პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა: "34%-ით შემცირდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების რაოდენობა 2014 წელს. 2009-2010 წლებში იყო თითქმის 100%-იანი პატიმრობის დაკმაყოფილება, ყოველ შემთხვევაში, 90%-იანი მაინც. შემცირება 2013 წლიდან დაიწყო".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის199-ე მუხლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა. პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრ სახეობად ითვლება და ბრალდებულს არ უნდა შეეფარდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების, ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.
ეკა ბესელია მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. ის კონკრეტულად ასახელებს 2009 და 2010 წლებს, როდესაც ეს მაჩვენებელი 90-დან 100%-მდე მერყეობდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა. საპასუხო წერილით, ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ 2009-2015 წლებში პატიმრობის შუამდგომლობების განხილვის შედეგების შესახებ სტატისტიკამივიღეთ.
წელი | პატიმრობის შუამდგომლობა | დაკმაყოფილებული შუამდგომლობები | პროცენტული მაჩვენებლი |
2009 | 8 713 | 8 198 | 94% |
2010 | 8 761 | 8 109 | 92.5% |
2011 | 6 948 | 6 558 | 94% |
2012 | 4 154 | 3 819 | 92% |
2013 | 5 222 | 3 413 | 65% |
2014 | 7 176 | 4 365 | 60% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2009 წელს პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის 8 713 შუამდგომლობიდან სასამართლომ 8 198, ანუ 94% დააკმაყოფილა. 2010 წელს კი, პატიმრობის 8 761 შუამდგომლობიდან 8 109 დაკმაყოფილდა, რაც 92.5%-ია. 2011 და 2012 წლებში ზემოაღნიშნული მაჩვენებელი, შესაბამისად 94% და 92% იყო.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2013 წლიდან წინასწარი პატიმრობის გამოყენების რაოდენობამ შემცირება დაიწყო, ხოლო 2014 წელს ის 34%-ით შემცირდა. 2013 წელს 5 222 შუამდგომლობიდან 3 413 დაკმაყოფილდა, რამაც 65% შეადგინა. შესაბამისად, ცხადია, რომ წინა წლებთან შედარებით წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი შემცირდა. 2014 წელს კი, პატიმრობის 7 176 შუამდგომლობიდან სასამართლომ 4 365 დააკმაყოფილა, რაც 60%-ს შეადგენს.
2015 წლის 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. საია აღნიშნავს,რომ: "მოსამართლეები უფრო ხშირად უფარდებენ ბრალდებულებს გირაოსა და პატიმრობისაგან განსხვავებული აღკვეთის ღონისძიებებს. კერძოდ, ბრალდებულთა 6%-ს აღკვეთის ალტერნატიული ღონისძიება შეეფარდა, 3% კი სხდომის დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. ამავე დროს, გაზრდილია პატიმრობის შეფარდების თაობაზე განჩინებების დასაბუთებულობის ხარისხი".
თუმცა, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) მიერ 2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიში.მასში, ეუთო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კანონმდებლობაში ასახოს წინასწარი პატიმრობის პერიოდული გადახედვის მექანიზმები, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გაგრძელების თაობაზე მტკიცების ტვირთი ბრალმდებლის მხარეს იქნება. ამგვარად, თავიდან იქნება აცილებული პრაქტიკა, სადაც წინასწარი პატიმრობა ავტომატურად მაქსიმალურ ვადამდე – 9 თვემდე გრძელდებოდა.
2014 წლის პირველი ოქტომბრის რეზოლუციაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიუთითებს, რომ პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც უკიდურესი ღონისძიება და დაუშვებელია მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ, 2014 წლის 4 ივლისს გამოქვეყნებულ სისხლის სამართლის ანგარიშშისაუბარია, რომ ქართულ კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ხარვეზი სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 9 თვიანი პატიმრობის საერთო ვადის ამოწურვამდე, ახალი ბრალდების წარდგენის შემთხვევაში, 9 თვიანი პატიმრობის ათვლა ხელახლა იწყება. ამის ერთ-ერთი მაგალითი გიგი უგულავას საქმეა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული თითქმის 1 წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული ისე, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა.
დასკვნა
ეკა ბესელიას განცხადების შესაბამისად, 2009 და 2010 წელს პატიმრობის შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 94% და 92% იყო. 2013 წლიდან აღნიშნული მონაცემი 65%-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს 60% შეადგინა. 2009 და 2010 წლებთან შედარებით, ეს რიცხვი 34 და 31 პროცენტით დაბალია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება არის სიმართლე.