წლის 17 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ციხიდან 14 000 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა და მათთვის განკუთვნილი რესოციალიზაციის პროგრამა არ არსებობს.
ფაქტ-მეტრი ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ დაგვიანებული პასუხის გამო დეპუტატის ამ განცხადების გადამოწმება დროში გაიწელა.
ჩიორა თაქთაქიშვილმა ფაქტ-მეტრთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საყოველთაო ამნისტიის პროცესის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის მიზნით, ფართომასშტაბიანი პროექტები არ განახორციელა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მხოლოდ ერთი, საპილოტე პროექტი მომზადდა, რომელიც ყოფილ მსჯავრდებულთა ძალიან მცირე რაოდენობაზე იყო გათვლილი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან 18 645 მსჯავრდებული გათავისუფლდა, 2014 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით კი – 5 369. მათ შორის, 2013 წლის 12 იანვრიდან[1] 2014 წლის ნოემბრამდე, 8 743 მსჯავრდებული საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლელა ცისკარიშვილმა ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ფაქტ-მეტრთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადებით, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამები მათში რეციდივის (დანაშაულის განმეორებით ჩადენის) შესამცირებლადაა განკუთვნილი. თუმცა, აღნიშნულ პროგრამებს 100%-იანი შედეგი არ აქვთ, რადგან ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციას სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობები უშლის ხელს. ამასთან, ლელა ცისკარიშვილის თქმით, რეციდივი ნორვეგიასა და სხვა ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი ფიქსირდება, რომელთაც რესოციალიზაციის პროგრამების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.
2012 წელს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი შეიქმნა და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შევიდა. ცენტრისმისიის აღწერის თანახმად, მისი მიზანი საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილება, რისკ-ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაა. დანაშაულის პრევენციის ცენტრი მუშაობს როგორც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, ასევე არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამებზე და დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან.
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამა 2012 წლის დეკემბრიდან შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში აქცენტი ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაზე, პროფესიულ გადამზადებასა და შესაბამისი მიმართულებით დასაქმებაზე კეთდება.
ცენტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე იწყება. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართულობა ნებაყოფლობითია. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა მოიცავს შემდეგ სერვისებს:ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, პროფესიული უნარების შეძენასა და დასაქმების ხელშეწყობას, არაფორმალურ განათლება/ტრენინგებს, ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან მუშაობას და იურიდიულ დახმარებას.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში 2013 წელს 402, ხოლო 2014 წელს 345 ბენეფიციარი ჩაერთო. ცენტრის ინფორმაციით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებში, როგორც 2013, ასევე 2014 წელს რეციდივის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალურმა მუშაკმა, ბექა გოთუამ ფაქტ-მეტრთან ინტერვიუში ცენტრის პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების სიმცირის მიზეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პროგრამებში მონაწილეთა რაოდენობაზე ლიმიტი დაწესებული არ არის. თუმცა, მიუხედავად შეთავაზებული პროგრამებისა, პატიმრების ნაწილი უარს ამბობს მასში ჩართვაზე. დანაშაულის პრევენციის ცენტრს ამ პრობლემის მიზეზების შესწავლის მიზნით კვლევა არ ჩაუტარებია. ცენტრის წარმომადგენლის მოსაზრებით, გარდა სურვილის არ ქონისა, ყოფილი პატიმრები საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიხედვით, „მთავრობასთან კავშირს“ ერიდებიან. დანაშაულის პრევენციის ცენტრის პრესსამსახურის უფროსის, ეკა ბურჭულაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ბენეფიციართა მიმართვებმა იმატა, რაც საზოგადოებაში ცენტრის ცნობადობის ზრდითაა გამოწვეული.
დასკვნა
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში (სექტემბრის ჩათვლით) 24 014 პირი გათავისუფლდა, მათ შორის, საყოველთაო ამნისტიით – 8 743. 2012 წლიდან ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამებს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. ორი წლის განმავლობაში, ცენტრის პროგრამებში 747 ბენეფიციარი ჩაერთო, ხოლო მონაწილეებს შორის რეციდივის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საპატიმროებიდან გათავისუფლებულ პირთა რაოდენობის ფონზე რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა ძალიან მცირეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი პროგრამებში ნებაყოფლობითი მონაწილეობაა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს ყოფილ პატიმართა ნაკლები ჩართულობის მიზეზების შესასწავლად ჯერჯერობით კვლევა არ ჩაუტარებია.
ფაქტ-მეტრი აცნობიერებს, რომ ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლებას შეუძლია ყოფილი მსჯავრდებულები აიძულოს, რესოციალიზაციის პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, არ არსებობს. თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით ასეთი მასშტაბური ამნისტიის პირობებში, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამებს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიქცეოდა და ხელისუფლება უფრო მზად უნდა ყოფილიყო ამ პრობლემის ეფექტიანი მოგვარებისათვის. ცენტრის მიერ განხორციელებულ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა მცირე რიცხვი გვაფიქრებინებს, რომ ამ პროგრამების დასახვეწად ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, თუნდაც ფართო პიარ კამპანიის და ინფორმაციის მიზნობრივ ჯგუფებამდე მიტანის თვალსაზრისით.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
„კანონი ამნისტიის შესახებ“ 2013 წლის 12 იანვარს გამოქვეყნდა