წლის 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს თოქშოუ „რეაქციაში“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მასში შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტის შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენდა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და დეპუტატის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს მეორე მთავარ საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს.ასამბლეის საქმიანობა თანამედროვე საზოგადოების პრობლემებსა და საერთაშორისო პოლიტიკის განსხვავებულ ასპექტებს მოიცავს. ასამბლეა დარგობრივი კომისიების მიერ მომზადებულ მასალებს შემდეგი მიმართულებებით იხილავს: პოლიტიკური საკითხები, იურიდიული საკითხები და ადამიანის უფლებათა დაცვა, ტერიტორიების მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკისა და განვითარების საკითხები, მიგრაციის, ლტოლვილთა და დემოგრაფიის საკითხები, წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და ა.შ. ასამბლეის წევრები შესაბამის ინფორმაციას საკუთარ ეროვნულ პარლამენტებს აწვდიან და საკუთარ მთავრობებზე ზეგავლენას ამგვარად ახდენენ. ასამბლეის 318 წევრს ეროვნული პარლამენტები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ.
ამჟამად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხუთი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფით არის დაკომპლექტებული:„ევროპის სახალხო პარტია,“ „სოციალისტები,“ „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის,“ „ევროპელი კონსერვატორები“ და „გაერთიანებული მემარცხენეები“. ცალკე ფრაქციას ქმნიან დამოუკიდებელი დეპუტატები.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია გამოქვეყნდა,რომელშიც საქართველოში დემოკრატიულ მიღწევებთან ერთად, უარყოფითადაა შეფასებული პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და შერჩევითი სამართალი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულმა რეზოლუციის ტექსტმა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. მმართველი კოალიციის წევრების აზრით რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას არ გამოხატავს და მისი მიღება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერით შეძლო. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სივრცეში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოკავშირეების - "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) მხარდაჭერით ისარგებლეს და ამ პროცესში მათ საქართველოს ინტერესებზე არ უფიქრიათ: „ჩანაწერი, რომელიც ახალაიასა და ასევე სააკაშვილის თაობაზე გაკეთდა, ეს მე საგანგაშოდ არ მიმაჩნია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მცდელობა, რომ საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას ებრძოლოს. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, აქ აბსოლუტურად არაფერია ახალი. ეს არის პოლიტიკური პარტიების გამოხატულება. ისინი ისე ხატავენ ამ სურათს, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება... მე კიდევ ვიმეორებ, რომ არცერთ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას პასუხგაუცემელი კითხვა არ დაუტოვებია. პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა”.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 103–მა წევრმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 27წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 8 დეპუტატმა თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი „სოციალისტების“ 25-მა, „ევროპის სახალხო პარტიის“ 48, "ალიანსი ლიბერალ-დემოკრატები ევროპისათვის" 12-მა, „ევროპელი კონსერვატორების“ 13-მა, „გაერთიანებული მემარცხენეების“ ერთმა და უპარტიო დეპუტატების 4-მა წევრმა დაუჭირა. „სოციალისტების“ 7-მა და "ალიანსი ლიბერალ-დემოკრატები ევროპისათვის" ერთმა წევრმა რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. წინააღმდეგ კი „სოციალისტების“ 18-მა, "ევროპის სახალხო პარტიის" 2-მა, „ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის“ 2-მა, „ევროპელი კონსერვატორების“ 3-მა და „გაერთიანებული მემარცხენეების“ 2-მა წევრმა მისცა ხმა.
დასკვნა 2014
წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის შესახებ, თუმცა საპარლამენტო ასამბლეა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების, შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციის კენჭისყრის პროცესში ევროსაბჭოს 138 დეპუტატი მონაწილეობდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი ყველა ფრაქციის უმრავლესობამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი სუბიექტები ამავდროულად „ევროპელი სოციალისტებისა“ და „ლიბერალ-დემოკრატების“ ალიანსის წევრები არიან. ორივე ფრაქციის უმრავლესობამ რეზოლუციის ტექსტს მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნებიდან“ ხმის უფლების მქონე სამმა დელეგატმა რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დაუჭირა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადება: „აბსოლუტურად ყველა ფრაქციის წარმომადგენელმა ამ რეზოლუციას [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია] ხმა მისცა,“ არის სიმართლე.