მიმდინარე წლის 7 მაისს, მთავრობის განახლებული შემადგენლობის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ვაშაძე ლარის დევალვაციის საკითხს შეეხო. "ნუთუ არ გრცხვენიათ, როცა ცრუობთ და საუბრობთ, რომ მხოლოდ რეგიონის პრობლემა არისო ლარის კრიზისი, უკრაინაში მყარდება გრივნა, რუსეთში მყარდება რუბლი და საქართველოში ლარის კურსი ისევ და ისევ ეცემა, ეს არის პრობლემა" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფაქტ-მეტრმა დეპუტატის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ლარის გაცვლითი კურსი განსაკუთრებულად აქტუალური 2014 წლის ნოემბრის მეორე ნახევრიდან გახდა, როდესაც ერთ თვიან მონაკვეთში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 15 თეთრით (8.6%) გაუფასურდა, ხოლო 2015 წლის თებერვლიდან, დევალვაციის ახალი ტალღის შედეგად, 2.2-იან ნიშნულს გადასცდა. ხანმოკლე გამყარების შემდეგ, ლარი გაუფასურების ტენდენციას ისევ დაუბრუნდა. სახელისუფლებო გუნდი დევალვაციის მიზეზად საგარეო ფაქტორებს და რეგიონში არსებულ ვითარებას ასახელებს.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის დოლარზე მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმით დარეგულირებას გულისხმობს. გასული წლის ბოლოდან დღემდე, ლარის გაცვლითი კურსის დაცემა ძირითადად დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირებითაა (სავაჭრო დეფიციტის ზრდა, ფულადი გზავნილების შემცირება, ტურიზმის შემცირება და ა.შ.) გამოწვეული. ამასთან, ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას. გარკვეულ პერიოდებში, ლარზე უარყოფითად იმოქმედა ლარის მასის ზრდამაც. მაგალითად, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის ოდენობა 2014 წლის დეკემბერში 241 მლნ ლარით, ხოლო სარეზერვო ფულის მოცულობა 450 მლნ ლარით გაიზარდა. ლარის მიწოდების ზრდაზე და შესაბამისად, ვალუტის დევალვაციაზე გავლენა, ნაწილობრივ ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც იქონია. ლარის დოლარის მიმართ გაუფასურება როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორებითაა განპირობებული. დევალვაციის მიზეზებზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ. ბმული).

დოლართან მიმართებით რუსული რუბლის გაუფასურების პროცესი 2014 წლის 6 აგვისტოს დაიწყო. წლის ბოლომდე რუბლი 67%-ით (24 რუბლით) გაუფასურდა. 2015 წლის 3 თებერვალს კი, რუსული ვალუტის კურსი მინიმუმამდე დავიდა და 1 დოლარზე 69.6 რუბლი შეადგინა. ამ ვარდნის შემდეგ რუბლი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა და 7 მაისისთვის ის 50-ს გაუტოლდა.

გრაფიკი 1:

რუბლის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ

image001

დოლართან მიმართებაში უკრაინული გრივნას გაცვლითი კურსის დინამიკა მეტ-ნაკლებად რუსული რუბლის შემთხვევაში არსებულ ტენდენციებს იმეორებს. 2014 წლის II კვარტლის ბოლომდე, გრივნას გაცვლითი კურსი დოლართან 11 ერთეულის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, აგვისტოს დასაწყისიდან გაუფასურებამ 2 გრივნა შეადგინა და გაცვლითი კურსი დოლარზე 13 გრივნას გაუტოლდა. მორიგი გაუფასურების ტენდენცია ნოემბრის დასაწყისში გამოიკვეთა და მინიმუმს (30 გრივნა) 2015 წლის 26 თებერვალს მიაღწია. მარტიდან, უკრაინული ვალუტა მკვეთრად გამყარდა და 7 მაისის მდგომარეობით კურსმა დოლართან მიმართებაში 20.6 გრივნა შეადგინა.

გრაფიკი 2:

გრივნას გაცვლით კურსი აშშ დოლარის მიმართ

image002

უკრაინული გრივნასა და რუსული რუბლისგან განსხვავებით, 2014 წლის პირველ ნახევარში ლარის გაცვლითი კურსი გამყარების ან გაუფასურების ტენდენციის გარეშე მერყეობდა. 19 ნოემბრიდან ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად შემცირდა, 2015 წლის 30 იანვარს კი მან 2.06-ს მიაღწია. მოკლევადიანი გამყარების შემდეგ, გაუფასურების ტენდენცია გამოიკვეთა და დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 7 მაისს (როცა გიორგი ვაშაძემ განცხადება გააკეთა) 2.33-ზე ჩამოყალიბდა. შესაბამისად, 2014 წლის 19 ნოემბერთან შედარებით, გაუფასურებამ 56 თეთრი (31.8%) შეადგინა. დღეის მდგომარეობით კი, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.36-ია.

გრაფიკი 3:

ლარის გაცვლით კურსი აშშ დოლარის მიმართ

image003

ასევე, აღსანიშნავია, რომ ლარის დოლართან გაუფასურების ტენდენცია ნარჩუნდება იმ პირობებშიც, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად აღარ მყარდება. მეტიც, დოლარი უფასურდება. ბოლო ორ თვეში დოლარის კურსის ინდექსი 4.5%-

ით შემცირდა. საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი კი, ლარის კურსის გაუფასურების ძირითად მიზეზად დოლარის გლობალურ გამყარებას ასახელებდა.

დასკვნა

ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში არა მარტო გარეშე ფაქტორებმა, არამედ, დიდწილად, შიდა ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას დაშვებულმა შეცდომებმაც (ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი და ბიუჯეტის არათანაბრი ხარჯვა, გამკაცრებული სავიზო რეჟიმი, სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრება ან გამკაცრებაზე საუბარი, უცხოელებზე მიწის მიყიდვის ფაქტიური აკრძალვა, ბიუროკრატიის ზრდა და სხვა) განაპირობა. ლარი 2014 წლის 19 ნოემბრიდან (1 აშშ დოლარი - 1.76 ლარი) დღემდე, დაახლოებით 60 თეთრით გაუფასურდა და განსხვავებით უკრაინული გრივნასა და რუსული რუბლისაგან, დევალვაციის ტენდენცია ბოლო თვეებშიც შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ზემოხსენებული ვალუტა საწყის ნიშნულს ჯერ არ დაბრუნებია, გაუფასურების პიკის მიღწევის შემდგომ ისინი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებენ.

ამასთან, დოლარის გლობალური გამყარების ტენდენცია ბოლო ორი თვეა გაუფასურების ტენდენციით შეიცვალა. შესაბამისად, ლარი უკვე დოლარის გლობალურად გაუფასურების ტენდენციის ფონზე უფასურდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5422 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი