2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მიღებულია 2 მილიარდზე მეტი შემოსავალი
სიმართლე
1458 ნახვა
A+
A
A-

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის სექტორში დადებით ტენდენციებზე ისაუბრა: „საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა”.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6.351 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება. თუ გადავხედავთ, როგორი იყო ქვეყანაში ვიზტორთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, ვნახავთ, რომ 2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა 2014 წელს პროცენტული ზრდის ტემპი მკვეთრად (2.3%-მდე) შემცირდა, რაც გარკვეულწილად მთავრობის მიერ გატარებული არასწორი სავიზო პოლიტიკის შედეგი იყო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). 2015 წლიდან ეს მაჩვენებლი კვლავ გაიზარდა და ვიზიტორთა პროცენტული ზრდის ტემპმა 7% შეადგინა. თუმცა, 2015-2016 წლების ტენდენცია 2014 წლამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით მაინც დაბალია.

 

გრაფიკი 1: ვიზიტორთა რაოდენობა და პროცენტული ზრდა

image001

 

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2016 წელს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან 2 715 ათასი ტურისტი (ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება) იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროდან 1.7 მილიარდი აშშ დოლარი  შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სამ კვარტალში დაფიქსირებულ ზრდას და პროცენტული ზრდის ტემპს წინა წელთან შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მილიარდ დოლარს  აღემატება.

 

ცხრილი 1: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (ათასი აშშ დოლარი)

წლები ოდენობა პროცენტული ცვლილება
2011 954 908 45%
2012 1 410 902 48%
2013 1 719 700 22%
2014 1 787 140 4%
2015 1 935 915 8%
2016 (9 თვე) 1 684 915 12%

 

 

დასკვნა

2016 წელს საქართველოს 6.351 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც 7.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა 42% ტურისტი იყო.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროდან დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ამ დროისთვის გამოქვეყნებული არაა, თუმცა, სამ კვარტალში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მილიარდს გადააჭარბებს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: