საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტზე გაამახვილა, რომლის ამოქმედებაც მიზნად მოსამართლეთა სადისციპლინო სამართალწარმოებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს. "სტატისტიკის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, სადისციპლინო კოლეგია, რომელიც დისციპლინარული გადაცდომის ფაქტზე მოსამართლის განმსჯელი ორგანოა, ფაქტიურად არ მუშაობდა. ეს ორი მიმართულებით მიანიშნებს - ან მართლა უშეცდომოდ მუშაობს ჩვენი სასამართლო ამდენი საქმეების ფონზე, ან არის ლოიალური, შემგუებლური დამოკიდებულება მოსამართლეთა მიმართ" - განაცხადა გვენეტაძემ.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

"

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" კანონი დისციპლინური სამართალწარმოების წესს განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც დისციპლინური გადაცდომის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმის წარმოებას და განცხადების საფუძვლიანობის წინასწარ შემოწმებას იწყებს. საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური საქმის გამოკვლევა იწყება, რომლის შემდეგაც საქმე ან წყდება, ან მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას გადაეცემა. სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ დისციპლინური გადაცდომის შემცველი ქმედება და მიუძღვის თუ არა მას ბრალი ამ გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ ამ გარემოების არსებობის შემთხვევაში, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

საქართველოს სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა სადისციპლინო კოლეგიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ირკვევა, 2012 წლიდან მოყოლებული სადისციპლინო კოლეგიაში განსახილველად მხოლოდ 4 საქმე შევიდა.

შემოვიდა ნაშთი (წინა წლის) განხილულია განსახილველია
2004 წ. 45 0 17 28
2005 წ. 86 28 87 24
2006 წ. 56 24 78 2
2007 წ. 24 2 11 15
2008 წ. 33 15 23 25
2009 წ. 19 25 44 0
2010 წ. 30 0 5 25
2011 წ. 2 25 25 2
2012 წ. 4 2 4 2
2013 წ. 0 2 2 0
2014 წ. 0 0 0 0
2015 წ. 0 0 0 0

იქიდან გამომდინარე, რომ სადისციპლინო კოლეგიას საქმეს განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭო უგზავნის, კოლეგიაში საქმეთა სიმცირე რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას: საბჭოში საჩივრების რაოდენობის შემცირებით, საჩივრების უსაფუძვლობით (რაც იწვევს წარმოების შეწყვეტას და შესაბამისად კოლეგიას საქმეები აღარ გადაეცემა), საბჭოს არაეფექტური მუშაობით და რამდენიმე ან ყველა ამ საფუძვლის თანაარსებობით.

ფაქტ-მეტრი შეეცადა დაედგინა, ზემოთჩამოთვლილი საფუძვლებიდან რეალურად რომელს შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა. ამ მიზნით, ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გადავამოწმეთ.

აღნიშნული სტატისტიკის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საჩივრების რაოდენობა 2012 წლის შემდგომ აქაც შემცირდა.

2004 წ. 2005 წ. 2006 წ. 2007 წ. 2008 წ. 2009 წ. 2010 წ. 2011 წ. 2012 წ. 2013 წ. 2014 წ.
45 83 1851 1216 1150 1091 1053 880 844 239 212

იმის დასადგენად, თუ რა შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრების შემცირების მიზეზი, ფაქტ-მეტრი შეეცადა აღნიშნული უწყებიდან ისეთი ინფორმაცია მიეღო, რომლის მიხედვითაც ნათელი გახდებოდა, თუ რა სახის საჩივრები ჭარბობდა წლების განმავლობაში, რა საფუძვლით ხდებოდა განცხადების შეტანა, ან ვისი განცხადების საფუძველზე ხდებოდა საქმის წარმოების დაწყება. თუმცა, გამოთხოვილი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ამ ინფორმაციის სისტემატიზაცია საბჭოში არ ხორციელდება, ხოლო მისი დამუშავება დიდ დროსა და ადამიანურ რესურსებს საჭიროებს. ასევე აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩვენს წერილზე პასუხი საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით გაგვცა.

გარდა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესული განცხადებების რაოდენობა შემცირდა, ასევე, სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 2013-2014 წლებში უმეტეს შემთხვევაში საბჭო საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებდა. დანარჩენ შემთხვევაში საქმის წარმოების დასრულება ვერ ხერხდებოდა და შესაბამისად, საქმე სადისციპლინო კოლეგიას არ გადაეცემოდა.

შემოვიდა ნაშთი (წინა წლის) შეწყდა კერძო სარეკომენდაციო ბარათი სათანადო პასუხი გაიცა განცხადებაზე არ დასრულებულა
2012 წ. 244 61 201 15 620 69
2013 წ. 239 54 52 7 0 217
2014 წ. 211 179 286 17 72

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2012-2014 წლებში საბჭოს მიერ განხილულ საქმეთაგან ნახევარზე მეტ შემთხვევაში (დაახლოებით 57%) საქმის წარმოება შეწყდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმის წარმოება წყდება, თუკი განცხადება ვერ გადის დასაშვებობას, ანუ კანონით დადგენილი საფუძველი სახეზე არ არის. შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგიისთვის საბჭოს მიერ საქმეების არგადაგზავნის ერთ-ერთი მიზეზი საფუძვლის არარსებობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში

ვკითხულობთ, რომ "წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები იკვეთებოდა. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა წინადადების განხილვისას შაბლონური პასუხით შემოიფარგლებოდა, რომ მოსამართლეების მხრიდან შესაბამისი გადაცდომები არ დასტურდებოდა" (გვ. 6).

საბჭოს არაეფექტურად მუშაობასა და მის მიერ  გადაწყვეტილების მიღების უუნარობაზე ამახვილებს ყურადღებას ნინო გვენეტაძე. მისი თქმით, "დღეისთვის, საბჭოს წარმოებაშია 8 საქმე, რომლებმაც გადალახეს ახსნა-განმარტების ჩამორთმევის ეტაპი, თუმცა იმის გამო, რომ  გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმები (სრული შემადგენლობის 2/3) ვერ შეგროვდა, არ მოხდა ამ საქმეების გადაგზავნა სადისციპლინო კოლეგიაში და ვერც შეწყდა. ამ საქმეებს ხშირად ტერმინით - "დაკიდებული საქმეები" მოიხსენიებენ" (გვ. 8). აქვე აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით,

უმჯობესი იქნება, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება უბრალო უმრავლესობით შეიცვალოს, ვინაიდან კვალიფიციური უმრავლესობის დადგენა თუ არ აჩერებს, ანელებს მაინც დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტური განვითარების მთლიან პროცესს და ქმნის საფრთხეს, რომ ძალიან ბევრი საჩივარი რეაგირების გარეშე დარჩება (გვ. 10). თუმცა, მიუხედავად აღნიშნული რეკომენდაციისა, ნინო გვენეტაძის განმარტებით, "მიზანშეწონილია შენარჩუნდეს ხმათა 2/3-ით გადაწყვეტილების მიღების წესი. ამავდროულად, უნდა დაინერგოს გადაწყვეტილების დასაბუთების პრინციპი" (გვ. 16).

ფაქტ-მეტრის კვლევიდან ირკვევა, რომ 2012-2014 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესული საჩივრების რაოდენობა შემცირდა, რის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზსაც, ნინო გვენეტაძის მოხსენების თანახმად, სადისციპლინო სამართალწამოების მიმართ მოქალაქეთა ნდობის დაკარგვა წარმოადგენს. თუმცა, აღნიშნული მოსაზრების განსამტკიცებლად სათანადო და მასშტაბური კვლევა, რომელიც მოქალაქეების რეალურ განწყობას დაადგენდა, არ  ჩატარებულა და ეს ვარაუდი მხოლოდ რამდენიმე ადვოკატის შეხედულებას

ეყრდნობა. ამასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ხორციელდება იმ სახის ინფორმაციის სისტემტიზაცია, რომელიც  საბჭოში შეტანილი საჩივრების სიმცირის მიზეზის დასადგენად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

ასევე აღსანიშნავია, რომ თუკი პრობლემა მართლაც მოქალაქეთა მხრიდან საბჭოს მიმართ ნდობაშია, მაშინ ჩნდება კითხვა, რამდენად უზრუნველყოფს წარმოდგენელი კანონპროექტით

გათვალისწინებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება ნდობის დაბრუნებას - დამოუკიდებელი ინსპექტორი მხოლოდ დამატებითი რგოლია, ხოლო საქმის სადისციპლინო კოლეგიისთვის გადაცემა ისევ საბჭოს უფლებამოსილებად რჩება. დამატებითი რგოლის შემოღება, თავის მხრივ, მოსამართლეთა უკმაყოფილებას იწვევს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ამ ინსტიტუტის შემოღების რეალური მიზანი შეიძლება სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა იყოს.

დასკვნა

ნინო გვენეტაძე სადისციპლინო კოლეგიის "არ მუშაობაში" უპირველეს ყოვლისა იმას გულისხმობს, რომ  იუსტიციის საბჭოს კოლეგიაში განსახილველად საქმე ფაქტიურად არ გაუგზავნია. მართლაც, სადისციპლინო კოლეგიამ, რომელიც დისციპლინარული გადაცდომის ფაქტზე მოსამართლის განმსჯელი ორგანოა, 2013 მხოლოდ ორი საქმე განიხილა, ხოლო 2014 წელს და ჯერჯერობით არც 2015 წელს, არცერთი საქმე არ განუხილავს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი