„8 723 ადამიანი იყო ამნისტირებული. 2013 წელს იყო 503 შემთხვევა, როდესაც მოხდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენა, ეს არის 6 პროცენტი. 8 200 ადამიანი აგრძელებდა ჩვეულებრივად ცხოვრებას“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ეკა ბესელიას განცხადება სიმართლეს.
საქართველოს „კანონი ამნისტიის შესახებ,“ რომელზეც ეკა ბესელია საუბრობს, 2013 წლის 12 იანვარს გამოქვეყნდა. კანონის თანახმად, ამნისტიის აღსრულების ვადა კანონის ამოქმედებიდან ორი თვე იყო, გარდა იმ პირებისა, რომლებიც თაღლითობის მუხლით იყვნენ მსჯავრდებულნი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციისთანახმად, ორთვიანი ვადა 13 მარტს ამოიწურა. ამნისტიის შედეგად მსჯავრდებულთა ნაწილი სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან, ნაწილს კი სასჯელის განახევრება ან შემსუბუქება შეეხო. ბუნებრივია, იმ პირთა გათავისუფლება, ვისაც სასჯელის განახევრება ან შემსუბუქება შეეხო, მართლაც მოგვიანებით მოხდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 12 იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ჯამში 8 743 პირი გათავისუფლდა.
იმისთვის, რომ გაგვეგო რამდენმა ამნისტირებულმა ჩაიდინა დანაშაული განმეორებით, 2014 წლის 28 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიგვიღია. მოგვიანებით, 21 ნოემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი გავუგზავნეთ. სამინისტროს ინფორმაციით, 2013წელს განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა 523-მა, ხოლო 2014 წლის 10 თვის განმავლობაში – 423-მა ამნისტირებულმა პირმა. 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პატიმრებიდან განმეორებითი დანაშაული 6%-მა, ხოლო 2014 წელს – 4.8%-მა ჩაიდინა.
ამის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა გავლენას ახდენს ყოველთვიურ დანაშაულის სტატისტიკაზე ამნისტირებულთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულები. 2014 წლის სექტემბრის მონაცემებისთანახმად, საქართველოში 2 426 დანაშაულია რეგისტრირებული, ხოლო მათგან 42, ანუ 1.7% ამნისტირებულთა მიერ არის ჩადენილი. 2014 წლის აგვისტოში აღნიშნული მაჩვენებელი 0.9%-ს, ხოლო ივლისში 1.4%-ს შეადგენს. როგორც ვხედავთ, დანაშაულის სტატისტიკაზე ამნისტირებულთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაული მნიშვენლოვანი გავლენა არ მოუხდენია.
დასკვნაამნისტიის ძალაში შესვლიდან 2014 წლის ნოემბრამდე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ჯამში 8 743 ადამიანი გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახამრების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირებიდან 2013 წელს 523-მა, ხოლო 2014 წელს 423-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა. 2013 წელს ამნისტირებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელი 6%-ს, ხოლო 2014 წელს 4.8%-ს შეადგენდა.
ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ, რამდენად მოქმედებს ამნისტირებულთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაული კრიმინოგენური ვითარების ერთიან სტატისტიკაზე. როგორც ბოლო მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, ამნისტირებულთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელი ერთიანი დანაშაულის სტატისტიკაში 2%-ს არ აღემატება.
ამრიგად, ეკა ბესელია განცხადება: „8 723 ადამიანს შეეხო ამნისტია, 2013 წელს განმეორებითი დანაშაულის 503 შემთხვევა მოხდა, ეს არის მხოლოდ 6 პროცენტი,“ არის სიმართლე.