ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საჯაროდ გამოეხმაურა „ფაქტ-მეტრის“ სტატიას, სადაც ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადება - „სახელმწიფოსა და დარგის სპეციალისტების ძალისხმევით, ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით არის შემცირებული”, შეფასდა ვერდიქტით - „მანიპულირება“.
„ფაქტ-მეტრი“ ყოველთვის მიესალმება მკითხველისგან მიღებულ გამოხმაურებას და ღიაა, მათ შორის, ვერდიქტთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციისა და კრიტიკისათვის. ჩვენი გუნდისთვის გასაგებია, რომ შესაძლოა, თენგიზ ცერცვაძე ჩვენს შეფასებას არ ეთანხმებოდეს, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან ერთად, მის განცხადებაში „ფაქტ-მეტრის“ მიმართ უსაფუძვლო ბრალდება გაისმა. საქმიანი დისკუსიისა და არგუმენტების წარმოდგენის შედეგად, „ფაქტ-მეტრს“ ვერდიქტის ცვლილება არაერთხელ განუხორციელებია, კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკა ჩვენი რედაქციისთვის ერთ-ერთი მთავარი სტანდარტია. ამისათვის კი, უბრალოდ საჭიროა „ფაქტ-მეტრის“ ავტორებთან და რედაქციასთან საქმიანი, შინაარსზე ორიენტირებული კომუნიკაცია და არა მისი დისკრედიტაციის მცდელობა.
ბრალდება, რომ „ფაქტ-მეტრს“ C ჰეპატიტის პროგრამის დისკრედიტაციის მიზანი აქვს და მოსახლეობას არწმუნებს, რომ დღევანდელ საქართველოში და კონკრეტულად ჯანდაცვაში არ შეიძლება რაიმე კარგად კეთდებოდეს, რბილად რომ ვთქვათ, უბრალოდ მცდარია. ამას ადასტურებს „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული მასალები და ობიექტურობის უწყვეტი ათწლიანი გამოცდილება. წლებია, რაც ჩვენ C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობას ვაკვირდებით და როგორც მიღწეულ შედეგებს, ასევე პროგრამის გამოწვევებს ვაანალიზებთ. C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობაზე „ფაქტ-მეტრი“ ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა. ჩვენი მიზანია, ამ საჭირო და სასარგებლო პროგრამის შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირება და ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეული საქმიანობის გარდა, აგრეთვე, წლებია, რაც „ფაქტ-მეტრი“ C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასაც აქტიურად ებრძვის. პროგრამის გამოწვევა არა ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, არამედ ის მადისკრედიტებელი გზავნილები და დეზინფორმაციაა, თითქოს მკურნალობა უშედეგოა ან, უარესი, რომ ის საშიშ დაავადებებს იწვევს. მსგავსი დეზინფორმაცია წლებია პროგრამის განხორციელებას აფერხებს და „ფაქტ-მეტრი“ სწორედ მის გამოაშკარავებას ემსახურება (იხილეთ ამ თემაზე ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სტატია).
C ჰეპატიტის პროგრამა გამონაკლისი არაა, „ფაქტ-მეტრის“ გუნდი კოვიდპანდემიის პირველივე დღეებიდან, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით, ანტივაქცინურ დეზინფორმაციას აქტიურად ებრძოდა და ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიას ახორციელებდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლის სოფლებში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მოხდა. შედეგად, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გზით, რამდენიმე ასეული მოქალაქის ვაქცინაცია მოჰყვა.
შესაძლოა „ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტის სახელწოდება - „მანიპულირება“, მისი კონოტაციიდან გამომდინარე, მკითხველს, მათ შორის თენგიზ ცერცაძესაც, ნეგატიურად განაწყობდეს. მაშინ როდესაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებისათვის, განცხადების შეფასებისთვის ვერდიქტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მთავარი ღირებულება სტატიაში მოცემული ფაქტების სიზუსტე და სანდოობაა.
ჩვენი მეთოდოლოგიის თანახმად, ვერდიქტით „მანიპულირება
ფასდება განცხადება, როდესაც „მასში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი არის დამახინჯებული“. ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებული მაჩვენებელი ზუსტია, თუმცა, რადგან განცხადება უგულებელყოფს პროგრამის შეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვან კონტექსტს, ამიტომაც მას ვერდიქტი „მანიპულირება“ მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ თავად საქართველოს მთავრობის შემუშავებული C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველო ქვეყანაში C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირებას ისახავდა მიზნად. ამდენად, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სწორედ მთავრობის მიერ პროგრამის წარმატებით განხორციელების სამიზნე მაჩვენებლის კონტექსტში შეფასდა.
C ჰეპატიტის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) შეაფასა და „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც 67%-იან შემცირებას წარმოადგენს. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელება სამიზნე მაჩვენებელს (0,5) 3.6-ჯერ აღემატება.
თენგიზ ცერცვაძე თავის განცხადებაში მხოლოდ მიღწეულ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და ასახელებს მონაცემებს, რომელთაც არც „ფაქტ-მეტრი“ უარყოფს. პირიქით, სტატიაში ხაზგასმულია მსგავსი ფაქტები, მათ შორის, ის, რომ განკურნების მაჩვენებელი (ნამკურნალევ პირთა შორის) 99%-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მინისტრიც განცხადებაში პროგრამის გამოწვევებზე არაფერს ამბობს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების მიუხედავად, 2020 წლისთვის განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების (ინფიცირებულთა 90%-ის დიაგნოზირება, 95%-ის მკურნალობა, 95%-ის განკურნება) მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. აღნიშნული დეტალურად არის გაანალიზებული CDC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშიც და „ფაქტ-მეტრის“ სტატიაშიც, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.
მისასალმებელია, რომ პროგრამა უწყვეტად გრძელდება 2025 წლამდე. თუმცა, ფაქტია, რომ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა ვერ მოხერხდა 2020 წლამდე და ამაზე ადრე თავად ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები საუბრობდნენ და მიზეზად მოსახლეობის დაბალ ჩართულობას ასახელებდნენ. 2020 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მაშინდელმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „პირველადი პროგნოზით, C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა უნდა შეგვესრულებინა 2020 წელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 წელი დაგვჭირდება, რათა ყველა ეს ადამიანი განიკურნოს“.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შეფასების კრიტერიუმი არ ყოფილა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან აღებული რაიმე ვალდებულება. ამდენად, ბატონ თენგიზ ცერცვაძის არგუმენტი, რომ ქვეყანას 2020 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის ვალდებულება პროგრამის უცხოელი პარტნიორების წინაშე არ ჰქონია, 2020 წლისთვის საქართველოს ეროვნული სტრატეგიით აღებული სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობის ფაქტს ვერ ცვლის.
ის, თუ 2020 წლამდე სამიზნე მაჩვენებლები რატომ ვერ მიიღწა და რამ განაპირობა მოსახლეობის დაბალი ჩართულობა, ვფიქრობთ, სტატიაში გარკვევითაა მიმოხილული. პროგრამის განხორციელების საწყის ეტაპზე მთელი რიგი გეოგრაფიული თუ ფინანსური ბარიერები არსებობდა. ამჟამად კი, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ C ჰეპატიტის (მისი გავრცელებისა და დაავადების რისკების), ასევე ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება. CDC-ის ანგარიშის მიხედვით, „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის მიუხედავად, C ჰეპატიტის ვირუსზე ცნობიერების დონე შემცირდა (73%-2015 წელს და 66.1%-2021 წელს)“. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინფიცირებული პაციენტია დიაგნოზირებული, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ამ დრომდე არ არის პროგრამაში ჩართული. აღნიშნული საზოგადოებასთან შესაბამისი კომუნიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული.
„ფაქტ-მეტრი“ გააგრძელებს პროგრამის გამოწვევებისა და შედეგების ანალიზს და მზადაა, მათ შორის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძესთან, დარგის სხვა სპეციალისტებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით, C ჰეპატიტის პროგრამის მხარდასაჭერად საზოგადოების ინფორმირების ზრდაზე მუშაობა გააძლიეროს.