Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი ჰელოუინის დღესასწაულის სატანისტურ დანიშნულებასთან დაკავშირებით
ყალბი ამბავი
776 ნახვა
A+
A
A-

ვერდიქტი: სააგენტო Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი.

 

რეზიუმე: საინფორმაციო სააგენტო Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული სტატია – „რატომ უკავშირდება ჰელოუინი სატანის დღესასწაულს – რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს დღესასწაული და რატომ ღელავენ მორწმუნენი“, რომელიც თავდაპირველად ვებგვერდ mshoblebi.ge-ზე იქნა გამოქვეყნებული, არ შეესაბამება სიმართლეს. სტატიაში მოყვანილი მტკიცება იმის შესახებ, რომ ჰელოუინი სატანის დიდების დღესასწაულია, მცდარია, რადგან საპირისპიროზე მეტყველებს მისი წარმოშობის ისტორია (დასავლური ქრისტიანული ეკლესიის მიერ კელტური დღესასწაულის შეცვლილი ფორმით შეთვისება) და აღნიშვნის მიზანი (ბავშვების კარდაკარ სიარული და ტკბილეულის მოთხოვნა ნათესავებისა და მეგობრების სულებისათვის ლოცვის სანაცვლოდ).

 

ანალიზი:

2017 წლის 29 ოქტომბერს Mediatv.ge-მ გაავრცელა 2015 წლის ნოემბერში ვებგვერდ mshoblebi.ge-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „რატომ უკავშირდება ჰელოუინი სატანის დღესასწაულს – რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს დღესასწაული და რატომ ღელავენ მორწმუნენი“. აღნიშნულ სტატიაში რესპონდენტი, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შიო პაიჭაძე, აცხადებს, რომ „ჰელოუინი სატანის დიდების დღესასწაულია. ის მოგვაგონებს ვალპურგის ღამეს და ატარებს ოკულტურ ხასიათს. განსაკუთრებულად ცდილობენ ბავშვები ჩაითრიონ ამ დღესასწაულში და აღზარდონ სატანის მადიდებლად“.

ჰელოუინი (All Hallows’ Evening – ყველა წმინდანთა დღე) წარმოადგენს დღეს, რომელიც აღინიშნება 31 ოქტომბერს, დასავლურ ქრისტიანულ საეკლესიო დღესასწაულ ყველა წმინდანთა დღის წინა ღამეს. დღესასწაულის წარმომავლობა სადავოა და მის ფორმირებაში მონაწილეობდნენ როგორც წარმართული, ასევე ქრისტიანული ტრადიციები. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ჰელოუინი სათავეს იღებს კელტურ ფესტივალ სამაინიდან (Samhain – კელტური ახალი წელი, აღინიშნება 31 ოქტომბერს), რომელიც ზაფხულისა და მოსავლის აღების სეზონის დასასრულს ნიშნავს.

შოტლანდიელ კელტებს სწამდათ, რომ სამაინის დღესასწაულზე ჩვენსა და მიღმიერ სამყაროს შორის არსებული კედლები თხელდებოდა, რაც სულებს დაბრუნებისა და მოსავლისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას აძლევდა. სწორედ ამიტომ, მაგიდებთან განკუთვნილი იყო სპეციალური ადგილები სულებისათვის, სთავაზობდნენ საჭმელსა და სასმელს, ასევე ანთებდნენ კოცონს ბოროტი სულების გასანეიტრალებლად. კოსტიუმების ჩაცმის ტრადიცია სათავეს იღებს მე-16 საუკუნის ბრიტანეთიდან, სადაც სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ხალხი კარდაკარ დადიოდა და საჭმელს ითხოვდა ლექსის ან სიმღერის სანაცვლოდ. მათი უმრავლესობა გამოწყობილი იყო სულის ფორმაში, რადგან რწმენის თანახმად, ამ გზით შეძლებდნენ ბოროტი სულებისაგან თავის დაცვას.

რაც შეეხება ქრისტიანულ წარმოშობას, ჰელოუინი აღინიშნება ყველა წმინდანთა ხსენების წინა დღეს, რომელიც მე-8 საუკუნეში დაწესდა და წარმართული დღესასწაულების განდევნას ისახავდა მიზნად. ქრისტიანები პატივს მიაგებდნენ წმინდანებს და ლოცულობდნენ გარდაცვლილთა იმ სულებისათვის, რომლებსაც სამოთხისათვის ჯერ არ მიეღწიათ. კოსტიუმებში გამოწყობის ტრადიცია ქრისტიანულმა ეკლესიამ მე-11 საუკუნეში გადაიღო.

Mediatv.ge-იმ ჰელოუინის დღესასწაულს ცალკე ფეისბუქ პოსტიც მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამასპინძლება ნიშნავს თავად სატანისათვის ძღვენის მიტანას. სინამდვილეში, დასავლური ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციის თანახმად, სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვების კარდაკარ სიარული და ტკბილეულის მოთხოვნა, მათი ნათესავებისა და მეგობრების სულებისათვის ლოცვას ემსახურება.

ჰელოუინის დღესასწაული განსხვავდება სტატიაში ნახსენებ ვალპურგის ღამისგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს პირველი მაისის წინა ღამეს, როდესაც ძველი გერმანელი ხალხის ცრურწმენით, ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული. ნორვეგიული ტრადიციით, ვალპურგის ღამე მიჩნეულია „დაცემულთა ზღუდედ“ და დღესასწაულობენ ოდინის გარდაცვალების დღეს.

ამრიგად, საინფორმაციო სააგენტო Mediatv.ge-ის მიერ გავრცელებული სტატია ჰელოუნის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან დღესასწაულის აღნიშვნის ფორმა არ ემსახურება ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და არანაირ კავშირში არ არის “სატანურ მასკარადთან”.

გააზიარეთ: