პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა მარიამ რამინაშვილმა, კურიერის ეთერში, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა: „16 000 სერთიფიცირებული პედაგოგიდან, რომელთაც ვითომ ხელფასი მოუმატეს და მათი ანაზღაურება 800 ლარის და მეტის ტოლია, ყოველ შემთხვევაში ასეთ განაცხადს აკეთებს მინისტრი და მთავრობაც, ჩვენი პარტიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, შეგვიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ 8 000 პედაგოგს აქვს მაქსიმალური დატვირთვა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ ეს რაოდენობა იღებს 16 ათასი სერთიფიცირებული მასწავლებლიდან მაქსიმალურ ანაზღაურებას“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების წინ პედაგოგებთან შეხვედრაზე აცხადებდა, რომ პედაგოგების ხელფასების ზრდა 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდებოდა. განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც ამბობდა,რომ 2017 წლიდან სკოლის პედაგოგთა ხელფასი საშუალოდ 800 ლარს მიაღწევდა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამისმიხედვითაც (გვ. 35), 2017 წლის პირველი იანვრიდან, პედაგოგების ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდებოდა და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში 58 535 პედაგოგი მუშაობს. პედაგოგები ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილნი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგი. მათგან 43 ათას (74%) პედაგოგს პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსი აქვს. უფროსის სტატუსის მქონე 15 400 პედაგოგია, წამყვანის სტატუსი 135 პედაგოგს აქვს, მენტორის სტატუსი კი ჯერჯერობით არავის აქვს მინიჭებული.
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებით,საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა. აღნიშნული ბრძანებულების მიხედვით, პედაგოგთა ხელფასი მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისი იქნება.
პედაგოგთა ხელფასების ზრდის პირველი ეტაპი 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდა, მეორე ეტაპი 2016წლის აპრილიდან, ხოლო მესამე ეტაპი 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა. 2015 წელს პედაგოგების საბაზისო ხელფასი 17%-ით გაიზარდა და 357 ლარი გახდა, 2016 წლის აპრილიდან კი მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 405 ლარამდე გაიზარდა.
როგორც გაირკვა, 2017 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა არა ყველა პედაგოგის ხელფასი, არამედ მხოლოდ უფროსი და წამყვანი პედაგოგის (ასევე - მენტორთა, მაგრამ ასეთი სტატუსის მქონე პედაგოგი ჯერჯერობით არ გვყავს), რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ. უფრო სწორად, იზრდება არა ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან უფროსი პედაგოგის დანამატი 140 ლარით გაიზარდა და 320 ლარი გახდა (ხელზე ასაღები 256 ლარი), წამყვანი პედაგოგის დანამატი 230 ლარით გაიზარდა და იანვრიდან 500 ლარია (ხელზე ასაღები 400 ლარი). სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კატეგორიის და დატვირთვის პედაგოგთა რაოდენობაა 8 070 (სულ უფროსი და წამყვანი პედაგოგის რაოდენობაა 15 535). ხელფასი 800 ლარი და მეტი სწორედ ამ რაოდენობის პედაგოგს გაუხდა, რაც პედაგოგთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 14%-ს შეადგენს.
მიმდინარე წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 656 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც მასწავლებელთა გარკვეული კატეგორიისთვის ხელფასების მატებას და მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს ითვალისწინებს.
დასკვნა 2017
წლის პირველი იანვრიდან სტატუსთან მიბმული დანამატი მხოლოდ სრული დატვირთვის მქონე უფროს და წამყვან პედაგოგს გაეზარდა. ასეთთა რიცხვი მხოლოდ 8 070-ა, რაც პედაგოგთა მთლიანი რაოდენობის 14%-ს შეადგენს. სულ, უფროსი და წამყვანი პედაგოგის სტატუსს 15 535 პედაგოგი ფლობს.
"ქართული ოცნების" პროგრამაში მითითებულია, რომ პედაგოგთა ხელფასების მატება დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება და საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, რომელი კატეგორიის მქონე პედადოგების საშუალო ხელფასი იქნება 800 ლარი. ასევე, კონკრეტიკას არ შეიცავს პრემიერის და განათლების მინისტრის განცხადებები, რამაც შთაბეჭდილება შექმნა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის პედაგოგის საშუალო ხელფასი გახდებოდა 800 ლარი და არა გარკვეული კატეგორიის პედაგოგების, როგორც ეს ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია მითითებული.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მარიამ რამინაშვილის განცხადება არის სიმართლე.