ზაზა ლომინაძე: „რთული მდგომარეობა იყო დიალიზის სერვისებზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რაზე საპასუხოდ დღეისათვის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში, თიანეთსა და ყაზბეგში, ლანჩხუთსა და ამბროლაურში.“
ვერდიქტი: ზაზა ლომინაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: არსებული მდგომარეობით, საქართველოში დიალიზის სერვისის მიმღებ პაციენტებს პროცედურის ჩატარება ოცდაცხრამეტ ლოკაციაზე შეუძლიათ. ხუთი მათგანი, მესტიის, თიანეთის, ყაზბეგის, ლანჩხუთისა და ამბროლაურის სერვისცენტრები, 2022 წლიდან ფუნქციონირებს. მათ გახსნამდე, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში და მათ მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დიალიზის მიღებას საჭიროებდნენ, გრძელი გზის გავლა უწევდათ. შორ გზაზე მგზავრობა კი, დამატებითი ხარჯების გარდა, პაციენტებს სხვა არაერთ უხერხულობას უქმნიდა, რის გამოც რამდენიმემ დიალიზის სერვისი ვერ მიიღო. როგორც მათი ოჯახის წევრები მედიასთან ყვებოდნენ, იყო შემთხვევები, როცა ადამიანი იმის გამო გარდაიცვალა, რომ ტრანსპორტირება ვერ მოახერხა და პროცედურა დროულად არ ჩაუტარდა.
მიმდინარე წელს, პაციენტთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში 56 000 000 ლარია გათვალისწინებული. დაფინანსება მოიცავს სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვასა და მიწოდებას, თირკმლის ტრანსპლანტაციას და ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ამავე მიზნით, 2021 წლის ფაქტის თანახმად, 49 247 900 ლარი გაიხარჯა, 2022 წლის საბოლოო გეგმამ კი 53 259 000 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტი მზარდია. ქვეყნის მასშტაბით, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით, 3 400-მდე მოქალაქე სარგებლობს.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა ლომინაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა: „რთული მდგომარეობა იყო დიალიზის სერვისებზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რაზე საპასუხოდ დღეისათვის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში, თიანეთსა და ყაზბეგში, ლანჩხუთსა და ამბროლაურში.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში არაერთმა პაციენტმა, რომელსაც დიალიზის სერვისზე ხელი არ მიუწვდებოდა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ნაწილი საქართველოს იმ ქალაქსა თუ დაბაში დასახლდა, სადაც სერვისცენტრი ფუნქციონირებდა, ხოლო ნაწილმა ქვეყანა საერთოდ დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როცა პაციენტი გარდაიცვალა, რადგან შესაბამისი მომსახურება დროულად ვერ მიიღო.
2021 წელს, ზემო სვანეთში დიალიზის ცენტრის გახსნის მოთხოვნით, „მთის ამბებმა“, ადგილობრივ სათემო ორგანიზაციასთან ერთად, ადვოკატირების კამპანია დაიწყო. მათ შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერა შეაგროვეს და საქართველოს მთავრობას პეტიციის განხილვა მოსთხოვეს. ზემო სვანეთი ერთადერთი არ იყო, სადაც პაციენტებს სერვისის მიღების პრობლემა ჰქონდათ. აღნიშნული გამოწვევის წინაშე იდგა მოსახლეობა თიანეთში, ამბროლაურში, ყაზბეგში.
2022 წლის აპრილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უწყება აქტიურად მუშაობდა, რათა შვიდ ქალაქში დიალიზის სერვისის მიწოდება შესაძლებელი ყოფილიყო. იმავე წლის 2 მაისს მესტიაში პროცედურა ორმა პაციენტმა ჩაიტარა. 6 აგვისტოს ცენტრი ამბროლაურში ამოქმედდა, 13 დეკემბერს ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტების მიღება ლანჩხუთში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გახდა შესაძლებელი, ხოლო დეკემბრის ბოლოს დიალიზის სერვისცენტრები თიანეთსა და ყაზბეგში გაიხსნა.
არსებული მდგომარეობით, დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული) სერვისის მიღება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია 39 მისამართზე. აქედან ათი თბილისში ფუნქციონირებს. სერვისცენტრების ზუსტი ადგილმდებარეობის ნახვა შეგიძლიათ აქ.
რაც შეეხება დიალიზის სახელმწიფო პროგრამას, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, პაციენტთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფისთვის, 56 000 000 ლარია გამოყოფილი (პროგრამული კოდი: 27 03 03 04). დაფინანსება მოიცავს სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვასა და მიწოდებას, თირკმლის ტრანსპლანტაციას და ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ამავე მიზნით, 2021 წლის ფაქტის თანახმად, 49 247 900 ლარი გაიხარჯა, 2022 წლის საბოლოო გეგმამ კი 53 259 000 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტი მზარდია. „მთის ამბების“ ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით, 3 400-მდე მოქალაქე სარგებლობს.