რამდენად კანონიერია მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება
უკატეგორიოდ
1946 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი) თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკანონო გადაწყვეტილებად შეაფასა. “საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც თავმჯდომარის გათავისუფლება მოხდა” – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციით კი, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება კანონის დაცვით მოხდა. “იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნდება. ეს არის კანონიერი, აქვს საფუძველი… მამუკა ახვლედიანს აქვს კანონიერი უფლება, იდავოს გადაწვეტილების თაობაზე” – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხში გარკვევას შეეცადა.

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო”. აღნიშნულ კანონში უშუალოდ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და პროცედურა განმარტებული არაა. ამის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება საბჭოს “ფართო დისკრეციული” უფლებამოსილებაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის, შოთა გეწაძის განცხადებით, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების საფუძველს ცუდი მენეჯმენტი, სასამართლოსთან კომუნიკაციის არქონა, დროის დიდი ნაწილის მივლინებებში გატარება (სამსახურებრივი თუ პირადი მიზნებით), საქმეების სამართლიანი განაწილების წესის დარღვევა და საბჭოს კომპეტენციაში ჩარევა წარმოადგენს.

ამასთან, შოთა გეწაძის განცხადებით, საბჭო დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით იმიტომ არ წავიდა, რომ ეს კანონი (დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ) არა თავმჯდომარის დისციპლინური გადაცდომის საკითხებს, არამედ მოსამართლის გადაცდომის საკითხებს (რაშიც მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხროციელებისას დაშვებული შეცდომა და სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევა იგულისხმება) არეგულირებს. “მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით ამაზე ვერ ვიმსჯელებდით, რადგან მას, როგორც მოსამართლეს, დარღვევა არ აქვს. მისი გათავისუფლების საფუძველი არასწორი მენეჯმენტი გახდა” – ნათქვამია განცხადებაში.

“საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას წარმოადგენს. კანონის 55-ე მუხლის თანახმად, “სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას სადისციპლინო კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალოებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აგრეთვე, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში”.

აღნიშნული მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ სადისციპლინო კოლეგია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომებისა (რომელიც მოსამართლეთა საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაცდომებს ეხება), თავმჯდომარის ადმინისტრაციული უფლებამოსილებების შეუსრულებლობასა თუ არაჯეროვნად შესრულებაზეც მსჯელობს. შესაბამისად, თუკი მამუკა ახვლედიანს, როგორც თავმჯდომარეს, მენეჯმენტის პრობლემები გააჩნდა, მისი ამ საფუძვლით გათავისუფლებაზე სადისციპლინო კოლეგიას უნდა ემსჯელა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპზე ე.წ. ბრალდების მხარეს წარმოადგენს, რომელიც აგროვებს მოსამართლეზე ინფორმაციას და შემდეგ, სადისციპლინო კოლეგიისადმი საქმის გადაცემის შემთხვევაში, კოლეგიის წინაშე მოსამართლის ბრალეულობას ამტკიცებს. თუკი “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 32-ე მუხლი მართლაც თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს საბჭოს, მაშინ ლოგიკას არის მოკლებული დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონში იმგვარი მუხლის არსებობა, რომელიც სადისციპლინო კოლეგიას თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე (როგორც თავმჯდომარის მიერ ადმინისტრაციული უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში, ისე კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ნაწილში) მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს. ანუ, ბრალდების მხარე (იუსტიციის საბჭო), რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისი ინფორმაცია გააჩნია, მოსამართლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის არსებობა დაასკვნას, გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად გამოიტანს და სადისციპლინო კოლეგიის წინაშე მტკიცებას არ დაიწყებს.

მამუკა ახვლედიანის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი მის მიერ სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე კრიტიკული განცხადებები გახდა, რომელთა მთავარი ადრესატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იყვნენ. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტისა და საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით (თუნდაც საბჭოს გააჩნდეს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების დისკრეციული უფლებამოსილება), სწორედ საბჭო უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ საქმე დამოუკიდებელ ორგანოს – სადისციპლინო კოლეგიას განეხილა, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფდა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს და განახლებულ ანალიზს მოვლენების კვალდაკვალ მიაწვდის მკითხველს.

გააზიარეთ: