ლევან ხაბეიშვილი: 2020 წლის არჩევნებზე რომ არ ყოფილიყო მაჟორიტარული სისტემა, დღეს ისინი ხელისუფლებაში ვერ იქნებოდნენ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: 2024 წლის 23 მარტს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა: „2020 წელს 48 პროცენტი აიღო ქართულმა ოცნებამ და რომ არა მაჟორიტარული სისტემა, თქვენ იცით, რომ გახარიადან წავიდა კიდევ ხალხი, დღეს აი ამ დროს და წინაზე რომ ეთერში ვიყავი, მაშინაც ვთქვი და ფაქტჩეკმა გადაამოწმა და კიდევ ერთხელ კარგად გადაამოწმოს. 2024 წელია ახლა კალენდარზე, 2020 წლის არჩევნებზე რომ არ ყოფილიყო მაჟორიტარული სისტემა და ეხლა არ იქნება ეს მაჟორიტარული სისტემა, ესეც უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, დღეს ამ კონფიგურაციით, როცა მათგან გავიდა პლუს გახარიას ხალხი, ისინი ხელისუფლებაში ვერ იქნებოდნენ ახლაც კი“.
ლევან ხაბეიშვილის წინა განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ მართლაც გადაამოწმა და შეაფასა ვერდიქტით მცდარი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). წინა განცხადებაში ხაბეიშვილი ამტკიცებდა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგებით „ქართული ოცნება“ უმრავლესობას კარგავდა. მართალია, 2020 წლის სრულად პროპორციული და უბარიერო სისტემით ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლებას ნაკლები დეპუტატი ეყოლებოდა, თუმცა ის უმრავლესობას მაინც მოიპოვებდა. ახალ განცხადებაში ლევან ხაბეიშვილი ხაზგასმით მიუთითებს, რომ გულისხმობს არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და „ქართული ოცნებიდან“ გახარიას გუნდის წევრების გასვლას და ამტკიცებს, რომ ამ კონტექსტში, დღეს, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ცალკე სუბიექტია და მას მმართველი პარტიიდან რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა, „ქართული ოცნება“ დაკარგავდა უმრავლესობას.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადება გადაამოწმა.
პირველ რიგში, მოკლედ ვთქვათ, რა განსხვავებაა მაჟორიტარულ, შერეულ და პროპორციულ სისტემებს შორის. მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის დეპუტატები მაჟორიტარული ოლქებიდან ირჩევიან, პროპორციული სისტემის შემთხვევაში - დგება პარტიის საპარლამენტო სია და არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგის პროპორციულად სიიდან პოლიტიკოსები პარლამენტში ხვდებიან, ხოლო შერეულ სისტემაში ორივე სისტემა გამოიყენება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ასე ჩატარდა. 120 დეპუტატი პროპორციული სიებით შეირჩა, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით აირჩა. მარტივად რომ ავხსნათ, თუ არჩევნებში ორი პარტია მონაწილეობდა და თანაბარი ხმები მიიღო, პროპორციული სიიდან თითოეული პარტია 60-60 დეპუტატს გაიყვანდა. დანარჩენი 30 დეპუტატი კი, მაჟორიტარული წესით შეირჩეოდა და თუ რომელიმე ერთი პარტია ყველა ოლქს მოიგებდა, პარლამენტში დამატებით 30 დეპუტატს შეიყვანდა. შესაბამისად, 50%-იანი მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტის 2/3-ს დააკომპლექტებდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება და, მოქმედი კანონმდებლობით, 5%-იანი ბარიერი იქნება - პარლამენტში დეპუტატებს გაიყვანენ ის პარტიები, რომელნიც მთლიანი ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ, ხოლო დანარჩენი - ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მანდატები შემდგომში კანონის შესაბამისად გადანაწილდება.
„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებში საერთო ხმების 48.22% აიღო. 2020 წლის არჩევნებზე დაწესებული იყო 1%-იანი ბარიერი, რომლის გადალახვაც 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა შეძლო. 9 პარტიამ, რომელთაც ამ ბარიერის გადალახვა მოახერხეს, ჯამში ხმების 93.85%-ის მოიპოვა. ბარიერგადალახული პარტიებიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ 51.38%-ს მიაღწია (48.22%:93.85%=0.5138[1]). 51.38% 77 მანდატს ნიშნავს (150*51.38%=77.0697), რაც რეალურად უმრავლესობის დასაკომპლექტებლად საკმარისია.
პარტიები მანდატებს 150 მანდატთან (პარლამენტში მანდატების ჯამური რაოდენობა) საკუთარი შედეგის შეფარდებით იღებენ. ეს ძალიან იშვიათადაა მთელი რიცხვი, ამიტომ მანდატებს იღებენ იმ რაოდენობით, რაც მთელი რიცხვია, ხოლო რიცხვის წილადი ნაწილი გაუნაწილებელი რჩება. ამ შემთხვევაში გაუნაწილებელი მხოლოდ 2 მანდატი დარჩა. გაუნაწილებელი მანდატების მიღების წესი კი შემდეგია: გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე პარტიები. ამ შემთხვევაში კი ასეთი პარტია ორია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ქართული ოცნება, თუკი არჩევნები 2020 წელს სრულად პროპორციული, მაგრამ 1 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდებოდა, 77+1, ანუ 78 მანდატს მიიღებდა.
ცხრილი 1: მანდატების განაწილების სიმულაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული და 1%-იანი ბარიერული სისტემით ჩატარების შემთხვევაში
იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული და ბუნებრივი ბარიერით (0.67% ) ჩატარდებოდა, ბარიერს ნინო ბურჯანაძის პარტიაც გადალახავდა და მანდატები სხვაგვარად განაწილდებოდა. კერძოდ, „ქართული ოცნება" ჯამში 77 მანდატს მიიღებდა. (მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შესახებ ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.)
ცხრილი 2: მანდატების განაწილების სიმულაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული და ბუნებრივი ბარიერული სისტემით ჩატარების შემთხვევაში
დღევანდელი მოცემულობით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, პარტია „საქართველოსთვის“, პარლამენტში 5 დეპუტატი ჰყავს - ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და ალექსანდრე მოწერელია. იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 1-პროცენტიანი ან ბუნებრივი ბარიერით ჩატარდებოდა, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების გამოკლების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უმრავლესობას მართლაც დაკარგავდა (1%-იანი ბარიერით: 78-5=73, ხოლო ბუნებრივი ბარიერით: 77-5=72). როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ 73 ან 72 დეპუტატით რჩებოდა პარლამენტში, ხოლო ოპოზიციური პარტიები ჯამურად უმრავლესობას იღებდნენ.
5%-ზე მეტი ხმის მიღება 2020 წლის არჩევნებზე მხოლოდ ორმა პარტიამ მოახერხა, რაც მოცემულ სურათს რადიკალურად ცვლის. კერძოდ, 2020 წლის არჩევნები ამ ბარიერით რომ ჩატარებულიყო, პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდებოდნენ. მათ ჯამში ხმათა 75% მოაგროვეს. მანდატები სწორედ ასე ითვლება - ბარიერგადალახული პარტიის მიერ მოგროვებული ხმები იყოფა ბარიერგადალახული პარტიების ხმების ჯამურ რაოდენობაზე, მრავლდება 150-ზე და მიღებული მთელი რიცხვი არის იმ მანდატების რაოდენობა, რომელიც პარტიამ მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 95 დეპუტატს გაიყვანდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ - 54-ს. დარჩენილი მანდატები საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებზე თანმიმდევრობით ნაწილდება - ამ შემთხვევაში, დარჩენილ 1 მანდატსაც „ქართული ოცნება“ მიიღებდა. შესაბამისად, ჯამში 96 დეპუტატი ეყოლებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილს განცხადება ზუსტია იმ ნაწილში, რომ „ქართული ოცნება“ დღეის მდგომარეობით უმრავლესობას დაკარგავდა, 2020 წლის არჩევნები რომ სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო. მიუხედავად ამისა, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, რაც მოქმედი ნორმაა, სურათი იმგვარად იცვლება, რომ ასეთი პარალელის გავლებისას, მსმენელზე მცდარი შთაბეჭდილების მოხდენის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, დაზუსტდეს, რომ მოქმედი 5%-იანი ბარიერი ფაქტობრივად, 2020 წლის შედეგების მიხედვით, იმავე ბონუსს მისცემდა „ქართულ ოცნებას“, რაც მაჟორიტარულმა სისტემამ მისცა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან განცხადება ზუსტია, თუმცა ამ დამატებით განმარტებას საჭიროებს, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილს განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
[1] უფრო ზუსტად - 0.51379861481.