ისრაელში პარლამენტის გადაწყვეტილებას სასულიერო პირები ამტკიცებენ
ტყუილი
2528 ნახვა
A+
A
A-

ფაქტ-მეტრის მიზანია პოლიტიკურად აქტიური ადამიანების განცხადებების გადამოწმება და საზოგადოებისთვის სიმართლის დადგენაში დახმარება. თუმცა, ჩვენი ყურადღება ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადებამაც მიიქცია. „ერეკლე მეორის საზოგადოების“ გადაცემაში – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – დეკანოზმა ბასილი ახვლედიანმა სასულიერო პირის მხრიდან სახელმწიფო საქმეებში ჩარევის მორალურ ვალდებულებაზე ისაუბრა. „აბა, ბიჭო, მაგ ჭკუაზე ვარ, მამათმავლებს ჩავაბაროთ ქვეყანა“, – განაცხადა დეკანოზმა და დასძინა: „ახლა შენ ჩაგაბარებ საქართველოს, რომელსაც სოდომ-გომორიზაციის გზაზე დააყენებ და მე აქედან გიყურებ, ამბიონზე დავდგები, ხელებს ავაპყრობ და ვილოცებ. რას ქვია არ უნდა ჩაერიო?! ისრაელი მაგალითად, პარლამენტში სხედან სასულიერო პირების წარმომადგენლები. რასაც იღებენ გადაწყვეტილებას, აუცილებლად საბოლოო ვერდიქტი მის საბოლოო ლეგალიზებაზე, გამოაქვთ სასულიერო პირებს“.

როგორც აღვნიშნეთ, ფაქტ-მეტრი სასულიერო პირების განცხადებებით არ ინტერესდება ხოლმე, მაგრამ ვინაიდან დეკანოზმა თავად ისურვა, გამხდარიყო პოლიტიკური ფიგურა, ჩვენც ვეღარაფერს გავაწყობთ.

მოცემულ განცხადებაში დეკანოზს მაგალითად ისრაელის სახელმწიფო მოჰყავს. ისრაელის სახელმწიფო საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებს ეფუძნება, სადაც აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებები ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამიჯნული.

ქნესეთი („ისრაელის პარლამენტი“) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ამტკიცებს მთავრობას და წერს კანონებს, განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ზოგად კურსს. ქნესეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოშია შესაძლებელი. რაც შეეხება ქნესეთში „სასულიერო პირების წარმომადგენლებს,“ რომელთაც, დეკანოზის აზრით, ხელეწიფებათ ვერდიქტი გამოუტანონ ისრაელის პარლამენტის გადაწყვეტილებას, მსგავს ინსტიტუტს ისრაელის საპარლამენტო სისტემა არ იცნობს.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სეკულარული სახელმწიფოს სტატუსი ხშირად იწვევს კითხვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი სეკულარული სახელმიწოფო არაა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ებრაულ რელიგიაში რაბინები („მამაოები“) საერო პირები არიან, საერო პროფესიით. ისინი უბრალო მოკვდავებისგან იმით განსხვავდებიან, რომ რელიგიური წიგნების კითხვა და გააზრება სხვებზე უკეთ შეუძლიათ, გაიარეს შესაბამისი სწავლება და მოძღვრის სტატუსი დაიმსახურეს. მეტიც, თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, ებრაელებს „პატრიარქი“ არ ჰყავთ და ეს რელიგია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომთან ომში დამარცხების შემდგომ, აღარ ყოფილა გაერთიანებული და დაქვემდებარებული ერთი პირისადმი. ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ რელიგიური გაერთიანებები ხშირად სეკულარობით გამოირჩევიან და მათი ლიდერები არჩეულნი არიან. მართალია, რელიგიურ იერარქიაში ამგვარ თანამდებობას არავინ ცნობს, თუმცა საზოგადოების ფორმირებაში ამ გაერთიანებებს უდიდესი როლი ენიჭებათ. დეკანოზი, სავარაუდოდ, გულისხმობდა იმას, რაც საქართველოშიც ხდება – გადაწყვეტილებები სასულიერო საკითხებზე შეთანხმებული უნდა იყოს ისრაელის მთავარ რაბინატთან (Chief Rabbinate of Israel), რომლის კომპეტენციაა ებრაელების სასულიერო ცხოვრების მართვა. ეს გულისხმობს დავების მოგვარებასაც (მაგ. განქორწინება). მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასულიერო სასამართლოს სულიერი საკითხების გასარჩევად. ისრაელი ებრაული სასამართლოს გარდა სხვა დენომინაციების სასამართლოებსაც აღიარებს, მათ შორის ქრისტიანულსა და შარიათის. მსგავს საკითხებში ისრაელის მთავარი რაბინის ჩარევით მოსახლეობა სულ უფრო უკმაყოფილოა. 2017 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ისრაელის მოსახლეობის 55%-ზე მეტს სურს ქორწინების რაბინათის ექსკლუზიური კომპეტენციიდან გამოტანა. მეტიც, რაბინი დავიდ გოლიკინი თავის ბლოგში წერს, რომ მთავარი რაბინატი სულ უფრო მოუქნელი ხდება და სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს ებრაელებში. რაც შეეხება თავად რაბინის როლს რელიგიაში, ეს ინსტიტუტი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდა. საბოლოო ჯამში, ის დრო, როცა რაბინები კანონებს იღებდნენ, დიდი ხანია ჩაბარდა წარსულს.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომ მამათმავლებს ქვეყანა არ უნდა ვანდოთ, ხოლო ამის კარგი მაგალითი „ისრაელის პარლამენტია“, დეკანოზი ამ ნაწილშიც ცდება. ქნესეთში LGBT უფლებების დაცვა დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქნესეთში მისმა ღიად-გეი (openly gay) წევრებმა დადეს ფიცი. პრემიერმა ნათანიაჰუმ ამ ფაქტის აღსანიშნავად თქვა: „ღმერთმა ყველა ადამიანი შექმნა თავის ხატად. ისრაელმა ეს იდეა კაცობრიობას ათასობით წლის წინ აჩუქა და ისრაელმა დღესაც ამ პრინციპით უნდა იცხოვროს“. მეტიც, ისრაელში „მამათმავლები“ („დედათმავლებიც“) სამხედრო სამსახურსაც სხვებთან ერთად იხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი LGBT თემის უფლებების სრულ რეალიზებამდე, ის რჩება რეგიონში ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელმაც ამ მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია.

სეკულარიზმის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური პრემიერის განცხადების შემდეგ გახდა, როცა მან უადგილოდ მოიხსენია სეკულარიზმი: „სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“. თუ სეკულარიზმის კლასიკური გაგება გვაინტერესებს, ოქსფორდის ლექსიკონს უნდა ვკითხოთ. ლექსიკონში წერია, რომ სეკულარიზმი ნიშნავს სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების განცალკევებას. ამ კლასიკური გაგების უადგილობის ხაზგასმა ჯერ სასულიერო და შემდგომში საერო პირების მიერ ცალსახად მიუთითებს ტენდენციაზე, რომ ეკლესია ცდილობს ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებში და სახელმწიფო ცდილობს ეკლესია საკუთარ საქმეებში ჩარიოს. სავარაუდოდ, ეს განცხადება სუფთა პოპულიზმის (pure populism) კლასიკური გაგებით უნდა „შევიმეცნოთ“.

 

დასკვნა

ამრიგად, დეკანოზის განცხადების ორივე ნაწილი სიმართლეს აცდენილია. ისრაელის პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და, მიუხედავად იმისა, რომ იქ „სეკულარიზმი ტრადიციული გაგებით უადგილოა“, ქნესეთის გადაწვეტილება საბოლოოა და არ საჭიროებს ლეგალიზების ვერდიქტს სასულიერო პირების მხრიდან.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქაც დავრწმუნდით, რომ ისრაელმა უკვე ჩააბარა ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის წილი „მამათმავლებს“ და ამ სახელმწიფოს ამ კონტექსტში განხილვა უადგილოა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეკანოზ ბასილი ახვლედიანის განცხადება ტყუილია.

გააზიარეთ: