შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვრის თვის რეგისტრირებულ დანაშაულთასტატისტიკაგამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის იანვრის მონაცემებსაც მოიცავს, რაც ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
2018 წლის იანვრის კრიმინალური ქრონიკა, რომელსაც საზოგადოება მედიასაშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებდა თვალს, სტატისიკაშიც სათანადოდ აისახა (იხ. ფაქტ-მეტრისსტატია). კერძოდ, 2018 წლის იანვარში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვი 824 ერთეულით გაიზარდა. ამასთან, შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი (2018 წელს - 29.52%, 2017 წელს - 38.48%).
აღსანიშნავია, რომ 2013-2018 წლებში, იანვრის თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ წელს დაფიქსირდა (4 410 დანაშაული).
გრაფიკი 1:2013-2018 წლებში იანვრის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა
წინა წლებთან შედარებით 2018 წლის იანვარში თითქმის ყველა სახის დანაშაულის მატება შეინიშნება. კერძოდ, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი სიცოცხლის წინააღმდეგ (63 ერთეულით გაიზარდა), ჯანმრთელობის წინააღმდეგ (343 ერთეულით), ადამიანის უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ (79 ერთეულით), ოჯახისა და არასრულწლოვანის წინააღმდეგ (5 ერთეულით), საკუთრების წინააღმდეგ (549 ერთეულით) მიმართული დანაშაულები.
2018 წლის იანვარში კვლავ შენარჩუნებულია ნარკოტიკული დანაშაულების კლების ტენდენცია (2017 წლის იანვართან შედარებით 257 ერთეულით იკლო). ამასთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულმა (74 ერთეულით) და სატრანსპორტო დანაშაულებმა (18 ერთეულით).
ცხრილი 1: 2013-2018 წლების იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა დანაშულის ძირითადი სახეობების მიხედვით
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | |
საერთო რაოდენობა | 3 927 | 3 768 | 3 062 | 3 183 | 3 586 | 4 410 |
სიცოცხლის წინააღმდეგ | 187 | 141 | 109 | 148 | 159 | 222 |
ჯანმრთელობის წინააღმდეგ | 453 | 311 | 366 | 456 | 432 | 775 |
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ | 79 | 32 | 47 | 39 | 57 | 136 |
დანაშაული ოჯახისა და არასრუწლოვანის წინააღმდეგ | 2 | 1 | 1 | 1 | 1 | 6 |
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ | 1 555 | 1 121 | 901 | 1 079 | 1 231 | 1 780 |
დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ | 230 | 189 | 165 | 159 | 222 | 148 |
ნარკოტიკული დანაშაული | 560 | 1 219 | 538 | 408 | 484 | 227 |
სატრანსპორტო დანაშაული | 422 | 400 | 434 | 461 | 485 | 467 |
სამოხელეო დანაშაული | 106 | 31 | 24 | 30 | 39 | 49 |
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ | 162 | 103 | 279 | 155 | 182 | 224 |
როგორც ცხრილიდან ირკვევა, 2018 წლის იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა სახეობების უმრავლესობა არა მხოლოდ 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს აჭარბებს, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული, ნებისმიერი წლის მონაცემებს. მაგალითად, სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელთა შემთხვევაში ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი და ამავე დროს საგანგაშოა.
გრაფიკი 2: 2013-2018 წლებში იანვრის თვეში რეგისტრირებულ, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სტატისტიკა
გრაფიკი 3: 2013-2018 წლების იანვრის თვეში რეგისტრირებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სტატისტიკა
მართალია სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, თუმცა მნიშვნელოვანია თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულების ხაჯზე მოხდა მათი ზრდა. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებში (სულ 222) უმეტესი წილი თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებზე მოდის (180 შემთხვევა). საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობის 5, დამამძიმებელ გარემოებებში გაზნრახ მკვლელობის 3, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობის (როგორც 108-ე ასევე 109-ე მუხლებით) 10 შემთხვევა დაფიქსირდა.
ცხრილი 2: 2013-2018 წლებში იანვრის თვეში რეგისტრირებულ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა ჩაშლილი კონკრეტული დანაშაულების მიხედვით
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | ||
სულ რაოდენობა | 187 | 141 | 109 | 148 | 159 | 222 | |
მათ შორის | |||||||
1 | განზრახ მკვლელობა (მ.108) | 9 | 5 | 5 | 13 | 7 | 5 |
2 | განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (მ.109) | 1 | 2 | 3 | 0 | 0 | 3 |
3 | მკვლელობის მცდელობა(მ.19-108) | 15 | 7 | 6 | 4 | 7 | 7 |
4 | მკვლელობის მცდელობა(მ.19-109) | 3 | 1 | 1 | 1 | 1 | 3 |
5 | თვითმკვლელობამდე მიყვანა (მ.115) | 134 | 110 | 74 | 106 | 119 | 180 |
6 | სხვა დანარჩენი (მ.110-116) | 25 | 16 | 20 | 24 | 25 | 24 |
რაც შეეხება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს (სულ 1 780), მათი უმეტესი წილი ქურდობაზე (1 432 შემთხვევა), ძარცვასა (19) და ყაჩაღობაზე (26) მოდის.
საინტერესოა ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევათა უფრო დეტალური ანალიზი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულ 1 432 შემთხვევიდან, ბინაში შეღწევით ქურდობის 179, ხოლო საცავში ან სადგომში შეღწევით ქურდობის 342 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ყაჩაღობის შემთხვევებს, იანვრის თვეში სულ რეგისტრირებული 26 შემთხვევიდან ბინაში შეღწევით 5, ხოლო საცავში ან სადგომში შეღწევით 1 ყაჩაღობა განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების პარალელურად, სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ იანვრის თვის სისხლის სამართლის სტატისტიკისანგარიშიგამოაქვეყნა, რომელშიც სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები არც ამ შემთხვევაში ასახულა. შეგახსენებთ, რომ შსს-მ აღნიშნული მონაცემების მიწოდებისა, ხოლო საქსტატმა მის ერთიან ყოველთვიურ ანგარიშში გამოქვეყნების ვალდებულება, 2010 წელს გაფორმებულიმემორანდუმითაიღეს.
ამასთან, საინტერესოა 2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ „სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულიგანკარგულება. აღნიშნული განკარგულება, წინამორბედი განკარგულებების მსგავსად იმეორებს სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიან ანგარიშში შსს-ს მონაცემების გამოქვეყნების ვალდებულებას და განსაზღვრავს სამინისტროს მიერ ინფორმაციის მიწოდების მოცულობას, მიწოდების პერიოდულობასა და ვადებს (იხ. ფაქტ-მეტრისკვლევა).
განკარგულების თანახმად, სამინისტრომ საქსტატს მონაცემები უნდა მიაწოდოს ყოველთვიურად, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს.
რაც შეეხება თავად მონაცემებს, ის უნდა იყოს არა იმ სახის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, არამედ მემორანდუმით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი ანგარიში, რომელსაც უნდა ერთვოდეს ცხრილები.
სამწუხაროდ, 2018 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნებული სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიში კვლავ მეორე თავით - პროკურატურის მონაცემებით იწყება და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები არც ამ საანგარიშო პერიოდში ასახულა.