წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით: „2 წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა. ყოველ წელს 800 ათასი გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. ამაში 300 მილიონამდე ლარია დახარჯული... გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 48 მილიონ ლარამდე ღირებულების შხამქიმიკატები, 54 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვენტარი. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. 2013 წლის მარტიდან გაცემულია 492 მილიონი ლარის 21.4 ათასი აგროკრედიტი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
2013 წელს განხორციელებულ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისა“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.საქართველოში, სულ, საგაზაფხულო ნათესის ფართობმა 2013 წელს 258.2 ათასი ჰა, 2014 წელს კი – 264.3 ათასი ჰა შეადგინა. 2012 წელს, პროექტის ამოქმედებამდე, საგაზაფხულო ნათესების ფართობი სულ 205.5 ათასი ჰექტარი იყო.
2013წელს „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში 207,3 ათასი ჰა მიწის ფართობი დამუშავდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს პროექტის ფარგლებში 216,4 ათასი ჰა მიწის ფართობი მოიხნა. ამდენად, პროექტის ორწლიანი მიმდინარეობის განმავლობაში სულ 423,7 ჰა მიწის ფართობი დამუშავდა. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ორი წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა, სიმართლეა.
ამავე ანგარიშში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოველ წელს, სახელმწიფოსგან დახმარებას 800 ათასი გლეხი იღებს.
2013 წელს „საგაზაფხულო პროექტის“ ფარგლებში დახმარება 710 ათას ბენეფიციარს გაეწია, რომელთა მფლობელობაში 5 ჰა-ზე ნაკლები მიწის ნაკვეთი იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად,პროექტის განხორციელებისას გაირკვა, რომ ასეთი ფერმერების ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდა სიებში და შესაბამისად, სარგებელი ვერ მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და პროექტის მართვის სააგენტომ ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით დააზუსტა პოტენციური ბენეფიციარების სია. ამდენად, 27 თებერვალს, როდესაც 2014 წლის საგაზაფხულო პროექტი სულ რამდენიმე კვირის დაწყებული იყო, საქართველოს მთავრობის ვარაუდით, ბენეფიციარების რაოდენობა დაახლოებით 800 ათასი უნდა ყოფილიყო, თუმცა, საბოლოო მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. აგრო ბარათი 627 ათას ბენეფიციარს დაურიგდა.
ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ის ნაწილიც გადავამოწმეთ, სადაც ის ამბობს, რომ სახელმწიფომ „მცირემიწიან ფერმერთა პროგრამის“ შესრულებისას 300 მლნ ლარი დახარჯა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის თანახმად, ამ პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს 195.5 მლნ ლარის ღირებულების დახმარება გაიცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს ამ პროექტის ფარგლებში 69.3 მლნ ლარია დახარჯული. ამდენად, პროგრამაზე ორი წლის განმავლობაში 264.8 მლნ ლარი დაიხარჯა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ნაწილობრივ დაფინანსებას „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს და პროექტის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გრანტის სახით თანხას გამოუყოფს. ფონდი სააგენტოსთან ხელშეკრულებას დებს და პროექტის განხორციელების მონიტორინგს ატარებს. ფონდი „იაფი აგროკრედიტის პროექტს“ სრულად აფინანსებს.აღნიშნული ფონდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი „ქართუ ჯგუფია“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლის სექტემბერში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს გაფორმებული ჰქონდა ხელშეუკრულებები ფონდ „ქართუსთან“ და მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან“. მაგალითად, 2013 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, ფონდ „ქართუს“ ამ პროგრამების დასაფინანსებლად გადარიცხული ჰქონდა 192.3 მლნ ლარი, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს“ კი – 11 მლნ. ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების ანგარიშის თანახმად, 2014 წელს პირველ სამ კვარტალში „მცირემიწიან ფერმერთა პროგრამის“ ფარგლებში, სამინისტრომ 50 მლნ ლარი აითვისა (პროგრამა მთლიანად 69.3 მლნ ლარი დაჯდა), „იაფი კრედიტის პროგრამის“ ფარგლებში სამინისტრომ 55.8 მლნ. ლარი აითვისა.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 176 მლნ. ლარი დახარჯა. 2014 წლის პირველ სამ კვარტალში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეულმა ხარჯებმა 156.8 მლნ. ლარი შეადგინა. 2013წელს აღინიშნებოდა სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა. ამ წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი 157 მლნ. ლარით (11.3%-ით) გაიზარდა. 2014 წლის პირველ სამ კვარტალში კი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ჯამში 227 მილიონი ლარი დახარჯა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდამ მხოლოდ 14 მლნ. ლარი შეადგინა (1.3 %-იანი ზრდა).
ამავე ანგარიშში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ფერმერებისთვის სათესლე მასალის, შხამქიმიკატებისა და სასოფლო ინვენტარის გადაცემაზეც საუბრობს. „მცირემიწიან ფერმერთა პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში გაიცა 9.5 მლნ ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 52.4 მლნ ლარის ღირებულების შხამქიმიკატები და 61.2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, რაც მცირედ განსხვავდება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული სტატისტიკისგან (შესაბამისად 9.48 და 54 მლნ ლარი).
თავის გამოსვლაში პრემიერმა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ შესახებაც ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია,რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, მეწარმეთა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროექტს აფინანსებს „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ და ახორციელებს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 23.9 ათას ფერმერზე გაცემულია 623.7 მლნ ლარის კრედიტი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სააგენტოს მიერ საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსების სახით 2013 წელს გადახდილია 4.1 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს – 18.3 მლნ ლარი.
დასკვნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ორწლიანი მიმდინარეობის ფარგლებში სულ 423,7 ჰა მიწის ფართობი დამუშავდა. ამდენად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ორი წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა, სიმართლეა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველ წელს 800 ათასი გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან და ამაში 300 მილიონამდე ლარია დახარჯული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს დახმარებბა გაეწია 710 ათას ბენეფიციარს, 2014 წელს კი - 627 ათასს. ამ ორი წლის განმავლობაში პროგრამაზე 264.8 მლნ ლარი დაიხარჯა.
ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში „მცირემიწიან ფერმერთა პროგრამის“ ფარგლებში გაიცა 9.5 მლნ ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 52.4 მლნ ლარის ღირებულების შხამქიმიკატები და 61.2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ბოლო ნაწილი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას ეხება. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში 21.4 ათას ბენეფიციარზე გაცემულია 492 მლნ ლარის აგროკრედიტი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი – 23.9 ფერმერმა 623.7 მლნ ლარის კრედიტი მიიღო. შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარების და გაცემული კრედიტების ოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე პრემიერ-მინისტრმა დაასახელა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.