მიმდინარე წლის 17 ივლისს, პარლამენტის სხდომაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით ჭავჭანიძემ განაცხადა: "2012 წლის ბოლოს, წინა ხელისუფლების მიერ შემოტანილი პარამეტრებით, იგეგმებოდა 2015 წელს მთავრობის ვალი ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში 29.2%-მდე შემცირებულიყო. 2015 წელს თქვენ მიერ წარმოდგენილი, ანუ დამტკიცებული ბიუჯეტით ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 37.2%-მდე ავიდა. ცვლილებებით, რომელიც დღეს წარმოადგინეთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა და 43.7%-მდე ავიდა".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

გრაფიკ 1-ზე წარმოდგენილია 2009-2015 წლებისთვის საქართველოს მთავრობის, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის შესახებ მონაცემები. აღნიშნულ პერიოდში ცალსახად გამოკვეთილია შიდა ვალის ზრდის ტენდენცია აბსოლუტურ მაჩვენებლებში, თუმცა ვალის მშპ-თან ფარდობითი სიდიდე 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მცირდება. 2013 წლიდან კი, ფარდობითი მაჩვენებელიც ზრდადია, რასაც უშუალოდ შიდა ვალის ზრდასთან (2013 წელს 90 მლნ, 2014 წელს კი 516 მლნ ლარის წმინდა ნაზრდი) ერთად, ეკონომიკის შემცირებულმა ზრდის ტემპაც შეუწყო ხელი.

გრაფიკი 1: 

მთავრობის საგარეო და საშინაო ვალი 2009-2015 წლებში

image001

ზრდის ტენდენციით ხასიათდება მთავრობის საგარეო ვალის ლარში გამოსახული აბსოლუტური მაჩვენებელიც. განსაკუთრებით მაღალია მისი ზრდის ტემპი 2014 წლიდან. ლარში გამოსახული საგარეო ვალის მკვეთრი ზრდა დიდწილად ახალი ვალის აღებასთან ერთად, 2014 წლის ნოემბრიდან დაწყებულმა ლარის დევალვაციის პროცესმა განაპირობა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელს, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ცვლილებების პროექტი (იხ. ბმული) საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის 13 ივლისს წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის ვალის მოსალოდნელმა მოცულობამ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 43.7% შეადგინა, რაც 2014 წლის ბოლოს წარდგენილ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დანართში (იხ. ბმული)

მოცემულ მაჩვენებელს (37.2%) 6.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

თუმცა, აუცილებელია აქვე აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის პროექტს თან ერთვოდა "მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი 2015-2018 წლებისათვის" (იხ. ბმული).

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს მითითებას განსხვავებული ეკონომიკური სცენარების განვითარების შემთხვევაში წარდგენილ მონაცემთა ვარირების შესაძლებლობაზე. კერძოდ, მეოთხე სცენარის შემთხვევაში, რაც ნომინალური გაცვლითი კურსის შოკს გულისხმობს, ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი 2015 წლისთვის არა 37.2%, არამედ 40.9%-ია. ნომინალური გაცვლითი კურსის შოკი სახეზეა. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 7 ივლისამდე ლარის გაცვლითი კურსი 49.5 თეთრით (28.3%) გაუფასურდა.

ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში საქართველოს მთავრობამ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა. ვალის მდგრადობის ანალიზში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაც იყო გათვალისწინებული. აღნიშნულ სცენარში მთავრობის ვალი  მშპ-ის მიმართ 0.9% პუნქტით იზრდება და 38.1%-ს აღწევს. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკების კომბინაცია - ვალუტის კურსის და ეკონომიკის ზრდის, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტით, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-თან მიმართებაში იზრდება.

რაც შეეხება 2012 წლის ბოლოს წარდგენილ 2015 წლის მთავრობის ვალის საპროგნოზო მაჩვენებელს, აღნიშნული შეფასება 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის დანართშია მოცემული (იხ.ბმული)

და ის 29.2%-ის დონეზე განისაზღვრა.

  დასკვნა

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის შესაბამისად, 2015 წლისთვის მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 43.7%-ს შეადგენს. რაც შეეხება 2013 და 2015 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების დამტკიცებისას წარდგენილ იგივე მონაცემს, ის დეპუტატის მიერ დასახელებულ რიცხვებთან თანხვედრაშია და შესაბამისად - 29.2 და 37.2%-ს შეადგენს.

თუმცა, აღსანიშნავია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად წარდგენილი მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების გავლენა აღნიშნულ მაჩვენებელზე. კერძოდ, მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში 40.9%-ის, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემთხვევაში 38.1%-ის და არა 37.2%-ის დონეზეა შეფასებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ჭავჭანიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი