2024 წლის 17 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ხელმეორედ დაინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. „ფაქტ-მეტრმა“ კობახიძის რამდენიმე ძირითადი მტკიცება გადაამოწმა (ბრიფინგის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

მტკიცება N1 - საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა: „საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას“. ის „ქართული ოცნების“ ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელიც ამტკიცებს, რომ კანონპროექტის ოპონენტებს კანონპროექტის საწინააღმდეგოდ არგუმენტები არ გააჩნიათ. პარლამენტში რუსული კანონის დაინიციირების შემდეგ, კანონპროექტის ინიციატორები და მისი სხვა მხარდამჭერები ამ ტიპის განცხადებებს სისტემატურად, კანონპროექტის განხილვის თითოეული ეტაპის „შეჯამებისას“ აჟღერებენ:

„ვეხვეწებოდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ოპონენტს, ყველა ენჯეოს წარმომადგენელს, რომ ერთი რაიმე არგუმენტი ეთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ რა არის ისეთი, რაც ქართულ და რუსულ კანონებს ერთმანეთს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ.

„ორი კვირაა გვაქვს დოგმებით საუბარი...ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით საუბარი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 18 აპრილს კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ.

რეალურად, თუნდაც მხოლოდ 15 აპრილის საკომიტეტო განხილვაც კმარა იმის წარმოსაჩენად, რომ ზემოთ მოყვანილი ბრალდებები არგუმენტების არ არსებობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. საკომიტეტო განხილვაზე არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა შინაარსობრივი შენიშვნები/შეკითხვები, რომელთა არსებობასაც მმართველ გუნდში უარყოფენ, არაერთხელ გააჟღერა. ირაკლი კობახიძის მტკიცებას „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტით ტყუილი აფასებს.

ალექსანდრე რაქვიაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, გიორგი ვაშაძის, შალვა შავგულიძის, გურამ იმნაძის და სხვების არგუმენტები ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1 ; ბმული 2).

მტკიცება N 2 - კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

საქართველოში ხელმეორედ დაინიციირებული რუსული კანონის ,,ევროპულობაზე’’ მმართველი გუნდის წარმომადგენლები სისტემატურად მიუთითებენ. ხშირად, აღნიშნულის საფუძვლად, გამჭვირვალობის სახით არსებულ საერთო მიზანს/ღირებულებას ასახელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაინიციირებული რუსული კანონპროექტიცა და დასავლური პრაქტიკაც გამჭვირვალობაზე აპელირებს, მათ შორის არსებითი განსხვავებაა. კერძოდ, ევროპული პრაქტიკისთვის გამჭვირვალობა კონკრეტული მიზნების მიღწევის საშუალებაა, ხოლო ქართული კანონპროექტისთვის „ლეგიტიმური“ მიზანი.

მარტივად რომ ავხსნათ, ევროკავშირში დაინიციირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები ქვეყნის წინაშე არსებული რისკების პრევენციას მიემართება, რისთვისაც ირჩევს პროპორციულ მექანიზმს და გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. ამრიგად, დასავლური პრაქტიკა საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღებ არაკომერციულ ორგანიზაციებზე კი არ არის ფოკუსირებული, არამედ იმ კონკრეტული აქტივობების იდენტიფიცირებას მიემართება, რომლებმაც შესაძლოა დემოკრატიულ პროცესებზე მავნე გავლენები იქონიოს.

ამისგან განსხვავებით, ქართული კანონპროექტი აქტივობის შინაარსს არ აფასებს და „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს. დასავლეთში მოქმედი თუ ინიციირებული კანონები/კანონპროექტები, იზიარებენ ეუთოს მითითებას იმის თაობაზე, რომ „გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ისეთების, როგორებიცაა საჯარო წესრიგი, ან იმგვარ დანაშაულთან ბრძოლა როგორიცაა კორუფცია, მითვისება, ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსება. ამგვარი მყარი საფუძვლის გარეშე შეუძლებელია, ადამიანის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ გამჭვირვალობა ჩაითვალოს“.

ამრიგად, დასავლური პრაქტიკისთვის სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ ის რისკებია, რომელიც სხვადასხვა უცხო სახელმწიფოსგან შეიძლება მომდინარეობდეს. ამისგან განსხვავებით, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი გამჭვირვალობის ყალბ მოთხოვნებს კრიტიკული ორგანიზაციების ტოტალური გაკონტროლების და მათი საქმიანობის შეზღუდვის იარაღად იყენებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

მტკიცება N3 - ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

აშშ-ი ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანია, რომლის კანონმდებლობასაც, კერძოდ, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (FARA), საქართველოში დაინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საფუძვლად და მისი შემუშავების სახელმძღვანელოდ აქტიურად ასახელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ გაანალიზებისას, არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „FARA ფუნდამენტურად განსხვავდება და არ უნდა იყოს შედარებული ისეთ კანონმდებლობასთან, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ა(ა)იპ-ებისა და მედიის შეზღუდვის მიზნით“[1], საქართველოში დაინიციირებული კანონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში FARA-ს ანალოგად მცდარად არის წარმოჩენილი.

რეალურად, საქართველოში დაინიციირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, ამ განსხვავებებზე მითითების გარეშე, მათი ანალოგებად წარმოჩენა, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აშშ-მა FARA (Foreign Agents Registration Act) 1938 წელს უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ მიიღო, რომელიც განსაკუთრებით ნაცისტური წყაროებიდან და ბოლშევიკური საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა. FARA არ არის მიმართული მოკავშირეების წინააღმდეგ.

ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, რომელიც 2023 წელს ინიციირებულ კანონპროექტზე მომზადდა, სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი მიმართვის შედეგად, აღნიშნულია:

„მითითებები შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე და 2018 წელს მიღებულ ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტზე, რომლებიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნისა და მოცულობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს შესაბამის შედარებით მაგალითებს უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ასოციაციებისთვის საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვის გასამართლებლად. [პარაგრაფები 65-66]“[2]

ამასთან, ეუთოს დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც FARA, ასევე ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი „უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს ლობისტური საქმიანობის რეგულირებაზე“.[3]

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, FARA მიზნად ისახავს, აშშ-ს მთავრობისა და ხალხისთვის ცნობილი იყოს, უცხო ქვეყნის სახელით, ვინ ცდილობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას. FARA-ს შინაარსი შემდეგია: ის მოითხოვს ნებისმიერი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირი იუსტიციის დეპარტამენტში უცხოეთის აგენტად დარეგისტრირდეს, თუ ის საქმიანობას უცხოური ძალის კონტროლის ქვეშ ახორციელებს და ჩართულია პოლიტიკურ ან სხვა, კანონით განსაზღვრულ, საქმიანობაში.[4]

FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში[5] მოქმედებს. ამისგან განსხვავებით, ქართული კანონპროექტი, მიზნობრიობის გათვალისწინების გარეშე, „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს.

არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL), რომელიც მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების, ფილანთროპიის და საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ იურიდიული გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს, მიერ მომზადებული შედარებითი სამართლებრივი ანალიზის თანახმად:

• FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.

• აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას.

• აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია.

ის, რომ ამერიკული FARA და საქართველოში დარეგისტრირებული კანონპროექტი რადიკალურად განსხვავდება, აღნიშნულია აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის 2024 წლის 10 აპრილის განცხადებაშიც. „მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, FARA უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეების ასარიდებლად გამოიყენება, ხოლო ამისათვის ის ხელმძღვანელობს არა ცალკეულად ფულის აღების ფაქტით, არამედ კონკრეტული აქტივობით, რომელიც მესამე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა. FARA-ს სამიზნე არა, საზოგადოებრივი და მედია-ორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის რისკებია, რომელიც მტრული სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ კობახიძის მტკიცებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

აღნიშნულ საკითხზე ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.

მტკიცება N4 - ეს არ არის რუსული კანონი. არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

საქართველოში დაინიციირებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის მსგავსად ორგანიზაციის მიერ მიღებული დაფინანსების მიზნობრიობას უგულებელყოფს. კერძოდ, რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურად, უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად) ორგანიზაცია იმაზე დაყრდნობით გამოცხადდება, იღებდა, თუ - არა ის ფულს უცხოეთიდან. დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის კი ეს მიუღებელი ფორმაა.

დემოკრატიულ ქვეყნებში რადიკალურად განსხვავებული ნორმები მოქმედებს. ეს ნორმები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - უცხოური ჩარევისა (interference) და უცხოური გავლენის (influence) წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები / პოლიტიკები და მათ მიმართ სახელმწიფოების მიდგომა სხვადასხვა სიმკაცრისაა.

მიუხედავად ამისა, ორივე ამ მიდგომაში საერთოა ერთი მთავარი ასპექტი - დასავლური კანონმდებლობა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რადგან საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი და რუსული კანონი უყურებს არა აქტივობებს, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, არამედ პირდაპირ უცხოეთიდან თანხის მიღების გამო არეგისტრირებს ორგანიზაციებს უცხოეთის გავლენის გამტარებლებად (აგენტებად), ქართულ კანონპროექტსა და რუსეთში მიღებულ აგენტების კანონს შორის შინაარსობრივი თანხვედრაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

მტკიცება N5 - ასევე, ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი

ვერდიქტი - „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოში დაინიციირებულ რუსულ კანონს ევროკავშირში არსებული დირექტივის პროექტის ანალოგად სისტემატურად წარმოაჩენენ. საუბარია, 2023 წლის 12 დეკემბერს ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი) „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“.

რეალურად, ევროკავშირის დირექტივის პროექტის სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის ეკონომიკური, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების რისკებია, რომლებიც სხვადასხვა არაევროკავშირული სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. გარდა ამისა, ევროკავშირის დირექტივის მიღების კონტექსტი და შინაარსი საქართველოში ხელმეორედ დაინიციირებული კანონპროექტისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. ამ განსხვავებების შესახებ ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში დირექტივის ინიციირებამდე, ევროკომისიას პროცედურული მუშაობა ჯერ კიდევ 2022 წელს ჰქონდა დაწყებული. ევროკავშირი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისამდე დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს მართავდა, რის შემდეგაც წევრ სახელმწიფოებთან, კომერციულ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ა.შ. კონსულტაციები გააგრძელა. ამასთან, კანონპროექტის ინიციირებამდე ევროკომისიამ კანონპროექტის გავლენის შეფასება მოამზადა. ამის საპირისპიროდ, საქართველოში 2023 წლის მარტში კანონპროექტის ინიციირებას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტებელი კამპანია უძღოდა, რაც კანონპროექტის ჩაგდების შემდეგაც უწყვეტად გრძელდება.

როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირის დირექტივის პროექტი ევროკავშირის წინაშე არსებული კონკრეტული რისკების პრევენციაზეა ფოკუსირებული - დირექტივის პროექტის განმარტებით, ბარათში ევროპულმა პარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ აღნიშნა, რომ „უცხოური ზეგავლენის მხრივ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები არსებობს. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ეს საფრთხეები კიდევ უფრო რეალური გახდა“. ამისგან განსხვავებით, საქართველოში წარდგენილი კანონპროექტი, კონკრეტულ რისკებზე მითითების გარეშე, თვითმიზნად გამჭვირვალობას ასახელებს და ამ ერთი შეხედვით „კეთილშობილური“ მიზნის მიღმა კანონპროექტში არსებული რეპრესიული მექანიზმებით, სამოქალაქო სექტორს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებს.

ევროკავშირის დირექტივა არეგისტრირებს ორგანიზაციებს არა იმის გამო, რომ მათ თანხა მესამე - არაევროკავშირული, სახელმწიფოსგან მიიღეს, არამედ იმის მიხედვით, მიღებული თანხის სანაცვლოდ, თუ რა აქტივობას ახორციელებდნენ. შესაბამისად, ფუნდამენტური განსხვავება საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტსა და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივას შორის ისაა, რომ ქართული კანონპროექტი „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს, ხოლო, ევროკავშირის დირექტივა მიღებული დაფინანსების მიზნებს აფასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, რუსეთში მოქმედი „უცხო აგენტების შესახებ კანონის“ მსგავსად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი დაფინანსების ან/და საქმიანობის გამჭვირვალობის ყალბი მიზნებით, საქართველოში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას მოემსახურება, გამოაცხადებს რა მათ უცხოური ინტერესების გამტარებლებად.

ის, რომ ევროკავშირში განხილვაში მყოფი დირექტივის პროექტი განსხვავდება საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტისგან, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებიდანაც დასტურდება. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსპარანტულობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, - განაცხადა შოლცმა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რეალურად, საქართველოში ინიციირებულ „რუსულ კანონსა“ და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივის პროექტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ამ განსხვავებებზე მითითების გარეშე, ქართული და ევროპული კანონპროექტების ანალოგებად წარმოჩენა მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

[1] არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) და არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ანალიზი საქართველოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ.

[2] ეუთო/ოდირის მოსაზრება საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ასოციაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების ან ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონების“ და მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ხელმისაწვდომია:TRANSLATION 2023-07-25 FINAL Note on foreign agents legislation_Georgia_GEORGIAN.pdf (legislationline.org)გვ.6

[3] იქვე. გვ.41

[4] კანონის თანახმად, უცხოურ ძალად მოიაზრება უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, პირი, ორგანიზაცია, კორპორაცია და ა.შ. უცხო ქვეყნის აგენტად კი, შეიძლება მოიაზრებოდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც: მოქმედებს/საქმიანობას ახორციელებს უცხოური ძალის მოთხოვნით, მითითებით, კონტროლქვეშ (და ა.შ); რომლის აქტივობას პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, აკონტროლებს, აფინანსებს (და ა.შ) უცხოური ძალა; რომელიც აშშ-ში ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში უცხოური ძალის სასარგებლოდ, და ა.შ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია