გაზეთი ფაქტ-მეტრი
ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – მთავრობის გეგმები და მოსალოდნელი შედეგები
უკატეგორიოდ
1352 ნახვა
A+
A
A-

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ გავრცელდება. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას რიგი სამედიცინო დაწესებულებები გამოეთიშებიან. ცვლილებები შესაძლოა მაღალშემოსავლიან მოქალაქეებსაც შეეხოთ. მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებებით ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი თანხები არ დაიზოგება, სამაგიეროდ სადაზღვევო ბაზარი და მრავალი მოქალაქე დაზარალდება.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ცვლილებების მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სადაზღვევო ბაზების განახლება მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. მინისტრის განმარტებით, არანაირი ფუნდამენტური ცვლილება არ ხდება და თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო დაზღვევით ერთდროულად ვერ ისარგებლებდნენ. მისივე თქმით, ბაზების განახლების დასრულებამდე ადამიანების გარკვეული რაოდენობა რჩება, ვინც ორმაგი წყაროთი – კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ.

ბაზების განახლების შემდეგ, მომავალი წლიდან, მთავრობის N36 დადგენილებიდან გამომდინარე, კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებენ, რაც ჯანდაცვის მინისტრის განცხადებითაც დასტურდება.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის თებერვალში ამოქმედდა. პროგრამით მოსარგებლეები საქართველოს მოქალაქეები, ან საქართველოში სტატუსის მქონე პირები (ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე) არიან. N36 დადგენილების თანახმად, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ პირებზე საყოველთაო ჯანდაცვა არ ვრცელდება. თუ კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირს ამა თუ იმ მიზეზით დახმარება შეუწყდა, ამ შემთხვევაში ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვება და საყოველთაო ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს.

თუმცა, თუ მოქალაქე ჩართული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მას, დამატებით, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობა შეეძლო. კერძო სადაზღვევო კომპანიებმა მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის განსხვავებული პაკეტი შესთავაზეს და მომხმარებელს იმ სამედიცინო მომსახურების დაზღვევას სთავაზობდნენ, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს (მაგალითად, მედიკამენტები, სტომატოლოგია და ა.შ.).

თუ მოქალაქეები კერძო და საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევით ერთდროულად ვერ ისარგებლებენ, ეს კერძო სადაზღვევო ბაზარზე უარყოფითად აისახება.

სადაზღვევო კომპანიებს შეუმცირდებათ მომხმარებელი, რადგან, დიდი ალბათობით, უფასო სამედიცინო მომსახურების დაკარგვის შიშით, მოქალაქეები კერძო დაზღვევებზე უარს იტყვიან. ამასთან, კერძო სადაზღვევო კომპანიებს გაეზრდებათ ხარჯები, რადგან გადაუდებელი შემთხვევების დაფინანსება მხოლოდ სადაზღვევოს არ უწევდა და ხარჯების გარკვეული ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან იფარებოდა. მომხმარებლის შემცირება და ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, კერძო სადაზღვევო პაკეტის ფასს გაზრდის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კერძო სადაზღვევო ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა, რის შესახებ ადრეც ვწერდით. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების საწყის ეტაპზე ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა შემცირდა. 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კერძო დაზღვევით 534 014 ადამიანი სარგებლობდა, 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, პოლისების რაოდენობა 117 326-ით შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით 543 131 ადამიანი სარგებლობს.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, ბაზების განახლების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება ჩამოშორდეს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ცვლილება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს შეეხებოდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გაავრცელა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რიცხვი გადაჭარბებულია.

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი სარგებლობს ერთდროულად კერძო და საყოველთაო დაზღვევით, უცნობია. თუმცა, კერძო დაზღვეულთა ბაზები 2014 წლის სექტემბერში განახლდა და ცვლილება მხოლოდ იმათ შეეხება, ვინც კერძო სადაზღვევო პაკეტი 2014 წლის შემდეგ აიღეს.

ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის პოლისების რაოდენობა ჯამში 543 131-ია. აქედან 248 221 საჯარო სექტორში დასაქმებულთა კორპორატიული დაზღვევაა, ხოლო 263 680 კერძო სექტორში დასაქმებულთა კორპორატიული დაზღვევაა. 31 230 კი, ინდივიდუალური დაზღვევა. სახელმწიფო სექტორში ჯანდაცვის ხარჯები ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნაზღაურდებათ. კერძო კორპორატიული დაზღვევების შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის პოლისის ღირებულებას ძირითადად დამსაქმებელი იხდის. აღნიშნული ცვლილება ყველაზე მეტად ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტის მფლობელებს შეეხებათ. მოქალაქეები კერძო სადაზღვევო კომპანიიდან  ხშირად ჯანმრთელობის დაზღვევის განსხვავებულ პაკეტს ყიდულობენ, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს (მაგალითად, მედიკამენტები, სტომატოლოგია და ა.შ.). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი მოქალაქეები სახელმწიფოსგან დახმარებას  არ საჭიროებენ.

ბაზების განახლებით და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვით მინიმალური თანხები დაიზოგება. სამაგიეროდ, ამ ცვლილებით სადაზღვევო ბაზარი და რიგითი მოქალაქეები დაზარალდებიან.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს არ შეეხებათ, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი, შედარებით შემცირებული დაზღვევის პაკეტი ექნებათ, ყველაზე მოწყვლად ფენებს კი, ჯანმრთელობის დაზღვევის გაფართოებულ პაკეტს შესთავაზებენ, რომელიც მედიკამენტების ანაზღაურებასაც მოიცავს. ჩვენ ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ და როგორც გვითხრეს, ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილება არ იგეგმება და ეს მხოლოდ ინიციატივის დონეზეა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაგეგმილი ცვლილება საავადმყოფოების შერჩევითი კონტრაქტირებაა. ეს ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მხოლოდ ის კლინიკები განახორციელებენ, ვისაც ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს. მინისტრის განმარტებით, სელექციური კონტრაქტირება ხარისხის გასაზრდელად ერთ-ერთი მიღებული ფორმაა. უპირატესობა მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებს მიენიჭებათ. სხვა კრიტერიუმები ჯერჯერობით უცნობია. სელექციურ კონტრაქტირებას აქვს თავისი უარყოფითი მხარეც – რაც უფრო ნაკლები სამედიცინო დაწესებულება იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი, საავადმყოფოებში რიგები მით უფრო გაიზრდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე მაღალი ტემპებით იზრდება, თუმცა თანხები ყოველწლიურად მაინც აკლდება. 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 138 მლნ ლარის, 2015 წელს კი, 100 მლნ ლარის დამატება გახდა საჭირო. მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა ბოლო მონაცემებით, უკვე 613 მლნ ლარია დახარჯული. ფაქტია, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის და სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის მეტი ეფექტიანობისთვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები აუცილებელია.

პირველ რიგში, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, პროგრამაში სადაზღვევო კომპანიების ჩართვაა მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანია ფინანსურ რისკებს საკუთარ თავზე იღებს და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე პროგრამის მონიტორინგსაც ახორციელებს. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა კერძო კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ჯანდაცვის სადაზღვევო ბაზრის დიდი წილი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაზე მოდის. თუმცა, მსგავსი ცვლილება ამ ეტაპზე არც კი განიხილება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებლად სოციალური მომსახურების სააგენტო რჩება. შესაბამისად, ფინანსური რისკებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის.

ასევე მართებული იქნება, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯები არ დაფინანსდება, ვისაც ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების საკუთარი ჯიბიდან გადახდა შეუძლიათ, გამოთავისუფლებული თანხები კი, იმ ადამიანების ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება, ვისაც ჯანდაცვაზე ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. უფრო სწორი იქნება, თუ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები შემოსავლების და მათი საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

გააზიარეთ: