თორნიკე რიჟვაძე: „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი. პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა. ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გავითვალისწინეთ. ავუშენებთ ძალიან თანამედროვე სპორტკომპლექსს, რომელიც ახალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ამ მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის.“

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, დაპირება არ შესრულდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა არაერთხელ დაანონსდა. საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა 2021 წლის სექტემბერში, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შესყიდულია. შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ დოკუმენტაცია 469 569 ლარად, კონკურსის წესით, შეიძინა, ხოლო მშენებლობაზე ტენდერი 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 37 451 710 ლარი იყო. ტენდერში არც ერთი სუბიექტი არ ჩაერთო. ამდენად, მშენებლობა დაანონსებულ პერიოდში ვერ დაიწყო. „პროექტების მართვის კომპანიას“ ახალი ტენდერი დღემდე არ გამოუცხადებია. კომპანიის ხელმძღვანელმა ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებულია 2024 წლის ბიუჯეტში და ტენდერი აუცილებლად წელსვე გამოცხადდება.

ამდენად, აჭარის ა/რ მთავრობისა და მისი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ 2021 წლის სექტემბერში გაცემული დაპირება, რომ ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყებოდა, არ შესრულდა.

ანალიზი:

2021 წლის 13 სექტემბერს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი. პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა. ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გავითვალისწინეთ. ავუშენებთ ძალიან თანამედროვე სპორტკომპლექსს, რომელიც ახალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ამ მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის.“ აღნიშნული განცხადება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით: „ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება.“

ქობულეთში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხი, უკვე მრავალი წელია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. თუმცა გარკვეული პროცედურები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელდა და 2013 წელს მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შეწყდა. „ქართული ოცნება“ მაშინ განმარტავდა, რომ პროექტის შეწყვეტის მიზეზი საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები გახდა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა, სპორტსმენები კი ვარჯიშს ამორტიზებულ შენობაში განაგრძობდნენ, ნაწილი კი სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდა. ოპოზიციამ აღნიშნული პრობლემა ხელისუფლებას არაერთხელ შეახსენა, თუმცა მისი მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

ობიექტის მშენებლობის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აჭარის მთავრობას 7 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი 2021 წელს გადასცა. იმ სხდომაზე ოპოზიციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დაპირება არ შესრულდებოდა, რასაც უმრავლესობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპონენტების განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარემ პერფორმანსი უწოდა და თქვა, რომ ენმ ქობულეთის განვითარების წინააღმდეგია.

საბოლოოდ, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის N28 მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით (ს/კ 20.42.06.981 და 20.42.06.956) სპორტული კომპლექსის მშენებლობისა და ლანდშაფტური დაგეგმარების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეიძინა და 469 569 ლარი გადაიხადა. შემსყიდველმა დოკუმენტაცია 2022 წლის ივნისში ჩაიბარა, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 37 451 710 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაოთხ თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა შესყიდვით არავინ დაინტერესდა და შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. ამის შემდეგ, პროექტების მართვის კომპანიას ახალი შესყიდვა აღარ გამოუცხადებია. ამდენად, წელიწადი და რვა თვე გავიდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი დაპირებული სასპორტო სკოლის მშენებლობა ვერ დაიწყო.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის Facebook-გვერდზე 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს ეხება. დაგეგმილ პროექტებს შორის გვხვდება ქობულეთის სპორტკომპლექსიც. „ფაქტ-მეტრი“ კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით, არის, თუ - არა გათვალისწინებული ობიექტის მშენებლობისთვის თანხა 2024 წლის ბიუჯეტში. ბაქარ ჩიტაიამ გვითხრა, რომ თანხა გათვალისწინებულია და ტენდერი წელს აუცილებლად გამოცხადდება, თუმცა კონკრეტული დრო ვერ დაგვისახელა.

ამდენად, თორნიკე რიჟვაძის დაპირება არ შესრულდა.

ჩვენ მოვლენების განვითარებას თვალს მივადევნებთ და საჭიროების შემთხვევაში, საკითხს კვლავ დავუბრუნდებით.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი