„მთავრობის ფორმირებისთვის ჩვენ არ დაგვჭირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა. სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ მყარი უმრავლესობით მოვიგებთ არჩევნებს“, - ასეთი მოლოდინი აქვს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩუგოშვილს, რომელიც მმართველი პარტიის სიის ხუთეულშია და ამასთანავე, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედაც მოიაზრება, თუმცა, ამ თემაზე მას ჯერჯერობით საუბარი არ სურს.

რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს საარჩევნო პროცესში, როგორია რუსეთის მხრიდან ქვეყანაში ესკალაციის შესაძლებლობა მმართველი გუნდისთვის, შეიცვლება თუ არა მმართველი გუნდის პოლიტიკური კურსი საგარეო პოლიტიკაში და ქვეყნის შიგნით რომელ ძალებს განიხილავენ პარტნიორებად? ამ საკითხებზე თამარ ჩუგოშვილს ვესაუბრეთ.

- წინასაარჩევნო გარემოს როგორ აფასებთ, რამდენად პრობლემურია?

- წინასაარჩევნო გარემო, ყველა დამკვირვებლის შეფასებით, მათ შორის ევროსაბჭოსა და IRI-ს შეფასებით, არის მშვიდი და სამართლიანი. საკმაოდ კონკურენტული არჩევნებია, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება და სათანადო საკანონმდებლო გარემო. არის გარკვეული მცირედი დარღვევები, თუმცა, ეს საერთო საარჩევნო გარემოზე გავლენას ვერ ახდენს.

- რით განსხვავდება 2016 წლის საარჩევნო გარემო 2012 წლის საარჩევნო გარემოსგან?

- ვფიქრობ, 2016 წლის საარჩევნო გარემოს შედარება 2012 წელთან არც კი შეიძლება, იმდენად თვისობრივად განსხვავებული, მშვიდი და სამართლიანია ამჟამად პროცესი. 2012 წელს მთავარი პრობლემები იყო ძალოვნების უხეში, პოლიტიკური ჩარევები პოლიტიკურ პროცესში; ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრება; თითქმის სრულად კონტროლირებული მედიაგარემო; საჯარო მოხელეების იძულება, რომ მმართველი გუნდისთვის მიეცათ ხმა მათ და მათი ოჯახების წევრებს; უსამართლო ჯარიმები; დაპირისპირებები და ძალადობა.

- თქვენი აზრით, ამ გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლებას მეტის გაკეთება შეეძლო?

- დავეთანხმები დამკვირვებლების შეფასებას, რომ ყველა ინსტრუმენტი და გარემოება არსებობს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. გაუმჯობესების სივრცე ყოველთვის არსებობს და იმედი მაქვს, ყოველი შემდეგი არჩევნები წინაზე უკეთესი იქნება.

- რისი გაკეთება შეიძლებოდა, ან ისურვებდით, რომ გაკეთებულიყო?

- არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ნამდვილად ვაპირებთ სამომავლოდ მუშაობას.

- კონკრეტულად?

- პირველ რიგში, საარჩევნო სისტემაზე მუშაობაა აუცილებელი, ასევე, თავად „საარჩევნო კოდექსის“ დახვეწაზე მუშაობა.

- დღეს ყველაზე პრობლემატურად რა მიგაჩნიათ და ვისი პასუხისმგებლობაა ეს?

- ამ ეტაპზე მთავარ პრობლემად შეიძლება დასახელდეს სხვადასხვა პოლიტიკური ღონისძიებებისთვის ხელის შეშლა. მაგალითად, კონტრდემონსტრაციების, ან ოპონენტის მიერ გამართულ შეხვედრებზე საკუთარი წარმომადგენლების მიგზავნის ფორმით, რაც შეიცავს რისკებს და შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, ამგვარი ინციდენტების თავიდან აცილებას.

- მმართველი პარტია მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე აკეთებს განცხადებებს. კონკრეტულად რის საფუძველზე კეთდება ეს განცხადებები?

- მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა, ოპონენტებს საპირისპირო ამოცანები აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ეხება. მე ვახსენე კონტრდემონსტრაციები და მხარდამჭერების მიგზავნა სხვა პარტიების ღონისძიებებზე, როგორც ინციდენტებისა და ფიზიკური დაპირისპირების პოტენციური საფრთხე. თითოეული ინციდენტი ნეგატიურად აისახება გარემოზე და არჩევნების შეფასებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, მოვახდინოთ ასეთი ინციდენტების პრევენცია.

- არის თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ეს საშიშროება არ შეიქმნას? თუკი ეს პრობლემები არსებობს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პასუხისმგებელი ორგანოები სათანადოდ ვერ მუშაობენ?

- ძირითადი პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებასა და მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება. სწორედ ამიტომ ჩვენს ინტერესშია, მშვიდად და მინიმალური დარღვევებით ჩაიაროს საარჩევნო პროცესმა.

რაც შეეხება პასუხისმგებელი ორგანოების საქმიანობას, ვფიქრობ, ძირითადად ყველა ორგანო სათანადოდ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ, მცდელობების შემთხვევაშიც კი, ვერანაირი დესტაბილიზაცია ქვეყანაში ვერ მოხდება.

- მინიმუმ ერთი წელია, საუბარია იმაზე, რომ იგეგმება პროვოკაციები და ა.შ. წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად დაიწყო 8 ივნისს და მხოლოდ ახლა გაკეთდა განცხადება, რომ დაიწყება ძალოვნების გადამზადება, არ ფიქრობთ, რომ დაგვიანებულია და ამას მთავრობის შეცდომად არ მიიჩნევთ?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გადამზადება ახლა არ დაწყებულა. უკვე თვეებია შსს ცესკოსთან ერთად მუშაობს და დეტალურად ეცნობა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკას. ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართული და ერთობლივად ამზადებენ შსს-ს არჩევნების დღეს წესრიგისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

- გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებას და ამაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას როგორ აფასებთ?

- ხელისუფლების ვალდებულებაა, დაადგინოს, ვის მიერ მოხდა გავრცელება და შესაბამის პირებს დააკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გამოძიება მიმდინარეობს, დაიკითხნენ მოწმეები, ყველანი ველოდებით გამოძიების შედეგებს.

- წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ჩანაწერების გავრცელებას რამდენად ელოდებით? ვისი მხრიდან შეიძლება იყოს?

- ჩემთვის სრულიად მიუღებელია ფარული ჩანაწერების იარაღად გამოყენება პოლიტიკურ პროცესში. ასეთი შემთხვევები განვითარებულ დემოკრატიებშიც მომხდარა, მაგრამ ეს არის ბრძოლის ბინძური მეთოდები, რომელიც დაუშვებელი უნდა იყოს ნებისმიერი საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება იმას, ვინ გაავრცელა, სანამ გამოძიება და კომპეტენტური ორგანოები არ დაადგენენ, რეალურად რა მოხდა, მანამდე ყველა შეფასება სპეკულაციად მიმაჩნია.

- რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ მოსაზრება, რომ რუსეთი შეეცდება წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას?

- სრულიად შესაძლებელია და ამ დროს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რუსეთი საქართველოს მთავარი საფრთხეა, აქტიურად იყენებს პროპაგანდას, როგორც იარაღს და ამას მთელმა საზოგადოებამ უნდა დაუპირისპიროს ერთგულება პროდასავლური საგარეო კურსის მიმართ.

- ამ მხრივ, პრობლემები რა მიმართულებით შეიძლება არსებობდეს?

- კონკრეტულად ამის თქმა რთულია, თუმცა, საზოგადოებაში არ არსებობს არანაირი დასაყრდენი ასეთი დაძაბულობის გასაღვივებლად. ასევე, უსაფრთხოების სამსახურები საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

- გადასინჯავს თუ არა „ქართული ოცნება“ რუსეთთან პოლიტიკას არჩევნების შემდეგ?

- „ქართული ოცნება“ ატარებს თანმიმდევრულ, გაწონასწორებულ, პრაგმატულ, პროდასავლურ საგარეო კურსს, რომელიც, ყველა შეფასებით, ერთადერთ სწორ საგარეო ხაზად ითვლება, რაც შეიძლება ჩვენნაირ ქვეყანას ჰქონდეს. ჩვენ ვაპირებთ ამ კურსის შენარჩუნებას.

- გადასახედია თუ არა საერთოდ საგარეო პოლიტიკა მეტი გააქტიურების თვალსაზრისით?

- როგორც აღვნიშნე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა სრულადაა მხარდაჭერილი ნატოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და, ზოგადად, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, ქვეყანას აძლევს სტაბილური განვითარების შესაძლებლობას და გვაახლოებს ნატოსთან და ევროკავშირთან. მგონია, რომ საჭიროა, პარლამენტმა გაააქტიუროს საერთაშორისო ურთიერთობების კომპონენტი, რისთვისაც მომავალ პარლამენტში საკმაოდ დიდი რესურსი იქნება.

- „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში რა არის ყველაზე მთავარი გზავნილი ამომრჩევლისთვის?

- ყველაზე მთავარი გზავნილი არის ის, რომ გასული 4 წლის განმავლობაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების, ასევე თავისუფლების ხარისხის გაზრდით და გაძლიერებით, შევქმენით საფუძველი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სწრაფი განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.

პროგრამა არის ამბიციური, მაგრამ ამავე დროს რეალისტური. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ დაპირებების ჩამოყალიბებას, რადგან 4 წლის შემდეგ, თითოეული მათგანი უნდა იყოს შესრულებული.

- მმართველი პარტიის სლოგანია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, კონკრეტულად რა იგულისხმება სწრაფ ზრდაში? როგორი იქნება ზრდის მაჩვენებელი წლების მიხედვით?

- Frazer Institute-ს მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების კომპონენტში, საქართველო 159 ქვეყანას შორის პირველად არის მე-5 ადგილზე, მაშინ, როდესაც 2012 წელს 53-ე ადგილზე იყო. ეს თავისუფლება ქმნის ძალიან კარგ გარემოს კერძო სექტორის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ამ 4 წლის განმავლობაში.

- თეორიულად ვისთან განიხილავთ თანამშრომლობას არჩევნების შემდეგ თუნდაც სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად? გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება, მაგრამ, თუკი დადგება საჭიროება, ვისთან იქნება თქვენთვის მისაღები კოალიციის შექმნა?

- მთავრობის ფორმირებისთვის ჩვენ არ დაგვჭირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა. სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ მყარი უმრავლესობით მოვიგებთ არჩევნებს.

- სად არის თქვენთვის წითელი ხაზები და რომელ პარტიასთან გამორიცხავთ თანამშრომლობას.

- ჩვენთვის წითელი ხაზები გადის ქვეყნისთვის ყველაზე სტრატეგიულ საკითხზე. პროდასავლური კურსი არის მთავარი ფაქტორი, რასაც გავითვალისწინებთ. ასევე, პოლიტიკური ძალის ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების მიმართ; შესაბამისად, გამოირიცხება ის პარტია, რომელსაც ადამიანის უფლებების მასიური და სისტემური დარღვევის ისტორია აქვს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი