განაცხადა, რომ „რეგლამენტით, არც კანონით და არც რომელიმე შიდანორმატიული აქტით, არ არის განსაზღვრული მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორის, ზედამხედველი აუდიტორის, აუდიტორ-ასისტენტისა და აუდიტორ-სტაჟიორის ფუნქცია-მოვალეობები, მათი უფლებამოსილებები და სხვა მოთხოვნები.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეესაბამება, თუ არა დეპუტატ ნოდარ ებანოიძის განცხადება სიმართლეს.
2012 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახით ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანო ჩამოყალიბდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსტიტუციური მანდატი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლით. სახელმწიფო აუდიტის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"საქართველოს კანონით განისაზღვრება.
კანონი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას ასევე არეგულირებს სახელმწიფო აუდიტის „რეგლამენტი“,რაც განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის წესს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, აუდიტის მომზადებისა და ჩატარების წესებს, საქმის წარმოებისა და შიდა საქმიანობის სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტს აქვს „აუდიტორთა ეთიკის კოდექსი”,რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ქცევის წესს.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს კანონით აუდიტის შესახებ და რეგლამენტით განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის ორგანიზაცია და სტრუქტურა, სადაც მოხსენიებულია აუდიტის განმახორციელებელი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი.
კანონის შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება : სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონის მე-13 მუხლით, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის IV თავის შესაბამისად განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმისუფლება-მოვალეობანი.
სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონის, მე-9 და მე-10 მუხლებით, ასევე სახელწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის II თავის შესაბამისად, განსაზღვრულია გენერალური აუდიტორისუფლება-მოვალეობანი.
სახელმწიფო აუდიტის რეგლამენტის II თავის 5,6,7 პუნქტებით, ასევე სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გენერალური აუდიტორის მოადგილეების (პირველი მოადგილე, მოადგილე)უფლება-მოვალეობანი.
სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს. ამ მუხლით გათვალისწინებულია, აუდიტის ჩატარების პროცესში,მათი უფლება-მოვალეობანი. თუმცა, სხვა სამსახურეობრივი უფლებამოსილებანი სრულად არც კანონით და არც რეგლამენტით განსაზღვრული არ არის.
სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონში, ასევე სახელმწიფო აუდიტის რეგლამენტში არ მოიძებნა აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ ისეთ პირთა თანამდებობები და უფლება-მოვალეობანი, როგორიცაა უფროსი აუდიტორი, ზედამხედველი აუდიტორი, აუდიტორ-ასისტენტი.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა არსებობდა თუ არა მსგავსი აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა თანამდებობები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. ამისთვის ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის განყოფილებას შემდეგი საკითხების გასარკვევად:
- არსებობს თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ისეთი აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა თანამდებობები, როგორიცაა უფროსი აუდიტორი, ზედამხედველი აუდიტორი და აუდიტორ-ასისტენტი
- რა უფლება-მოვალეობანი გააჩნია ამ თანამდებობებს და რომელი კანონმდებლობით რეგულირდება მათი საქმიანობა?
- განსხვავდება თუ არა აღნიშული თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობანი?
აღნიშნულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ ნამდვილად არსებობს ისეთი აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა თანამდებობები, როგორიცაა უფროსი აუდიტორი, ზედამხედველი აუდიტორი და აუდიტორ-ასისტენტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა გაგვიმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია იმ პირთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ სახელმწიფო აუდიტი და სწორედ ამ პირებში მოიაზრებიან აღნიშული თანამდებობის პირები.
ასევე გვითხრეს, რომ განსხვავებულია უფროსი აუდიტორის, ზედამხედველი აუდიტორის და აუდიტორ - ასისტენტის უფლება მოვალეობანი და მათ განსხვავებული სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონი და სახელმწიფო აუდიტის რეგლამენტი განმარტავს ზოგადად აუდიტორის (პირი რომელიც აუდიტორულ საქმიანობას ახორციელებს) უფლება-მოვალეობებს. კანონში ნახსენები არ არის მსგავსი თანამდებობრივი სტატუსის მქონე პირები [უფროსი აუდიტორი, ზედამხედველი აუდიტორი, აუდიტორ-ასისტენტი] ისინი მოიაზრებიან, როგორც აუდიტორები. შესაბამისად აღნიშნული კანონითა და რეგლამენტით გამიჯნული არ არის ისეთი აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა უფლება-მოვალეობანი, როგორიცაა უფროსი აუდიტორი, ზედამხედველი აუდიტორი და აუდიტორ-ასისტენტი.
დასკვნასახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონის, მე-9 და მე-10 მუხლებით, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის II თავის შესაბამისად, განსაზღვრულია გენერალური (მთავარი) აუდიტორის უფლება-მოვალეობანი.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს. ამ მუხლით, გათვალისწინებულია მათი უფლება-მოვალეობანი მხოლოდ აუდიტის ჩატარების პროცესში.მათი უფლებამოსილებანი სრულად, არც კანონით და არც რეგლამენტით, არ განისაზღვრება.
ფაქტ-მეტრმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტთან საუბრისას დაადგინა, რომ აუდიტის სამსახურში არსებობს აუდიტის განმახორციელებელ პირთა ისეთი თანამდებობები, როგორიცაა უფროსი აუდიტორი, ზედამხედველი აუდიტორი და აუდიტორ-ასისტენტი. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არ მოიძებნა ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ამ თანამდებობის პირთა სტატუსს და მათ კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. უფრო მეტიც, არსებული კანონში არაფერია ნათქვამი მათ უფლებაზე, განახორციელონ აუდიტორული საქმიანობა.
შესაბამისად, დეპუტატ ნოდარ ებანოიძის განცხადება: „რეგლამენტით, არც კანონით და არც რომელიმე შიდა ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული: მთავარი აუდიტორის, უფროსი აუდიტორის, ზედამხედველი აუდიტორის, აუდიტორ-ასისტენტისა და აუდიტორ-სტაჟიორის ფუნქცია-მოვალეობები, მათი უფლებამოსილებები და სხვა მოთხოვნები“, არის მეტწილად სიმართლე.