გაზეთი ფაქტ-მეტრი
როგორ გამოიყენებს “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას – მთავარი რისკები და საფრთხეები
უკატეგორიოდ
1405 ნახვა
A+
A
A-

მმართველი გუნდი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად ემზადება და ამისთვის არჩევნების მეორე ტურში თითქმის ყველა ოლქის მოგება სჭირდება. თუმცა, მეორე ტურამდე უკვე იმაზე დაიწყო საუბარი, როგორ გამოიყენებს ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას და რას შეცვლის.

პარალელურად კი ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან უკვე კეთდება განცხადებები, რომ „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა  ქვეყნის ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია.

საკონსტიტუციო უმრავლესობის შანსი

მერვე მოწვევის პარლამენტში მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა და მცდელობის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეშალა და ოპოზიციური ფრაქციიდან ხალხი გადაებირებინა, საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა მაინც ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ გადაბირების მცდელობა არაერთ შემთხვევაში წარმატებით დასრულდა.

იმის გამო კი, რომ „ქართულმა  ოცნებამ“ წინასაარჩევნო დაპირებების უმრავლესობა არ ან ვერ შეასრულა, საზოგადოებაში აღარ იყო იმის მოლოდინი, რომ ამ პარტიის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო  უმრავლესობის შექმნის საკითხი კვლავ აქტუალური იქნებოდა.

მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾, ანუ 113 დეპუტატია საჭირო. „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით 44 მანდატი აქვს და, ასევე, მმართველ პარტიას წარმოადგენს 23 მაჟორიტარი, რომლებმაც პირველივე ტურში შეძლეს გამარჯვება.

შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 67 ადგილი პარლამენტში და საკონსტიტუციო უმრავლესობამდე 46 ადგილი აშორებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი „პატრიოტთა ალიანსის“ გარეშე შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილებების გატანას. უკიდურეს შემთხვევაში კი, თუკი ინაშვილის 6 მანდატსაც გამოიყენებს, მაშინ „ოცნებისთვის“ მეორე ტურში 40 მაჟორიტარის გაყვანაც საკმარისი იქნება.

მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს. პირველი ტურის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, აქედან 3 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ადგილზეა გასული და დიდი შანსია, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლოს გამარჯვება. მაგრამ ამ სამიდან ერთ-ერთი კანდიდატი „მრეწველებიდან“ არის და მისი გამარჯვებაც არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემატური.

დანარჩენი 47 ოლქიდან დაახლოებთ 13-14-ში მეტ-ნაკლებად თანაბარი შედეგები აქვთ კანდიდატებს. 45%-ის ზემოთ, საერთო ჯამში, „ოცნების“ 22 კანდიდატია, 40%-ის ზემოთ კი – 42. თუმცა, მათგან უმრავლესობა ძალიან ახლოს არის 40%-იან ზღვართან.

შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უკეთესი მდგომარეობა აქვს და ამას ემატება გამარჯვებულის ფსიქოლოგიური მომენტიც, რადგან სოციოლოგიაში მიღებულია, რომ ასეთ შემთხვევაში  ოპოზიციის ამომრჩეველი ან აღარ მიდის არჩევნებზე, ან გამარჯვებული პარტიის კანდიდატს აძლევს ხმას.

თუმცა, ოპოზიცია დანებებას არ აპირებს და ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ უნდა მისცენ იმის შანსი, რომ  ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამისთვის კი მთავარი ის არის, რომ ოპოზიციამ  გაერთიანება შეძლოს და მხარი ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს. მაგრამ ეს რამდენად მოხერხდება, ძნელი სათქმელია.

 

საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც ბერკეტი

საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა ნიშნავს იმას, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ისე გადაწყვიტოს, როგორც თავად სურს და ამისთვის არც ერთი სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ სჭირდება. საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის გამოცდილება არსებობს და, ფაქტობრივად, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, რაც რეალურად მხოლოდ მაშინდელი მმართველი პარტიის ინტერესებში შედიოდა და ეს მუდმივად  დავის საგანს წარმოადგენდა მაშინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიცია-არასამთავრობო სექტორს შორის.

თუმცა, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის არგუმენტი ჰქონდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის სწრაფი რეფორმები იყო საჭირო. ამ რეფორმების გატარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა, არც ისე სასწრაფო გადაწყვეტილებებიც ისე მიეღო, როგორც მის ინტერესში შედიოდა.

სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები და კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ერთი პოლიტიკური ძალისთვის ამხელა ბერკეტის მიცემა ყოველთვის საფრთხის შემცველია.

„შექმნილი მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც სახარბიელო ქართული დემოკრატიისთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაცა იღებს აბსოლუტურ ძალაუფლებას, ეს არის ძალიან ცუდი საცდური. მიუხედავად საკონსტიტუციო უმრავლესობისა, მათ აქვთ საკმაოდ სუსტი სახალხო ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ ამომრჩევლების საერთო ხმების მაქსიმუმ 30% მიიღეს. შესაბამისად, ეს კრიზისის ფორმირების რისკებს არა თუ ძალაში ტოვებს, არამედ, საკმაოდ მაღალი ალბათობით, ასეთი რისკები სამომავლოდ შეიქმნება“, – ამბობს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, გია ხუხაშვილი.

საინტერესოა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებას არ გაუკეთებია არაფერი, რომ მმართველი გუნდს, ვინც არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, ამ ბერკეტების გამოყენების საშუალება არ ჰქონოდა. არადა, ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. რაც მთავარია, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის დაწესებული ¾-იანი ბარიერი 2013 წლის ბოლოს, მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან შევიდა ძალაში და მანამდე „ქართულ ოცნებას“ ერთი წელი ჰქონდა პირობის შესასრულებლად.

მაშინ „ქართული ოცნების“ არგუმენტი ის იყო, რომ პარლამენტის ვადის ამოწურვამდე  კონსტიტუციის საფუძვლიანი გადასინჯვა მოხდებოდა და ისეთ კონსტიტუციას მივიღებდით, რომ  „ჩვენი დემოკრატიით ევროპასაც კი გავაოცებდით“. კომისია შეიქმნა კიდეც, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ერთ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შეიკრიბა, ისიც არასრული შემადგენლობით და ისე დაასრულა მუშაობა, რომ არაფერი გაუკეთებია.

ასე რომ, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო დაპირება 4 წლის განმავლობაში ორჯერ არ შესრულდა. ამიტომაც ახლა არავის არ სჯერა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარი, პარტიული ინტერესებისთვის არ გამოიყენებს, მათ შორის, არც ოპოზიციას და არც არასამთავრობო  სექტორს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, თქმით, „საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა რთულია, რადგან ამ დროს ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან, რომ ყველაფრის კეთება მარტივია და უშვებენ შეცდომებს. ამიტომაც თვლის, რომ ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია… კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული, ვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, ყველა შეცდომებს უშვებდა… „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში ვხედავ აღტკინებას, სიამაყით ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ. თითქოს ამით ევერესტზე ავიდნენ, მაგრამ ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი, იქიდან ჩამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად“.

 

რას შეცვლის „ქართული  ოცნება“

მართალია,  ჯერ მეორე ტური არ ჩატარებულა და ფორმალურად მაინც არავინ იცის, რა შედეგებით დასრულდება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დააანონსა, კონსტიტუციაში რას  შეცვლის.

კონკრეტულად დასახელებულია პარლამენტის ქუთაისიდან მთლიანად თბილისში გადმოტანა, კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრა და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა, რაც უკვე სახელმწიფო მოწყობის სისტემას უკავშირდება.

სახელმწიფო მოწყობის სისტემა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მის ფონზე პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი არც ისე მნიშვნელოვანი ჩანს, მაგრამ ეს საკითხი სააკაშვილის გუნდისთვის არსებითი იყო და არ არის გამორიცხული, რომ  განსაკუთრებული ვნებათაღელვა და პროცესების დაძაბვა ამან უფრო გამოიწვიოს. თუმცა, იურისტები და კონსტიტუციონალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესსა და სახელმწიფო მოწყობის საკითხს ანიჭებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ 21 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუციაა მიღებული, მასში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა, პრეზიდენტის არჩევის წესი არასოდეს შეცვლილა და ამას  თავისი საფუძველი აქვს.

დემოკრატიულ  სისტემაში პრეზიდენტი ან პირდაპირი წესით, ანუ ხალხის მიერ ირჩევა, ან მისი არჩევა ხდება წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ და, როგორც წესი, ეს უკანასკნელი საპარლამენტო რესპუბლიკებში გამოიყენება. ფორმალურად საქართველოც საპარლამენტო რესპუბლიკაა და ნორმალური იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ  ირჩეოდეს. მაგრამ  მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართული რეალობისთვის კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია და კონსტიტუციონალისტები განსაკუთრებით რამდენიმეს გამოყოფენ.

პირველი, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული არჩევის თუნდაც დროებით წესში. ანუ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევისთვის მნიშვნელოვანია ორპალატიანი პარლამენტი, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, პრეზიდენტის ერთპალატიანი პარლამენტის მიერ არჩევა დანაწევრებულ საზოგადოებასა და გაყოფილ სახელმწიფოში, ვერ უზრუნველყოფს მის სრულფასოვან წარმომადგენლობითობას. თუკი ამას დაემატება ისიც, რომ ამ ერთპალატიან პარლამენტშიც წარმმართველი სახელისუფლებო პარტიაა, პრეზიდენტი ვეღარ იქნება დამაბალანსებელი სახელისუფლებო შტოებს შორის.

ამ პრობლემაზე საუბრისას კონსტიტუციონალისტები სლოვაკეთისა და ალბანეთის მაგალითებს ასახელებენ, სლოვაკეთში 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში ალბანეთში პრეზიდენტებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულეს.

მეორე პრობლემა კი, როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო მოწყობის პრინციპს ეხება და მთავარი საკითხი სწორედ ესაა, რადგან კონსტიტუციონალისტები შიშობენ, რომ მმართველი პარტია ისევ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას შეეცდება.

უფრო მეტიც, ანალიტიკოსთა ნაწილი იმ საფრთხეზე მიუთითებს, რომ ეს არა მარტო ერთი პარტიის, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე იქნება დამოკიდებული.

როგორც საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი (GFSIS) ნოდარ ხარშილაძე ამბობს, „ივანიშვილმა შეძლო კოალიციიდან პარტიაზე გადასვლა, რაც კიდევ უფრო ცენტრალიზებულს გახდის პოლიტიკურ პროცესებს. ის იქნება ინდივიდუალურად და პიროვნულად ავტორი მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის“.

იურისტები კი სწორედ იმ საფრთხეზე მიუთითებენ, რომ  არ შეიძლება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთი პარტიის მიერ წყდებოდეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ თავის თავზე მოირგებს კონსტიტუციას, რაც  ძალიან სახიფათოდ მიაჩნიათ.

„ამგვარი ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში მათ მიერაა დაანონსებული, არ იქნება საუკეთესო შედეგის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან, თავისთავად პრობლემა ის კი არ არის, პრეზიდენტს პირდაპირ ავირჩევთ თუ ირიბი წესით, არამედ პრობლემა არის ის, რომ ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ექნება განუსაზღვრელი უფლება და ჩვენ გვეყოლება ისეთი პრემიერი, როგორი პრეზიდენტიც გვყავდა 2004-დან 2012 წლამდე“, – განაცხადა იურისტმა, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა,  ვახუშტი მენაბდემ.

გააზიარეთ: