საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის 17 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ საპრეზიდენტო დებატების დროს განაცხადა: „სოფლის მეურნეობაში წელს გავაკეთეთ უპრეცედენტო ინვესტიცია და 710 ათას ფერმერს დავეხმარეთ და 500-ლარიანი ვაუჩერი მივეცით“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ეს განცხადება სიმართლეს.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა, რომელიც 2013 წლის 22 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა.
2013 წლის 20 მარტს მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას, ინტერნეტჟურნალ „ამბიონთან“ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი მთავარი ინსტრუმენტია საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განსახორციელებლად. ფონდის შემომწირველია ორი კერძო სამართლის იურიდიული პირი: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“. სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით „ფონდმა ქართუ“ ზემოაღნიშნული პროექტების განსახორციელებლად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში გადარიცხა 192,3 მლნ. ლარი, ხოლო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში - 11 მლნ. ლარი.
პროექტის იმპლემენტაციის სრულმასშტაბიანი მონიტორინგი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არ განხორციელებულა, ამდენად ჩვენი კვლევა მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში პროგრამის ფარგლებში, რომელშიც საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ინვენტარის 884 სარეალიზაციო პუნქტი იყო ჩართული, ჩატარებული შემოწმების შედეგად პროექტიდან 75 მაღაზია მოიხსნა. სხვადასხვა დარღვევის გამო, საერთო ჯამში 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა 392 მაღაზიას.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა იმ ფერმერთა დაფინანსებას გულისხმობდა, ვინც საკუთრებაში 5 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის ნაკვეთს ფლობდა. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 710 385 ბენეფიციარმა მიიღო 195 545 543 ლარის ჯამური ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი. აქედან, კომბინირებული ბარათები 431 059 ბენეფიციარმა მიიღო, რაზეც ბარათებზე სულ 134 970 103 ლარი დაიხარჯა, აქედან 55 575 925 ლარი ხვნასა და დადისკვაზე მოდიოდა, 79 394 178 ლარი კი ბარათებზე ირიცხებოდა. სხვადასხვა ღირებულების ნომინალური ბარათები კი 279 326 ბენეფიციარმა მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებაა 60 575 440 ლარი.
სხვადასხვა ღირებულების ნომინალური ბარათები კი 279 326 ბენეფიციარმა მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებით 60 575 440 ლარი.
ჯამურად გაცემულ თანხას ბენეფიციარების რაოდენობაზე თუ გავყოფთ, მივიღებთ, რომ თითო ბენეფიციარმა საშუალოდ 275 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი მიიღო. კომბინირებული ბარათის ღირებულება საშუალოდ 313 ლარს, ნომინალურისა კი - 217 ლარს შეადგენდა.
კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათები იმ ბენეფიციარებმა მიიღეს, რომლებსაც საკუთრებაში 0,25-1,25 ჰა სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი აქვთ. კომბინირებული ბარათი 510 ლარია 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით. ანუ, ბენეფიციარმა, რომელსაც 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს, 127,5 ლარის ღირებულების ვაუჩერი მიიღო, ხოლო 1,25 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელმა ბენეფიციარმა სულ 637,5 ლარი მიიღო. კომბინირებული ბარათი ორი კომპონენტისგან შედგება:
- ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება - 210 ლარი 1 ჰა-ზე
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარი 1 ჰა-ზე.
ბენეფიციართა ყველა სხვა კატეგორიამ ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათი მიიღო. 0,25 ჰა-ზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეებმა, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, 100 ლარის ღირებულების ბარათი მიიღეს. ფერმერებმა, რომლებსაც 0,25-1,25 ჰა მრავალწლიანი ნარგაობა აქვთ, 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 510 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი მიიღეს. 1,25- 5 ჰა სახნავი ფართობის, ან მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერებმა კი 640 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალური სასოფლო სამეურნეო ბარათი მიიღეს. ნომინალური ბარათებით მიღებული თანხით, ფერმერებს შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის მიღება შეეძლოთ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, 500 ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო სამეურნეო ბარათი 52 670 ფერმერმა მიიღო, რაც ბენეფიციართა საერთო რაოდენობის 7,4%-ს შეადგენს.
დასკვნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები 710341 ბენეფიციარზე გაიცა. მათ უფასოდ დაუმუშავდათ მიწის ნაკვეთი და გადაეცათ ბარათები, რომლითაც უფასოდ მიიღეს სათესლე მასალა, სასუქი, ინვენტარი და სხვა. ვაუჩერის ღირებულება დამოკიდებული იყო ბენეფიციარის საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობსა და დანიშნულებაზე. ზოგიერთ შემთხვევებში 1 ჰა მიწის ნაკვეთზე მართლაც გაიცემოდა 510 ლარის ღირებულების ვაუჩერი, თუმცა პროგრამის ბენეფიციართა უმეტესობას საკუთრებაში 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა ჰქონდა, შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე საშუალოდ 275 ლარი გაიცა და არა 500 ლარი, როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ 500 ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი 52 670 ბენეფიციარმა მიიღო. ეს კი ბენეფიციართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 7,4%-ს შეადგენს.
ამდენად, გიორგი მარგველაშვილის განცხადება: „710 ათას ფერმერს დავეხმარეთ და 500-ლარიანი ვაუჩერები მივეცით“, არის ნახევრად სიმართლე.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველად გამოქვეყნების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია მოგვაწოდა, რის გამოც სტატიის განახლება გადავწყვიტეთ.ფაქტ-მეტრის ვერდიქტი არ იცვლება.