდა 70 ადამიანი [ისიც ციტრუსის ჩაბარების სეზონზე], დანარჩენებში დასაქმებულთა მაქსიმალური რაოდენობა 40 კაცია.
ფაქტრ-მეტრი, რა თქმა უნდა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა ნამდვილად მუშაობს და დაფინანსებულ საწარმოთა ნაწილი უკვე ფუნქციონირებს. თუმცა, ჩვენი მიზანია კონკრეტული გაცხადების სიზუსტის შემოწმება, ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, გახსნილი საწარმოები წინასაარჩევნოდ დაპირებულ მსხვილი საწარმოებს და ქარხნებს არ წარმოადგენენ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ვასკვნით, რომ დავით ბაქრაძის განცხადება: „ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო 100 საწარმოს გახსნა და ყველაზე დიდი ჩავარდნა არის ის, რომ არცერთი საწარმოს მშენებლობაც კი არ არის დაწყებული“, არის მეტწილად სიმართლე.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის პირვანდელი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ გვქონდა საუბარი დავით ბაქრაძის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაეთანხმა ჩვენს კვლევას და მისი განცხადების სისწორის დამადასტურებელი დამატებითი მასალები მოგვაწოდა. ამ მასალებში ნაჩვენებია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დანაპირები, სადაც საუბარი ცალსახად მსხვილი საწარმოებისა და ქარხნების დაფინანსებასა და გახსნაზე იყო. აღნიშნული მასალების გაცნობისა და გაანალიზების შემდეგ, ფაქტ-მეტრმა აღიარა დავით ბაქრაძის არგუმენტების მართებულობა. შესაბამისად, დაკორექტირდა სტატია და ფაქტ-მეტრის ვერდიქტი.