კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – ზუგდიდის რაიონის #66 საარჩევნო ოლქი
ედიშერ თოლორაია
"ქართული ოცნება"
სანდრა რულოვსი
"ნაციონალური მოძრაობა"
ირაკლი ჩანგელია
"პატრიოტთა ალიანსი"
უკატეგორიოდ
1956 ნახვა
A+
A
A-

წარმოგიდგენთ ზუგდიდის #66 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), სანდრა რულოვსი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.

 

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

კენჭს ვიყრი ზუსტად იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ზუსტად ვიცი, რა უნდა გაკეთდეს და რა სჭირდება ჩემს ამომრჩეველს. ვიყრი კენჭს სწორედ იმიტომ, რომ ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს მაღალი ტრიბუნიდანაც დავეხმარო.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

იმიტომ, რომ გვიყვარს და პატივს ვცემთ სამეგრელოს და მე, არა მარტო მათი ენისა და სიმღერის გამო, არამედ იმიტომ, რომ სამეგრელოში ვხედავ დიდ პერსპექტივას, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. სამეგრელოს შეუძლია მთელი საქართველოს წამყვანი ძალა გახდეს და აფხაზეთის მიმზიდველი მაგალითს წარმოადგენს. დღეს სამეგრელოს უჭირს, უპატრონოდ დარჩა და მინდა, რომ დავეხმარო მის მოსახლეობას.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

გავიზარდე და დღემდე ვცხოვრობ ზუგდიდის რაიონში. შესაბამისად, კარგად ვიცი პრობლემების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის აწუხებს. ასევე, კარგად ვიცი თუ რა არის საჭირო  ჩემი რაიონის კეთილდღეობისთვის.

 

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

არშემდგარი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა: ლაზიკის პორტი, ანაკლიის განვითარება, ანაკლია-ფოთის ავტობანი რომელიც შეუერთდება ბათუმის ავტობანს. წყლის მილების პრობლემაა ზუგდიდის ბევრ რაიონში, თხილის კულტურის დაავადებაც დიდი პრობლემაა.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ზუგდიდის რაიონში არსებობს რამდენიმე პრობლემა, მათ შორის დამეწყრილი ნაკვეთები და სახლები, ჩასატარებელია უფრო მეტი სწორად დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოები; მიწის დაკანონების პრობლემა და ანაკლიის წითელ ზოლთან დაკავშირებული პრობლემა. წელს ნაკლებად მოსავლიანი წელი იყო. მოსახლეობას გაუფუჭდა თხილი და მოსავლის გარეშე დარჩა. გამოსაკვლევია მიზეზები და მისაღებია პრევენციული ღონისძიებები. ამასთან, საჭიროა მოსახლეობისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება და თხილის კულტურის მოყვანასთან დაკავშირებით. კოოპერატივების პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება,  რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მცირე მეურნეობების განვითარება.  სახელმწიფო პროგრამები არსებობს მაგრამ საჭიროა მასშტაბების გაზრდა და ხელმისაწვდომობის გამარტივება. მოსახლეობა უვლის დეგრადირებული ჯიშის საქონელს და შედეგს ვერ იღებს. შესაბამისად საჭიროა პროგრამა, რომლითაც  საქონლის ჯიშის განახლება მოხდება.

 

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

მიახლოებითი გრაფიკი ზუსტად ის არის, რა ვადითაც გვაძლევენ მანდატს ჩვენი ამომრჩევლები. ამ ვადაში ვაპირებ გავაკეთო მაქსიმუმი რეალურად,  რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი. არამარტო ჩემი არამედ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაა – თავისუფლება სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

ასეთი გრაფიკი არ არსებობს, ვერც გეტყვით რამდენ დროში შესრულდება, გააჩნია რა თქმა უნდა როგორი მონაწილეობა გვექნება პარლამენტისა და მთავრობის დაკომპლექტებაში. ძირითადი დაპირებებია ეროვნული პროგრამის დაპირებები, პენსიის გაზრდა, პედაგოგების ხელფასის მინიმალური ზღვარის 650 ლარით განსაზღვრა, სუსისა და ფინანსური პოლიციის გაუქმება, 45 000 სამუშაო ადგილის შექმნა 2017 წელსვე, ჯანდაცვის პაკეტის დიფერენცირებული გადანაწილება და წამლების შემოტანა, სასამართლოს რეფორმა.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

მე ამომრჩევლებს ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას ვპირდები. ამასთან ერთად, იმ პროექტების მაქსიმალურ ხელშეწყობას,  რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობისა და ოჯახების შემოსავლის გაზრდისკენ.

 

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა? 

ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

პარლამენტი არა მარტო კანონმდებლობას მოაწესრიგებს, არამედ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ შორის სამინისტროების მუშაობას, გამგეობებისა და მერიების მუშაობას.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

დიდი ალბათობით, წლევანდელი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. ვფიქრობ, ჩვენი პარტია იქნება წარმოდგენილი კოალიციურ მთავრობაში და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, რაც მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ ჩვენს საარჩევნო დაპირებებს.

 

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ,  ყველაფერს გავაკეთებ რათა საქართველოს ბიუჯეტში მაქსიმალურად იყოს ასახული ზუგდიდში არსებული პრობლემების გადაჭრის ფინანსური უზრუნველყოფა.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

დაპირებების შესასრულებლად, პირველ რიგში, ვგეგმავთ ინვესტიციების მოზიდვას და  არსებული ბუნებრივი და ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას.

 

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

პარტიასთან არის შესათანხმებელი, მაგრამ ჩემი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, იქნება ძირითადად ჯანდაცვის რეფორმების გაგრძელება რომელშიც  ექიმის და ექთნის პროფესია სათანადოდ უნდა დაფასდეს და პაციენტი უნდა იყოს მეტად დაცული. დიაგნოსტიკა საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს და ეკონომიკური შესაძლებლობის საფუძველზე განისაზღვროს თანადაფინანსების კომპონენტი, გენდერული თანასწორობა, გზების უსაფრთხოების ნორმების გაზრდა, გამონაბოლქვის და საწვავის კონტროლის მოწესრიგება, თამბაქოს მოხმარების ნელ-ნელა შეზღუდვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ნარკოპოლიტიკის სასწრაფოდ გადახედვა და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მიზნით რათა სიმსივნით და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები  არ იტანჯებოდეს ძლიერი ტკივილისგან და მათი ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა უნდა იყოს წამყვანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უკეთესი მომსახურეობა და ინტეგრაცია, ემიგრანტებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

პროგრამებიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია პარტიას, ვაპირებთ საკანონმდებლო ინიციატივებს.

 

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

პასუხი არ არის.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

არ ვეთანხმები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა აირჩიოს არამარტო პარტია არამედ, პიროვნებები ინდივიდუალურად. შესაბამისად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

 

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“):

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“):

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თანამშრომლობით, გარკვეული თემების ირგვლივ მხარდაჭერის მოპოვებით, კომიტეტებში ექსპერტებთან ერთად მუშაობით და გადაწყვეტილების მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებით.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ვფიქრობ, წლევანდელი პარლამენტი იქნება ყველაზე განსაკუთრებული დეპუტატებით დაკომპლექტებული, სადაც ჯანსაღი აზრის მოსმენის უნარი და გადაწყვეტილების მიღება არ იქნება პრობლემა. წლევანდელი მოწვევის პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. რადიკალურად განსხვავებული „სააკაშვილის“ ერთპარტიული ფსევდო ოპოზიციისგან. ეს პარლამენტი იქნება განსხვავებული წინა მოწვევის პარლამენტისგან. რადგან წინა მოწვევის პარლამენტის არჩევისას მოსახლეობამ ხმა მისცა „სააკაშვილის“ რეჟიმის დამარცხებას. წელს კი ამომრჩევლისგან ჩვენ მივიღებთ დაფიქრებულ გააზრებულ გადაწყვეტილებას.

 

კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი თანხვედრა იქნება ერთობლივი თანამშრომლობით.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ჩვენ გვექნება კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები, რომლებსაც ვეცდებით ფორსირებული წესით გადავიტანოთ და დავნერგოთ.

 

კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

ჩემი მთავარი მიზანი ჩემს ხალხთან გვერდით დგომაა და არა მხოლოდ მთქნარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მაჟორიტარის მთავარი ფუნქცია სწორედ ხალხის სამსახურში ყოფნაა და გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ასეთი მაჟორიტარი ვიქნები მე ზუგდიდში.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

ძალიან ინტენსიურად, არამარტო მისვლით და ადგილზე დაკონკრეტებით, არამედ ტელეფონის საშუალებითაც.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

მე კენჭს ვიყრი იმ რაიონში, სადაც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, შესაბამისად, ჩემი ურთიერთობები მოსახლეობასთან ყოველდღიური იყო, არის და იქნება. ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩვენი შეხვედრები  მაქსიმალურად ინტენსიური შესაძლებლობის ფარგლებში ჩატარდება.

 

კითხვა 11: არჩევის შემთხვევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული მაჟორიტარი, მათი პირადი წარმომადგენელი პარლამენტში. შემდეგ რა მოხდება ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რამე მსგავსი თუ მოხდა, ამაზე ჯობს მერე ვისაუბროთ.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს  მივაღწევ პირადად, პარტიის სახით და ზოგადად უმრავლესობით/უმცირესობით. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იმუშაოს იმ დარგში, რაშიც აქვს ყველაზე მეტი ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და მოტივაცია.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ჩემი არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები პარლამენტის დეპუტატი ვადის ამოწურვამდე.

 

კითხვა 12: რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

დეცენტრალიზაციაზეა ბევრი რამე დამოკიდებული, არ უნდა იყოს თავკომბალასავით რესურსების გადანაწილება. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ ღია დიალოგის და გამჭვირვალე მუშაობის საშუალება ადგილობრივ თვითმმართველობებში.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

გამგებლის წარმომადგენლების ფუნქცია უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რაც  მათ მუსაობას უფრო ქმედითსა და ნაყოფიერს გახდის.

 

კითხვა 13: გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

ჯერ არა, მაგრამ ვაპირებ, რომ ჰოლანდიის მთავრობასთან ერთად ამაზე ვიმუშაოთ, რომ მეწყერი, წყალდიდობის რისკები იყოს მინიმუმზე დაყვანილი იმიტომ, რომ ხშირად პროგნოზირებადია ასეთი მოვლენები და ძალიან გვაზარალებს და ეკო-მიგრაციას გამოიწვევს რასაც არა სასურველია.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

სააკაშვილის მთავრობამ სრულად მოსპო სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტები, რომლებიც ამ საკითხებს სწავლობდნენ. ვფიქრობ, ამ ინსტიტუტების აღდგენა აუცილებელია.

 

კითხვა 14: უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პარლამენტი ამ ეტაპზე ისევ ქუთაისში განაგრძობს მუშაობას. ვნახოთ მომავალში რა იქნება.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

დიახ, მთელი ძალაუფლება არ უნდა იყოს ერთ ხელში, ან ერთ ქალაქში.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ დათვლილი უნდა იქნას ის თანხები, რაც იხარჯება პარლამენტის ქუთაისში შენახვისთვის. მეორეს მხრივ, ამ თანხების თუნდაც ქუთაისში ინვესტირება მიზნობრივ პროგრამებში რა შედეგის მომტანი იქნება. ამის მერე შეიძლება ამ კონკრეტული პასუხების გაცემა. ეს ყველაფერი დათვლადია ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით. სხვა საკითხია თუ რა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება ამისთვის საჭირო.

 

კითხვა 15: რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცულირატომ

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია პარტიაში, არც ქალები დაუჩაგრავს არავის. ისე ვთვლი,  რომ პოლიტიკაში ქალებიც აუცილებელია.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

თუ არიან კომპეტენტური ქალები ძალიან კარგია, მთავარია მსურველები იყოს -კომპეტენტურობა ყოველთვის უნდა იყოს ძირითადი კრიტერიუმი. ჩვენს სიაში არ არის გენდერული თანასწორობა დაცული, სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის მსურველი ქალების დეფიციტის გამო და არა პარტიის პოლიტიკის გამო.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ქალების კვოტირება აუცილებელია და საჭიროა პარლამენტში. წინასაარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი. ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს.

 

კითხვა 16: თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

კონსტიტუციაში არა მგონია, და საერთოდ, ჩემმა პირადმა დამოკიდებულებამ ამ სენსიტიური საკითხის მიმართ მნიშვნელოვანი როლი არ უნდა ითამაშოს. ქართულ საზოგადოებაში აუცილებლად უნდა გაიმართოს ამის შესახებ დისკუსია და მხარს ვუჭერ იმ კურსს, რისი სურვილიც აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ამ საკითხზე ვფიქრობ არ ყოფილა საკმარისი დისკუსია, როდესაც საზოგადოებაში ისმევა კითხვა. ეს ნიშნავს იმას რომ ეს საკითხი აწუხებს საზოგადოებას.  უნდა გაიმართოს ფართო დისკუსია და იმის მიხედვით გადაწყდეს ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი  და შესაბამისად  ჩაიწეროს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ უნდა ჩაიწეროს.

 

კითხვა 17: აპირებთ თუ არა პარლამენტში საქათველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

დიახ, ვუჭერ მხარს და ჩვენ ძლიერი თავდაცვა უნდა გვყავდეს, რომ არავის არ მოუვიდეს აზრად ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ან რაიმე გავლენის სფეროში საქართველოს მოქცევა. ძირითადად ვფიქრობ, რომ ეკონომიკურად და საზოგადოებრივად ძლიერ საქართველოს ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ რუსეთთან თანასწორი პარტნიორობა ჰქონდეს. რუსეთთან ურთიერთობის კატეგორიული უარყოფა არ გამოდის  ჩვენს რეალობაში და ჩვენს რეგიონში. ის ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ მათთან ჯანსაღი ურთიერთობა გვქონდეს მომავალში, როგორც მაგალითად ჰოლანდიას და გერმანიას აქვთ დღეს, ისინიც არ იყვნენ ყოველთვის ჩახუტებულები ან ნეიტრალური ერთმანეთის მიმართ და ათობით წლები დასჭირდათ, რომ ურთიერთობები ნორმალიზებულიყო. დიდი შრომა, ჭკუა, კეთილი ნება და მონდომებაა საჭირო.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გეოპოლიტიკური პროცესები უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე არასოდეს. ჩვენ გვაქვს არასტანდარტული სიტუაცია რეგიონში. თურქეთი, რომელიც არის ნატოს წევრი სახელმწიფო, ნახევარ საუკუნეზე მეტი, არის ამავდროულად რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი. ასევე გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო თურქეთმა ლამის სამხედრო შეტაკების რისკის წინ იდგა მსოფლიო. ასეთ სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საჭიროა უფრო მეტი მოქნილობა, უფრო მეტი საქმის კეთება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

 

კითხვა 18: დღეს თქვენ მმართველი პარტიის სახელით იყრით კენჭს. თუკი თქვენი პარტია ოპოზიციაში არმოჩნდება. დატოვებთ თუ არა მის რიგებს და გადახვალთ თუ არა კვლავ სახელისუფლებო პარტიაში?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

„ქართული ოცნება“ არის პარტია რომელშიც ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის. თუმცა, ოპოზიციაშიც ვყოფილვარ როგორც „ქართული ოცნების“ წევრი. ჩვენ ხალხის საქმეს ვაკეთებდით და ვაკეთებთ დღესაც.

 

კითხვა 19: რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემებად/გამოწვევებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე და რა მთავარი ნაბიჯებია გადასადგმელი ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად?

ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

სანდრა რულოვსი („ნაციონალური მოძრაობა“)

წინა მთავრობას ძალიან კარგად   ესმოდა, რომ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება, განათლების რეფორმა და იმ რეგიონებისა და უმცირესობების ინტეგრაცია იყო ის გზა, რომელმაც ყველაზე კარგი შედეგი მოგვიტანა. ერთმანეთის კულტურის, ენის და უნიკალურობის  პატივისცემით, მაგრამ ეროვნული ერთობის და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

ირაკლი ჩანგელია („პატრიოტთა ალიანსი“)

უპირველეს ყოვლისა, ენობრივი ბარიერი, ძალიან ბევრმა არ იცის ქართული ენა და შესაბამისად უჭირთ ინტეგრაცია. მნიშვნელოვანია  კვოტები და სპეცფონდები. რომლებიც ეთნიკური უმრავლესობების სწავლა-განათლებას დააფინანსებს.

 

ინტერვიუები მოამზადეს  – თამარ შონიამ და ქრისტინა შონიამ

გააზიარეთ: