2013 წლის 13 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ხარატიშვილი, რუსთავის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩეველებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ხარატიშვილმა ყურადღება დასაქმებაზეც გაამახვილა და განაცხადა: „რუსთავი სამრეწველო ქალაქია და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქ დასაქმების კუთხით მხოლოდ გაუარესებაა“.
ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და შევეცადეთ, გაგვერკვია, ქალაქ რუსთავში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა მართლაც შემცირდა თუ არა.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ოფიციალური წერილით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მივმართეთ და ქალაქ რუსთავში 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე (2013 წლის სექტემბრის ჩათვლით) დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
მიღებული პასუხის თანახმად, „საქსტატი“ მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლებს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ფლობს და, შესაბამისად, ქალაქ რუსთავში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციაც ვერ მოგვაწოდა. ჩვენ შევეცადეთ საკუთარი ძალებით დაგვედგინა რუსთავში დასაქმებულთა რაოდენობა შესაბამისი წლების მიხედვით.
რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე მხოლოდ 2008 წლის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკური მონაცემია განთავსებული. ამ მონაცემების თანახმად, ქალაქში 2008 წელს ბიზნეს სექტორში 14113 ადამიანი იყო დასაქმებული. „საქსტატის“ მონაცემით კი, ბიზნეს სექტორში ქვემო ქართლში (ქალაქი რუსთავი ქვემო ქართლის რეგიონს მიეკუთვნება) 2008 წელს 26 863 კაცი იყო დასაქმებული.ამ ორ მონაცემზე დაყრდნობით, რუსთავში დასაქმებულთა წილი ქვემო ქართლში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 53 %-ს შეადგენს.
სხვა წლების სტატისტიკის დასადგენად, ამ პროცენტული მაჩვენებლით ვისარგებლეთ და ქვემო ქართლის მონაცემზე დაყრდნობით შევეცადეთ დაგვედგინა, იმავე პროცენტული მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა როგორი სტატისტიკა იქნებოდა რუსთავში წლების მიხედვით.
2008
2009
2010
2011
2012
ქვემო ქართლი
26863
28460
28411
32266
33509
რუსთავი
14113
15084
15058
17101
17760
საქსტატის 2012 და 2013 წლებში შესაბამისი კვარტლების მონაცემების მიხედვით და ჩვენს მიერ დადგენილი თანაფარდობით ( 53%), ჩვენ რუსთავში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის დადგენა ვცადეთ:
2012 წ Iკვ
2012წ.II კვ
2012წ III კვ
2012წ IV კვ
2013წI კვ
2013წII კვ
ქვემო ქართლი
35 850
37 216
36 823
36 666
34 604
34 345
რუსთავი
19 000
19724
19 516
19 432
18 340
18 202
მოყვანილი მონაცემის მიხედვით, ერთმანეთს 2013 და 2012 წლების კვარტალური მონაცემები შევადარეთ. როგორც ცხრილიდან ჩანს, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა სავარაუდო რაოდენობა რუსთავში 2013 პირველ კვარტალში 18 340 იყო, რაც 2012 წლის შესაბამის მონაცემზე (19 000) ნაკლებია და დასაქმებულთა რაოდენობა 3,5% არის შემცირებული. ანალოგიურად, რუსთავის 2013 წლის მე-2 კვარტლის მონაცემიც - 18 202, 2012 წლის მეორე კვარტლის შესაბამის მონაცემზე - 19 724-ზე ნაკლებია და დასაქმებულთა რაოდენობა 7,7% არის შემცირებული. ამდენად, ჩვენი მეთოდით დათვლის შედეგად, კლება სახეზეა.
გრაფიკი 1 ქ. რუსთავში დასაქმებულთა სავარაუდო რაოდენობა
ჩვენ ქალაქ რუსთავიდან ბოლო 4 წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული თანხებიც შევადარეთ ერთმანეთს. რამდენადაც კანდიდატი არჩევნების შემდგომ პერიოდს უთითებს, ჩვენ ოქტომბრიდან ოქტომბრამდე პერიოდი შევარჩიეთ შესადარებლად. საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემების თანახმად (იხ. გრაფიკი 2), 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, აკრეფილ იქნა დაახლოებით 6,1 მლრდ ლარი. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე, საშემოსავლო გადასახადიდან, 7,1 მლრდ ლარი შემოვიდა. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე კი, საშემოსავლო გადასახადიდან აკრეფილმა თანხამ 8,7 მლრდ ლარი შეადგინა. ხოლო, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე, ანალოგიური მაჩვენებელი 7,4 მლრდ ლარს შეადგენს.
გრაფიკი 2 ქ. რუსთავში საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხა.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წლამდე სახეზე იყო საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხების ზრდა, ხოლო 2012-2013 წლებში, საშემოსავლოდან აკრეფილმა თანხამ იკლო. საშემოსავლოდან შემოსული თანხის კლება შეიძლება განპირობებული იყოს როგორც დასაქმებულთა რაოდენობის კლებით და დასაქმებულთა ხელფასის ოდენობის კლებით, ისე გადასახადების ამოღების შემცირებით. ამდენად, აღნიშნული მონაცემი არ არის საკმარისი ინდიკატორი დასაქმებულთა რაოდეობის კლების დასადასატურებლად, თუმცა, გარკვეულ ინფორმაციას მაინც გვაწვდის ქალაქ რუსთავში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
დასკვნა
ქალაქ რუსთავის დასაქმების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. კვლევაში შევეცადეთ, ქვემო ქართლის შესახებ „საქსტატის“მონაცემებზე დაყრდნობით, რუსთავში დასაქმების კუთხით არსებული მდგომარეობის სურათი შეგვექმნა. ამასთან, ჩვენ ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიაც გამოვიყენეთ.
მიღებული მონაცემების შედეგად დავადგინეთ, რომ რუსთავში ბიზნეს სექტორში 2013 წლის I და II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის I და II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობაზე ნაკლებია.
კვლევის გასამყარებლად, ჩვენ რუსთავიდან ბოლო 4 წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხებიც შევადარეთ ერთმანეთს. 2012-2013 წლებში საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხა ნაკლებია წინა წლების ანალოგიურ პერიოდში შემოსულ თანხებზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების უტყუარი დამადასტურებელი ფაქტი არ არის.
საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ ზურაბ ხარატიშვილის განცხადება: „რუსთავში დასაქმების კუთხით გაუარესებაა“, არის სიმართლე.