ბესიკ დონაძე: მეტროსადგურ ავლაბარს დროულად დამთავრებაზე აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, თითქმის მესამედ გადავადდა და კიდევ არ ვიცით, როდის დასრულდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის სიმართლე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეკონსტრუქცია გამარტივებული შესყიდვის წესით შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ 2022 წლის ივლისში დაუკვეთა. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2023 წლის 15 ივლისამდე უნდა დასრულებული. 2023 წლის ივლისში კომპანიამ ხელშეკრულების 2024 წლის მარტამდე გახანგრძლივება მოითხოვა, რის მიზეზადაც სამშენებლო ნებართვის მიღების გაჭიანურება და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი დამატებითი გარემოებები დაასახელა, რაც მანამდე პროექტით გათვალისწინებული არ იყო.
მიმდინარე წლის 15 მარტს კომპანია „ბადა ქონსთრაქშენმა“ ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთხელ ითხოვა, ამჯერად, მიმდინარე წლის 26 დეკემბრამდე. ამ შემთხვევაშიც, კომპანიის განმარტებით, ცვლილების მიზეზი სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებები გახდა, რამაც პროექტის კორექტირება მოითხოვა.
ამგვარად, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის ვადები ორჯერ უკვე შეიცვალა, თანაც ორივეჯერ თითქმის იდენტური მიზეზით - სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა დამატებითი გარემოებები, რის გამოც კომპანიამ პროექტის კორექტირება და შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება ითხოვა. აღნიშნული „ავლაბრის“ მეტროს რეაბილიტაციის ხარვეზებით მიმდინარეობაზე ნამდვილად მიუთითებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ბესიკ დონაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძე ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა: „მეტროსადგურ ავლაბარს დროულად დასრულებაზე აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, თითქმის მესამედ გადავადდა და კიდევ არ ვიცით, როდის დასრულდება“.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები 2022 წლის ივლისში დაიწყო. მეტროსადგურის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, როგორც თბილისის მერია აღნიშნავდა, კონსტრუქციების გამაგრების და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულის და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება/განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა; ფასადის მოსაპირკეთებელი და სახურავის მოწყობის სამუშაოები არის დაგეგმილი. ასევე, ტერიტორიაზე არსებული „მწვანე კედელი“ უნდა შენარჩუნდეს და ახალი ტექნოლოგიებით განახლდეს. პარალელურად, მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ, ავლაბრის და ერევნის სკვერების რეაბილიტაციაც განხორციელდებოდა.
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვის წესით, კომპანია „ბადა ქონსთრაქშენს“ დაუკვეთა. მანამდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეკონსტრუქციის მცდელობა რამდენჯერმე უკვე იყო. ჯერ კიდევ 2017 წელს სადგურის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები „სსს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა“-ს უნდა განეხორციელებინა, თუმცა პროექტი არასრულყოფილად იყო შედგენილი და აქედან გამომდინარე, სარემონტო სამუშაოები ვერ დასრულდა. შემდეგ საჭირო გახდა სრულყოფილი პროექტის მომზადება. ამ მიზნით, ელექტრონული ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა, რომელიც მონაწილეთა არ არსებობის გამო, ვერ შედგა. საბოლოოდ, 2020 წლის 17 ივლისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ვეგა+“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით კომპანიას მეტროსადგურის ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2021 წლის სექტემბერში ხელშეკრულების ვადა ისე დასრულდა, რომ კონტრაქტორმა ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო. საბოლოოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „არტსტუდიო პროექტისგან“ იქნა შესყიდული.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2022 წლის ივლისში თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და „ბადა ქონსტრაქშენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეკონსტრუქცია უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულების ღირებულება 4.2 მლნ ლარი იყო და სამუშაოები მშენებლობის მიღების ნებართვიდან 8 თვეში, 2023 წლის 15 ივლისამდე, უნდა დასრულებულიყო.
2023 წლის ივლისში შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წერილით მიმართა და ხელშეკრულების ვადის 2024 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივება ითხოვა, რაც იმით დაასაბუთა, რომ სამშენებლო ნებართვის მიღება, რომლის შემდეგაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, 2022 წლის დეკემბრამდე გაჭიანურდა. გარდა ამისა, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დამატებითი გარემოებები გამოვლინდა, რაც მანამდე პროექტით გათვალისწინებული არ იყო და აღნიშნულის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა გახდა აუცილებელი, რამაც დამატებითი დრო მოითხოვა.
მიმდინარე წლის 15 მარტს, როდესაც წინა ცვლილების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო, კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გადაწევა ისევ ითხოვა, ამჯერად 2024 წლის 26 დეკემბრამდე. ამ შემთხვევაშიც მიზეზი სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებები გახდა, რამაც პროექტის კორექტირება განაპირობა.
ამ მოცემულობით, ავლაბრის მეტროს რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუ მანამდე, სამუშაოების მსვლელობისას გაუთვალისწინებელი გარემოებები კიდევ არ გამოვლინდება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც შპს „ბადა ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. 2022 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 13.7 მლნ ლარია.
მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველია. მას 2014 წელს პარტიისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული.
ჩვენ მიერ შესწავლილი მასალის მიხედვით, მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების თავდაპირველი თარიღი ორჯერ უკვე შეიცვალა. ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების საფუძველი, კომპანიის თქმით, სამუშაოების მსვლელობისას გამოვლენილი დამატებითი გარემოებები გახდა, რამაც პროექტის კორექტირება და შესაბამისად, დამატებითი დრო მოითხოვა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის პროცესი მართლაც ხარვეზებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ბესიკ დონაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.