ეკონომიკის სამინისტრო: „გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება. დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო პირობებით გასხვისებულია 6 ყოფილი სანატორიუმი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 51 მილიონ ლარს აღემატება.“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება არის მანიპულირება.
გრიგოლ გეგელიას განცხადება შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2019 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ წყალტუბოს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, საკუთარი სახსრებით აღადგენდა. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ წყალტუბოში გასხვისდა ექვსი სანატორიუმი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 51 მლნ ლარს აღემატება. სინამდვილეში, ამ სანატორიუმების რეაბილიტაცია შეფერხებულია. ამასთან, გეგელია საუბრობს კონკრეტულად იმ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს კურორტის საკუთარი სახსრებით უნდა აღედგინა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს კი საკუთარი ინვესტიცია არც ერთი სანატორიუმი გამოსყიდვასა და რეაბილიტაციაში არ დაუბანდებია. ამდენად, სამინისტროს განცხადება მანიპულაციურია.
ანალიზი:
ტვ „იმედმა“ გაავრცელა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება. დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო პირობებით გასხვისებულია 6 ყოფილი სანატორიუმი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 51 მილიონ ლარს აღემატება.“
სამინისტროს პასუხობს გრიგოლ გეგელიას ამ განცხადებას: „ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია, არც ერთი ადამიანი არ დაუსაქმებია და არც ერთი პროექტი არ წაუყვანია წინ.“
იმაზე, რომ დამოუკიდებლობის პირველივე წლებში წყალტუბო გავერანდა და მისახედია, ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი 2019 წელს გააკეთა. იქვე კურორტის ეკონომიკურ განვითარებასაც დაგვპირდა. „ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
გრიგოლ გეგელიას განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე დღის წინ გადაამოწმა, ამდენად, ჩვენ უკვე მოვიძიეთ და დავამუშავეთ შესაბამისი წყაროები, რომლებზე დაყრდნობითაც გაირკვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი ფაქტები იყო სიმართლე. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს, განცხადებიდან ხუთი წლის შემდეგ, წყალტუბოს არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია და შესაბამისად, რეაბილიტაცია არ დაუწყია. საუბარია სანატორიუმების გამოსყიდვასა და რეაბილიტაციაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის პირადი სახსრებით. რაც შეეხება სახელმწიფოს, მან რამდენიმე პროექტი განახორციელა, მაგალითად, წყალტუბოს წყალი კერძო ინვესტორისგან გამოისყიდა 8 მლნ აშშ დოლარად, რაც, დღევანდელი გაცვლითი კურსით, დაახლოებით 21 608 000 ლარია. ასევე, მართალია, ხარისხთან მიმართებით მოსახლეობას გარკვეული პრეტენზიები აქვს, მაგრამ დასრულდა „ცივი ტბის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამი დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც თავადვე ადასტურებს, რომ წყალტუბოში განხორციელებული ან მიმდინარე პროექტები დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „წარმოგიდგენთ, დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო პირობებით გასხვისებულ 6 ყოფილ სანატორიუმს: „მეტალურგი“, „ივერია“, „თბილისი“, „უშიშროება“, „სამგურალი“ და „წყალტუბო“, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა აღემატება 51 მილიონ ლარს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია „ცივი ტბის“ რეაბილიტაცია, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მიმდინარეობს ქალაქის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. იგეგმება ახალი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. ამასთანავე, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია და დამტკიცებულია საკრებულოს მიერ 2021 წლის N90 განკარგულებით. ასევე შემუშავებულია წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის პროექტი. პროექტი დასრულებულია და გადაცემულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის დასამტკიცებლად.
დამატებით გაცნობებთ, რომ სააგენტო აქტიურად განიხილავს წინადადებებს წყალტუბოში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის თაობაზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გრიგოლ გეგელია კი ხაზგასმით საუბრობს ბიძინა ივანიშვილის იმ დაპირებაზე, რომლის თანახმადაც, მას წყალტუბოს აღორძინება სწორედ საკუთარი სახსრებით უნდა დაეწყო და „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“ განეხორციელებინა. მას ეს დაპირება არ შეუსრულებია.
Bm.ge-ის მიერ მიმდინარე წლის ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, გასხვისებული სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი შეფერხებულია. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ადრე გასხვისებული სანატორიუმები - „მეშახტე“, „ცისკარი“ - სახელმწიფოს დაუბრუნდა, ხოლო ამჟამად მხოლოდ "თბილისის" აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამდენად, წყალტუბოს აღორძინებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, ბიძინა ივანიშვილს ინვესტიცია არ განუხორციელებია. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხოლო სანატორიუმები სხვა ინვესტორებმა შეისყიდეს, თუმცა ამ ნაბიჯს, კურორტის ტურისტული განვითარების თვალსაზრისით, რაიმე მკვეთრი გაუმჯობესება არ მოუტანია.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება არის მანიპულირება, რადგან მასში საუბარია წყალტუბოში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე ან დაგეგმილ პროექტებზე და არ შეიცავს კონტრარგუმენტებს იმ კონკრეტული გარემოების უარსაყოფად, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ახსენებს.