2016 წლის მარტიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვის მონათვლა იკრძალება
ყალბი ამბავი
3375 ნახვა

მკითხველის თხოვნით გადამოწმებული ფაქტი

A+
A
A-

იტალიურ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლის მარტიდან ახალშობილი ბავშვების ნათლობა იკრძალება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა რამდენიმე ქართულ ონლაინ მედიასაშუალებაშიც, რასაც აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს.

ერთ-ერთი იტალიური გაზეთის (Libero Quotidiano) მიერ ბავშვის ნათლობის აკრძალვასთან დაკავშირებული სიახლეების გამოქვეყნება 2014 წელს დაიწყო. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა ქალბატონმა, რომელსაც მეუღლემ შვილის მონათვლა აიძულა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ქალბატონი, რომლის სახელიც არსად დაფიქსირებულა, კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევაზე აპელირებდა, რომლის მიხედვითაც “ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება”.

კიდევ ერთი იტალიური მედიასაშუალების – The Local-ის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარყო აღნიშნული საქმის არსებობა და შესაბამისად ის ფაქტი, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალშობილი ბავშვების მონათვლა ორივე მშობლის თანხმობის გარეშე კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტ-მეტრმა აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ოფიციალური განცხადება ვერ მოიძია, ისევე როგორც ზემოთხსენებული გადაწყვეტილება.

ახალშობილთა ნათლობის აკრძალვის შესახებ კამპანიის მეორე ტალღა 2016 წლის 20 იანვრიდან დაიყწო. ინფორმაცია კვლავ იტალიური პრესით (il Giomale.it) გავრცელდა, რასაც რუსული მედიასაშუალებები კვლავ გამოეხმაურნენ და მოსახლეობას 2016 წლის მარტიდან ბავშვების მონათვლის აკრძალვის შესახებ აცნობეს.

განსაკუთრებით საინტერესოა ქართული მედიასაშუალების (MediaCity.ge) მიერ გავრცელებული ინფორმაცია (აღნიშნულ სტატიას 5 000-მდე გაზიარება აქვს), რომელიც იმდენად აშკარა ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, რომ მისი სიყალბე ზედმეტი გადამოწმების გარეშეც ნათელია. ამასთან, სტატიიდან კვლავ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

ასევე, ქართულ სტატიაში მოყვანილია ციტატა თითქოსდა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (რომელსაც სტატიის ავტორი შეცდომით განჩინებად მოიხსენიებს). “ნათლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-16 მუხლს” – ვკითხულობთ ციტატაში. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად – “მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის მე-10, მე-11 და მე-14 მუხლებში არაფერი განიხილება ხელისშემშლელად, დააწესონ შეზღუდვა უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობაზე”. როგორც ვხედავთ, აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად სხვა თემას ეხება და ბავშვის ნათლობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია.

სტატიაში მოცემულ ციტატაში ასევე მოყვანილია ვითომდა სასამართლოს მსჯელობა: “ნათლობა არის აქტი, რომელიც გათვითცნობიერებულად უნდა იქნეს არჩეული და არ უნდა იყოს მოხვეული ზემოდან და ძალდატანებით რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მიერ. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ქრისტიანული ეკლესია. ეს იქნება დასავლეთ ევროპისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი”.

სტატიაში აგრეთვე ნახსენებია, რომ სტატისტიკის მიხედვით, დასავლეთ ევროპაში ქალების საკმაოდ დიდი პროცენტი ბავშვს ბიოლოგიური მამის გარეშე ზრდის. ნათლობის თანხმობის მისაღებად მამის მოძებნა შეიძლება ქალისთვის გარკვეულ პრობლემად იქცეს. სტატიაში არ ჩანს, აღნიშნული სტატისტიკის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშივე არის ნახსენები, თუ ის სტატიის ავტორმა მოიძია. თუმცა, ნათელია, რომ ორივე მშობლის თანხმობის მოთხოვნა და “სასამართლოს გადაწყვეტილებაში” ნახსენები ნათლობის გათვითცნობიერულობის აუცილებლობა ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის.

გავრცელებულ ინფორმაციას წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრიც გამოეხმაურა. “ეს მორიგი დეზინფორმაციაა ანტიევროპული განწყობის გასაღვივებლად” – ნათქვამია განცხადებაში. მათივე განცხადებით, საიტი il Giomale, იტალიური ჟურნალი il giornale-ს ცრუ ასლია.

 

დასკვნა

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 2016 წლის მარტიდან ბავშვების ნათლობა იკრძალება, არცერთი ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება.

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად ნათელი ხდება, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის გამოგონილი. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციას ნაკლებად ცნობილი მედიასაშუალებები აშუქებენ. ასევე, ყველა მათგანის მასალა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, რაც ადვილად შესამჩნევია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სტატიათა უმრავლესობაში შეინიშნება ევროპული ლიბერალური ძალებისა და ზოგადად ევროპული პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ანტიევროპული განწყობა და მოწოდებები განსაკუთრებით სტატიებზე მკითხველთა მიერ დატოვებულ კომენტარებში ჭარბობს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მედიასაშუალებების (ძირითადად რუსული და იტალიური, ასევე ქართულიც) მიერ გავრცელებული ინფორმაცია 2016 წლის მარტიდან ახალშობილთა ნათლობის აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ტყუილი.

გააზიარეთ: