მცდარი
ბექა ნაცვლიშვილი:
წინა მთავრობის დროს საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იმიტომ იზრდებოდა, რომ მსოფლიო ეკონომიკა იზრდებოდა ორჯერ უფრო ძლიერად, ვიდრე ახლა
ირაკლი აბესაძე:
2012 წელს ეკონომიკა გაიზარდა 6.4%-ით, 2013 წელს დავარდა 3.2%-ზე და შემდეგ 3%-იც აღარ გამხდარა. 2012-13 წლებში მსოფლიოში არავითარი კრიზისი არ ყოფილა, ჩვენთან კი მხოლოდ მთავრობა შეიცვალა
მეტწილად სიმართლე
1735 ნახვა
A+
A
A-

24 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი და „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე მსჯელობდნენ. დებატებში პარლამენტარებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემების მსოფლიოს ჯამურ მაჩვენებლებთან მიმართებაზე ისაუბრეს. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 2007 წლამდე, საქართველოს ეკონომიკის ზრდა მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი ზრდით იყო განპირობებული, ხოლო, ბოლო წლებში ეს ზრდა შენელდა, რამაც საქართველოზეც იმოქმედა. ირაკლი აბესაძემ კი განაცხადა, რომ 2013 წელს მსოფლიოში ისეთი კრიზისი არ ყოფილა, რასაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეენელებინა და ეს ტენდენცია საქართველოს მთავრობის შეცდომებმა გამოიწვია.

ფაქტ-მეტრი პოლიტიკოსების განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

მსოფლიო ეკონომიკისა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის მონაცემებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ფონდის მონაცემებით, 2004-2014 წლებში საქართველოს მშპ-ის ზრდა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს ძირითადად აჭარბებდა. გამონაკლისი მხოლოდ 2008 და 2009 წლები იყო, როცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ნიშნული მსოფლიოს ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 და 3.6 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა. 2013 წელს საქართველოსა და მსოფლიოს მშპ-ის ზრდის მონაცემები თანაბარი იყო. 2015-2016 წლებში კი მოცემული ტენდენცია შეიცვალა. როგორც 2015, ისე 2016 წელს, მსოფლიოს ჯამურ მაჩვენებლთან შედარებით საქართველოში დაბალი ზრდა დაფიქსირდა.

 

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მსოფლიოში, 2004-2016 წლებში

image001

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

2004-2007 წლებში მსოფლიოს ეკონომიკა საშუალოდ 5.4%-ით იზრდებოდა, 2013-2016 წლებში კი 3.4%-ით, ანუ 1.6-ჯერ უფრო ნელი ტემპით. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკის მხოლოდ მსოფლიოში არსებული ტენდენციით ახსნა მართებული არ არის.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ჯამური ღირებულებაა, შესაბამისად, გარდა მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელიც ბუნებრივად ახდენს გარკვეულ გავლენას ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მშპ-ის მაჩვენებლის გაუმჯობესება დამოკიდებულია კომპლექსურ საშინაო ფაქტორებზე, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ამდენად, მოსაზრება საქართველოს მშპ-ის ზრდის მაღალი ან დაბალი მაჩვენებლის მსოფლიოს ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობით ცალსახა განპირობებულობის შესახებ, არასწორია.

2013-2015 წლებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი თითქმის იგივე იყო, რაც 2012 წელს (3.5%), მაგრამ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 6.4%-დან 3.6%-მდე (2013-2015 წლების საშუალო ზრდა) შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის და ნავთობზე ფასების დაცემის გამო, 2014 წლის ბოლოდან საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამას უარყოფითი გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე 2015-2016 წლებში. თუმცა, 2013-2014 წლების ეკონომიკური ზრდა ცალსახად ჩვენი შიდა პოლიტიკის გამო იყო შემცირებული (მაგალითად, შეჩერდა ან გადაიდო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, აიკრძალა მიწის უცხოელებზე გაყიდვა, დროებით გაუარესდა სავიზო რეჟიმი, გამკაცრდა რეგულაციები, მუდმივი საუბარია შემდგომ გამკაცრებაზე და ა.შ.).

ირაკლი აბესაძის მიერ დასახელებული 2012 და 2013 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები თითქმის ზუსტია, თუმცა მისი ფრაზა, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოს მშპ-ის ზრდის მონაცემი 3%-ზე მაღალი არასოდეს ყოფილა, არასწორია. 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა.

 

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ 2004-2007 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 1.6-ჯერ მეტად სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე 2013-2016 წლებში, 2004-2007 წლებში ჩვენი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მაინც აჭარბებდა (1.8-ჯერ) მსოფლიო ეკონომიკის ზრდის დონეს. 2013-2016 წლებში კი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მხოლოდ 2014 წელს გადააჭარბა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპს.

2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება შიდა პოლიტიკით იყო განპირობებული და არა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის გაუარესებით (ასეთი რამ არ მომხდარა). 2015 წლიდან კი, საგარეო სიტუაცია მართლაც გაურესდა, განსაკუთრებით საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რაც ჩვენზეც უარყოფითად აისახა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბექა ნაცვლიშვილის განცხადება არის მცდარი, ხოლო ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: