„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით, აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რომელიც განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს, განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშების წესი. ასევე, რეგულირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცების წესი.
განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი 23-ე მუხლში მე-5 პუნქტად შემდეგი შინაარსის დამატების შეტანასაც გულისხმობს:
„ადმინისტრაცის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა, აკადემიური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.“
კანონპროექტის წარდგენისას, იმჟამად განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ სანიკიძემ, განაცხადა, რომ „ევროპული, ამერიკული გამოცდილებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეზღუდულია, ერთმნიშვნელოვნად, რომ ჰქონდეს აკადემიური თანამდებობა. ეს გამომდინარეობს იმ პრინციპიდან და იმ დატვირთვიდან, რაც რეალურად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აქვს.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა თამარ სანიკიძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, არსებობს თუ არა ევროპული და ამერიკული გამოცდილებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად რაიმე შეზღუდვა. ამ კითხვით ჩვენ ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებს მივმართეთ.
ჩვენს შეკითხვაზე ოქსფორდის უნივერსიტეტიდან პასუხად მივიღეთ, რომ უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა არ აქვთ, თუმცა, სასწავლებლის მდივანი (The Registrar) უძღვება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მომსახურებას (University Administration and Services). იგი ასევე არის უნივერსიტეტის საბჭოსა და ვიცე-კანცლერის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული პოლიტიკის საკითხებში (The principal adviser on strategic policy to the Vice-Chancellor and Council).
ოქსფორდის უნივერსიტეტის ცნობით, მათ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანისთვის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად რაიმე შეზღუდვა არ გააჩნიათ. მეტიც, სასწავლებლის მოქმედი მდივანი, პროფესორი ევან მაკკენდრიკი, ამავე უნივერსიტეტის ინგლისური კერძო სამართლის პროფესორიცაა.
კიდევ ერთი ევროპული სასწავლებლის, ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ამ სახელწოდებით არ გააჩნიათ. თუმცა, მისი ექვივალენტური თანამდებობის პირს უნივერსიტეტში აკადემიური პოზიციის დაკავების უფლებას არ უზღუდავენ.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ფაქტ-მეტრის შეკითხვაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა გვიპასუხა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალსარ ეზღუდება აკადემიური თანამდებობის დაკავება. მათივე ინფორმაციით, მაგალითისთვის, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მოქმედი კანცლერი, ერიკ გრიმსონი, (Chancellor Eric Grimson) ასევე, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორია. უნივერსიტეტის პრორექტორი, კრის ა. კაიზერი, (Provost Chris A. Kaiser) კი ამავდროულად ბიოლოგიის პროფესორის თანამდებობას იკავებს. ამასთან, უნივერსიტეტის არაერთი პრეზიდენტი, ამ პოზიციის დაკავებამდე, პროფესორად მუშაობდა. თუმცა, როგორც წესი, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში ისინი არ ასწავლიან. აღსანიშნავია, რომ მათივე ინფორმაციით, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და ხაზინადარ ისრაელ რუისს (Executive Vice President and Treasurer Israel Ruiz), პროფესორის თანამდებობა არ უჭირავს.
დასკვნაროგორც ზოგიერთი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, მათი გამოცდილების შესაბამისად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, როგორც წესი, არანაირი პირდაპირი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, მაგალითად, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის პრეზიდენტები ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩვეულებისამებრ, აკადემიურ პოზიციას არ იკავებენ.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, თამარ სანიკიძის განცხადება, „ევროპული, ამერიკული გამოცდილებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერთმნიშვნელოვნად შეზღუდულია, რომ ჰქონდეს აკადემიური თანამდებობა“, არის მეტწილად მცდარი.