ობამამ, მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა გვითხრეს, რომ საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება
ფაქტებით მანიპულირება
1134 ნახვა
A+
A
A-

 

მიმდინარე წლის 13 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა: „ამ ვითარებაში საქართველო ვერანაირ ნატოში ვერ გაწევრიანდება, ეს ჩვენ გვითხრა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ქალბატონმა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, და ბოლოს, სხვათა შორის, განცხადება გააკეთა საქართველოში ნატო-ს ოფისის წარმომადგენელმა, რომელმაც თქვა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი უბრალოდ არ აქვს, ასე რომ ჩვენ თავს ვიტყუებთ და დაკავებულები ვართ ილუზიებით“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველო-ნატო-ს ურთიერთობა 1992 წლიდან იწყება, როცა საქართველო ახლადშექმნილ ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC, 1997 წლიდან ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო – EAPC) შეუერთდა. ეს იყო საქართველოს პირველი ნაბიჯი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე და მას შემდეგ ურთიერთობა პროგრესირებად ხასიათს ატარებს. 1992 წლიდან 2002 წლამდე საქართველო შეუერთდა ნატო-ს არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას. 2002 წელს საქართველომ განაცხადა ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში (IPAP)“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. უკვე 2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა IPAP. ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ იყო ცალმხრივი ინიცირების რეჟიმში, 2006 წელს ნატო-მ საქართველოს ინტენსიური დაილოგის (ID) დაწყება შესთავაზა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ში აუცილებელ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ლისაბონის (2010 წელი) და ჩიკაგოს (2012 წელი) სამიტებზეც დადასტურდა. დღემდე გრძელდება საქართველოს და ნატო-ს აქტიური პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის მიერ მიღებული უნიკალური ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში. 2015 წლის აგვისტოში საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ასევე, მნიშვნელოვანია 2016 წლის აგვისტოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და მისი განცხადება საქართველოს და ნატო-ს მყარი პარტნიორობის შესახებ.

საქართველოს გამოწვევაა ნატო-სგან მიიღოს გაწევრიანების გეგმა (Membership Action Plan – MAP), ეს არის 1999 წელს ვაშინგტონის სამიტზე მიღებული დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა ინტეგრაციისთვის.

რაც შეეხება იმ სახელმწიფოთა ლიდერების პოზიციას, რომელზეც ნინო ბურჯანაძე საუბრობს. 2014 წლის 26 მარტს, ბრიუსელში, აშშ-ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამას ჰკითხეს, გაზრდის თუ შეამცირებს უკრაინის კრიზისი ნატო-ს გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების კუთხით. ამ კითხვაზე ობამამ უპასუხა: „არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე ამჟამად არ არიან, ნატო-ს გაფართოება არ არის უახლოეს გეგმებში“. ტექნიკურად, ეს განცხადება მართებულია, გამომდინარე იქიდან, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას MAP არ აქვთ მიღებული. მოგვიანებით, ობამას განცხადება საქართველოს მოქალაქეებს განუმარტა იმ დროისთვის ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა საქართველოში ბრიჯიტ ბინკიმ და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისი თქმით, პრეზიდენტ ობამას კომენტარი შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ამოცანაა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და არა ამ წუთასვე გახდეს ნატო-ს წევრი.

რაც შეეხება ანგელა მერკელის განცხადებას, 2014 წელს მან თქვა, რომ „შემდეგ სამიტზე (გულისხმობდა 2014 წლის სექტემბრის ნატო-ს უელსის სამიტს) MAP-ის საკითხი თემა არ იქნება“, მაგრამ ხედავს იმ პროგრესს რაც არის ქვეყანაში, საქართველოს ძალისხმევას მაგალითდ ავღანეთში. ამიტომ, სამიტზე ხაზი უნდა გაესვას ალიანსი-საქართველოს კარგ პარტნიორობას.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ყოველთვის აფიქსირებდა ევროატლანტიკური პერსპექტივების გზაზე საქართველოს მხარდაჭერას. მაგალითად, 2014 წლის მაისში, საქართველოში ვიზიტისას, მან ღიად დაუჭირა მხარი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. ფაქტ-მეტრმა ვერ მოიძია ოლანდის განცხადება სადაც ის ამბობს, რომ საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება.

2014 წლის სექტემბრის ნატო-ს უელსის სამიტზე ანგელა მერკელის და ბრიჯიტ ბინკის განცხადება დადასტურდა იმით, რომ საქართველო ჩაერთო ნატო-ს თავსებადობის პლატფორმასა (Interoperability Platform) და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში (Enhanced Opportunity Partners Group).

საქართველოში ნატო-ს ოფისის წარმომადგენელის განცხადებაზე, რომელზეც ნინო ბურჯანაძე საუბრობს, ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია ვერ მოიძია. ჩვენ ბურჯანაძის პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, დაპირების მიუხედავად, მათ მსგავსი განცხადება და შესაბამისი წყარო ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-10 მუხლში („ღია კარის პოლიტიკა“) პირდაპირაა დეკლარირებული, რომ – „ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, ხელშეკრულებაში გაწევრიანების მიზნით, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს შესაბამისი შესაძლებლობა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და თავისი წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში“.

 

დასკვნა

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება და ამის შესახებ ქვეყანას პირდაპირ უთხრა ბარაკ ობამამ, ანგელა მერკელმა, ფრანსუა ოლანდმა და ნატო-ს ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში (ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურმა ამ დრომდე ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ ვინ იგულისხმებოდა ამ უკანასკნელში).

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს, ბრიუსელში, საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თქვა, რომ იმ ეტაპისთვის ეს ორი ქვეყანა არ იყო მზად გაწევრიანებისთვის. თუმცა, ეს განცხადება არ გამორიცხავს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივას. იგივე შეიძლება ითქვას ანგელა მერკელის განცხადების შემთხვევაშიც. რაც შეეხება ფრანსუა ოლანდს, მასაც ასევე არასდროს უთქვამს, რომ საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება. მეტიც, საქართველოში ვიზიტისას მან ღიად დაუჭირა მხარი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

ნინო ბურჯანაძის განცხადება შეიცავს რიგ ბუნდოვანებებს – ის მსოფლიო ლიდერების მიერ კონკრეტულ ეტაპზე გაკეთებულ განცხადებებს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს განცხადებები არა დროის კონკრეტულ მონაკვეთს, არამედ ზოგადად ნატო-საქართველოს მომავალ ურთიერთობებსაც ეხება. ზოგიერთ შემთხვევაში ის იყენებს მტკიცებით ფორმას – „საქართველო ვერ გაწევრიანდება ნატო-ში“, ზოგ შემთხვევაში კი იყენებს ფრაზას – „ამ ეტაპისთვის“, რითაც, საბოლოოდ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო ბურჯანაძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

გააზიარეთ: