თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი, 2015 წლის მაისში გამოაცხადა. კონკურსში იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“ გაიმარჯვა. გენერალურ გეგმაზე, გაერთიანებაში შემავალმა ორგანიზაციამ - „სითი ინსტიტუტი-საქართველომ“ იმუშავა. „მწვანე ქალაქი“, „კომპაქტური ქალაქი“, „კარგად შეკავშირებული ქალაქი“ - ეს თბილისის განვითარების გენერალური გეგმის (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია) ძირითადი მიმართულებებია.

თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა „სითი ინსტიტუტმა“ 2017 წლის ზაფხულში დაასრულა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). მიუხედავად ამისა, დოკუმენტის მიღების პროცესი გაჭიანურდა. თბილისის მერიას გენგეგმასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდა. შენიშვნები, ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარების და გამწვანების საკითხებს შეეხებოდა.

გენერალური გეგმის ჩასწორებული ვარიანტი მერიას 2018 წლის  3 იანვარს წარედგინა. თუმცა, კახა კალაძემ დოკუმენტი არ მოიწონა და აღნიშნა, რომ „სითი ინსტიტუტ- საქართველოს“ მიერ წარდგენილი გენგეგმა ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი და მთელი რიგი მიმართულებით სამუშაოები იყო გასაწევი. „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის დამატებითი ვადა მიეცა. მიმდინარე წლის 4 ივლისს,  თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე ხანგრძლივი მუშაობის პროცესი, საბოლოოდ დასრულდა და ის დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოს გადაეგზავნა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში საბოლოოდ რა ცვლილებები და დაზუსტებები შევიდა.

„სითი ინსტიტუტის“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, მერიის ძირითადი პრეტენზია ზონირების საკითხებს, თემატური რუკების დაზუსტებას და კერძო საკუთრების პრობლემის გადაწყვეტას შეეხებოდა. მისი განმარტებით,ზონირების საკითხების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა.

„სატყეო ტერიტორიას, ახალი გენგეგმით, დაემატა 12 048 ჰა. გარდა ამისა, რეკრეაციულ ზონა 1-ს 462 ჰა დაემატა. ჯამში, რეკრეაციული ზონის რაოდენობა 4%-ით არის გაზრდილი. ამასთან, რეკრეაციული და გამწვანებული ტერიტორიების ბალანსში არ შევიყვანეთ არსებული შიდაკვარტალური გამწვანების, გაზონების და მცირე ზომის მწვანე ტერიტორიების ჯამური ფართობი, ეს ჩვენ თემატური რუკის სახით გვაქვს წარმოდგენილი, რათა ამ ტერიტორიების დაცვა მოხდეს მშენებლობისგან“ - განაცხადა სალუქვაძემ.

მან, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულ კერძო მფლობელობაში არსებულ 3 მლნ კვ2 მიწის ფართობს (300 ჰა) შეეცვალა ზონა. შესაბამისად, წარმოშობილი ქონებრივი საკითხების მოგვარება მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდება. აღნიშნული ნაკვეთების ან ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა განხორციელდება.

ასევე, საყურადღებოა, განახლებული გენგეგმის დამოკიდებულება ელიავას ბაზრობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით.

მამუკა სალუქვაძის თქმით, „თბილისში გამოიყო 11 ლოკაცია, სადაც დროებით შეჩერებულია სამშენებლო ნებართვების გაცემა. ასეთ ტერიტორიას განეკუთვნება ელიავას ბაზრობა და თბილისის ზღვის მიდებარე ტერიტორია. ამ ლოკაციებისთვის აუცილებელი იქნება ჩარჩო-გეგმის შემუშავება და სწორედ ჩარჩო-გეგმა განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების შემდგომი განაშენიანების პერსპექტივას. მისივე ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია არის კერძო საკუთრება, გარდა ამისა, იქ არის სატრანსპორტო, ეკოლოგიური და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები. ყველაფრის შესწავლა და ასახვა მოხდება ჩარჩო-გეგმაში და კვლევების საფუძველზე გადაწყდება, ბაზრობის ტერიტორიაზე სად რეკრეაციული ზონა მოეწყობა, სად გამწვანება და სად სავაჭრო ცენტრი აშენდება“. სალუქვაძის განმარტებით, იგივე მიდგომაა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, იმ განსხვავებით, რომ თბილისის ზღვა არის სასმელი წყლის რეზერვუარი - წყალსაცავი ზონა და  განსაკუთრებული დაცვის სისტემას საჭიროებს. ტერიტორიის კვლევა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც დადგინდება ტერიტორიის დამცავი ზონები.

„რაც შეეხება რკინიგზას, ჩვენ სატრანსპორტო დერეფანი დავტოვეთ. მთავრობის და რკინიგზის მიერ დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს თუ რა სახით შენარჩუნდება რკინიგზა ქალაქში. ჩვენი რეკომენდაციაა სატვირთო რკინიგზა ქალაქიდან გავიდეს, სამგზავრო დანიშნულების დარჩეს, ოღონდ მატარებელი გაივლის, ტრამვაი თუ ენბასი (საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მცხეთის, თბილისის, რუსთავის, გარდაბნის შემაკავშირებელი) მერიის გადასაწყვეტია“ - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

ასევე საინტერესოა, რომ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისს 900 ჰა მწვანე სივრცე დაემატება - გლდანის ხევის სამეზობლო მნიშვნელობის პარკი, დიდი დიღმის საპარკო ზონა, ფონიჭალის საუბნო საპარკო ზონა, ვერეს საპარკო ზონა, მდინარე თემქისხევის საპარკო ზონა, იპოდრომის სარაიონო მნიშვნელობის მწვანე სივრცე, დიღმის ჭალები და ა.შ.

ამგვარად, სამწლიანი მუშაობის შედეგად, თბილისს უკვე აქვს  გენერალური გეგმა, რომელმაც ქალაქის შემდგომი განვითარება უნდა უზრუნველყოს. თბილისის მერიამ დოკუმენტი უკვე მოიწონა და განსახილველად საკრებულოს გადაუგზავნა. საკრებულოს მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, თბილისის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

რეკომენდაციის სახით უნდა ითქვას, რომ სასურველია თბილისის განვითარების გენერალური გეგმა სამართლებრივ დოკუმენტად იქცეს, რომელიც დედაქალაქში შექმნილ ურბანულ ქაოსს დაასრულებს და სამომავლოდ მაინც, თბილისის სწორად განვითარებას უზრუნველყოფს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი