შიდა ქართლი, გორი
მომავალი წლიდან, გორში სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორების ფუნქციონირება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას იქნება დასაშვები
მცდარი
1650 ნახვა
A+
A
A-

ტელეკომპანია “დიას” ეთერში გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ირაკლი ოქრუაშვილმა ქალაქში აზარტული თამაშების შეზღუდვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გორელი ახალგაზრდები წლის განმავლობაში ტოტალიზატორებსა და სათამაშო აპარატებში ორი მილიონამდე ლარს აგებენ. შესაბამისად, ქალაქში სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა აუცილებელია. ოქრუაშვილის თქმით, სათამაშო კლუბებისა და ტოტალიზატორების ფუნქციონირება გორში დასაშვები იქნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, ცენტრიდან მოშორებით. “პირველი იანვრიდან, როდესაც ახალი ბიუჯეტი იქნება მიღებული, ამოქმედდება ნორმა, რომლის მიხედვითაც ქალაქში ამ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას… ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს,  ეს იქნება არაპირდაპირი აკრძალვა ამ ბიზნესისა გორში”.

ოქრუაშვილისთვის ცნობილია, რომ ადგილობრივ საკრებულოს ამ ბიზნესის აკრძალვის კომპეტენცია არ გააჩნია, მაგრამ ირწმუნება, რომ მას მოფიქრებული აქვს “იურიდიული გამოსავალი” და ამ საკითხის დაყენებას აუცილებლად აპირებს.

საქართველოში სათამაშო ბიზნესი კანონმდებლობით 2005 წლიდან რეგულირდება. დღესდღეობით, სათამაშო ბიზნესს სამი კანონი აწესრიგებს: საქართველოს კანონები “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ”, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” და “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას სამორინეების და სხვა აზარტული თამაშების მეშვეობით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება თითოეული მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილებით, რადგან “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” კანონი მოსაკრებლის მხოლოდ ზედა და ქვედა ზღვრებს აწესებს. აქედან გამომდინარე, თითოეული საკრებულო დამოუკიდებლად განსაზღვრავს მოსაკრებლის ოდენობას მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისათვის.

სათამაშო ბიზნესიდან გორის ადგილობრივ ბიუჯეტში 2015 წელს 854 ათას 798 ლარია შესული, ხოლო იანვრიდან დღემდე, გორის მერიის ინფორმაციით, 212 ათას 864 ლარი. გეგმის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიმდინარე წლის მთლიანმა შემოსავალმა 800 ათასი ლარი უნდა შეადგინოს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების აზრი აზარტული თამაშების აკრძალვა-დაშვებასთან დაკავშირებით ორ ნაწილადაა გაყოფილი, ფაქტია, რომ ამ სფეროდან შესული თანხა მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტისთვის, რასაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაც ადასტურებს.

სათამაშო კლუბების და ტოტალიზატორების თემა გორში გასულ წლებშიც აქტუალური იყო. მაშინ, ამ ობიექტების ქალაქგარეთ გადატანაზე იმდროინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი საუბრობდა. მოგვიანებით კი, მან განმარტა, რომ მისი ინიციატივის განხორციელებას ხელი აგვისტოს ომმა შეუშალა.

ამ თემაზე გორში გასულ წელსაც საუბრობდნენ, თუმცა მაშინ ადგილობრივმა საკრებულომ სათამაშო კლუბების დახურვის ან  გადატანის იურიდიული საფუძველი ვერ გამონახა და საკითხზე მსჯელობა დასაწყისშივე შეწყდა, რადგან ამ საკითხს საქართველოს კანონი – “სათამაშო ბიზნესის შესახებ” არეგულირებს.

შესაბამისად, გორში სათამაშო ბიზნესის  აკრძალვა ან  ობიექტების  ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ვერ მოხდება, რადგან ამისთვის კანონში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი, რომლებიც პარლამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დაამტკიცოს. საკანონმდებლო ინიციატივა სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრების თაობაზე პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა 2013 წელს წარადგინა, თუმცა მაშინ პროექტმა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და საკითხი ჩავარდა.

ირაკლი ოქრუაშვილის აღნიშნულ განცხადებას რიგითი პოპულიზმი უწოდა გორის საკრებულოს წევრმა (პარტია “თავისუფალი დემოკრატები”) თამარ თედლიაშვილმა. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. “ირაკლი ოქრუაშვილი აგრძელებს ძველი მეთოდებით მუშაობას და ამ დროს საკრებულოს ფუნქციებში გარკვეული საერთოდ არ არის” – აღნიშნა მან ფაქტ-მეტრთან საუბრისას.

გორელი ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი მიიჩნევს, რომ მეწარმეს “ვერცერთი კანონი ვერ აუკრძალავს საკუთარ შენობაში ის საქმიანობა აწარმოოს, რაც სურს, თუ ეს საქმიანობა საქართველოს კანონდებლობით არ არის აკრძალული. რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს, მით უმეტეს მოსაკრებლის გადამხდელს, ოქრუაშვილის ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის არანაირ მუხლს არ ეყრდნობა”.

ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა, მისი თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ფაქტ-მეტრი შეეცადა დაეზუსტებინა, რომელ “იურიდიულ გამოსავალს” გულისხმობდა ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ პასუხობდა.

 

დასკვნა

კერძო ობიექტების დახურვა ან გადატანა, თუ ის არ ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას, კერძო ბიზნესზე ზეწოლას და მის შეზღუდვას ნიშნავს, რაც კანონს ეწინააღმდეგება. როგორც ფაქტ-მეტრმა დაადგინა, სათამაშო ბიზნესის შეზღუდვისა ან რეგულირების რაიმე ბერკეტი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ. ირაკლი ოქრუაშვილს კი ალტერნატიული “იურიდიული გამოსავალი” ამ დრომდე არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გორში სათამაშო ბიზნესის ობიექტების გადასატანად იურიდიული საფუძველი, საქართველოს პარლამენტის მიერ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, არ არსებობს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება არის მცდარი.

გააზიარეთ: