უკვე სამი თვეა, ბათუმს ქალაქის მერი აღარ ჰყავს. არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან ვადაზე ადრე, 2025 წლის მაისში, მერის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე გადადგა. მერის პოსტი ვადის ამოწურვამდე დატოვა მისმა წინამორბედმა ლაშა კომახიძემაც - 2020 წლის ივლისში ლაშა კომახიძემ ჩიქოვანი ვიცე-მერად დაინიშნა და გადადგომის შესახებ განცხადებაც დაწერა. ჩიქოვანი მერის მოვალეობას 2021 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა, შემდეგ ის ბათუმის მერი გახდა. გიორგი ერმაკოვს კი, რომელიც კომახიძის წინამორბედია, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის სამი წელი ჰქონდა მისჯილი.
გიორგი ერმაკოვი - გამარჯვებიდან ბორკილებამდე
მოქალაქეები ქალაქის მერს პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 2014 წლიდან ირჩევენ. კერძოდ, 2014 წლის 5 თებერვალს პარლამენტმა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ხოლო 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა. მოქალაქეებმა თორმეტი თვითმმართველი ქალაქის მერი აირჩიეს. რამდენიმე ქალაქში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. ბათუმში, მეორე ტურში, „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ერმაკოვი შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა, იყო აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
მერად არჩევამდე, გიორგი ერმაკოვმა ბათუმელი ამომრჩევლის წინაშე არაერთი დაპირება დადო. ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო: „ქალაქგანვითარების გეგმა უნდა დაიდოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით მიდის ქალაქი“. სხვათა შორის, არჩევამდე კანდიდატ ერმაკოვსა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც წერია, რომ ბათუმის მდგრადი განვითარებისთვის ძველი ქალაქის ისტორიულ-კულტურული ღირებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია „ძველი ბათუმის არსებული ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის განახლება. მის საფუძველზე რეკომენდებული ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცება. დაცვის ზონაში განაშენიანების რეგულირების გეგმის (ე.წ. გრგ) დამუშავება და ამოქმედება“.
ამ მემორანდუმმა არ იმუშავა. ერმაკოვის მერობის დროს ბათუმში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ 2016 წელს წერდა. ასევე დღემდე არ არსებობს ბათუმის სივრცითი განვითარების გეგმა, რომლის მოლოდინშიც ქალაქის ქაოსური განაშენიანება სწრაფი ტემპებით გრძელდება. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
დაპირებების შეუსრულებლობის მიუხედავად, პირდაპირი წესით არჩეულ მერებს შორის, გიორგი ერმაკოვი ერთადერთია, ვინც მერობის ვადა ამოწურა. თუმცა ეს ვადა 3 წელსა და ოთხ თვეს მოიცავდა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მომდევნო არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდა. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია დროდადრო აჟღერებდა ეჭვებს, ერმაკოვის არაკანონიერ ქმედებებსა თუ კორუფციულ სქემებში ჩართულობის შესახებ. 2019 წელს კი მას ბრალი პროკურატურამ წარუდგინა, დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. ყოფილ მერთან ერთად კიდევ ექვსი პირი დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აქედან სამი წელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მიესაჯა, ხოლო ოთხი - საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერმაკოვი გაფლანგვის ნაწილში გაამართლა და ის 2022 წელს გათავისუფლდა.
ლაშა კომახიძე: მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო
აღნიშნული ფრაზა მეორე არჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ „ფაქტ-მეტრთან“ ინტერვიუს დროს თქვა. ჩვენ ის 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩავწერეთ. „ვფიქრობ, რომ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა ჩემი პროგრამის შესაბამისად გადაიხედება და შეჯერდება. ყველანაირი პირობაა იმისა, რომ მომავალ წელს ბათუმს ეს გეგმა ჰქონდეს. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო“, - გვითხრა მაშინ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა. მისი საქმიანი ბიოგრაფიის დასაწყისი ჯერ ასლან აბაშიძის რეჟიმსა და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს უკავშირდება. კერძოდ, 1998-2000 წლებში მუშაობდა „საქართველოს საზღვაო ბანკში“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, საინვესტიციო განყოფილების უფროსად; 2001-2003 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად, ხაზინის უფროსად; 2004-2008 წლებში ბიზნესორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე იყო. 2008-2016 წლებში კი გაეროს განვითარების პროგრამაში სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა. მერად არჩევამდე კომახიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.
ლაშა კომახიძის მერობას არაერთი პროტესტი და უკმაყოფილება ახლდა თან. განაშენიანების გენგეგმის დაპირებას, როგორც აღმოჩნდა, განხორციელება არც კომახიძის მერობის დროს ეწერა. ბათუმისთვის ავთენტიკური შენობები და იერსახე თანდათან სწრაფად და გამოუსწორებლად იცვლებოდა. მის მერობას უკავშირდება ბათუმის ბულვარის (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის ჩადგმა. მოქალაქეების ნაწილისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის მერიამ და აჭარის მთავრობამ საკითხი „მოაგვარეს“, კომპანიას, რომლის სახელიც არაერთ მიმდინარე თუ დაგეგმილ გახმაურებულ პროექტს უკავშირდება, კანონის დარღვევის შესაძლებლობა მისცეს, იმ მოტივით, რომ კანონი არ ირღვეოდა და რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის ჩადგმის პრაქტიკა „ნაცების“ ხელისუფლებამ დაამკვიდრა. საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ სამშენებლო ტერიტორიაზე ისიც კი თქვა, ბულვარს არ ეკუთვნისო, რაც, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ტყუილი იყო. დაპირისპირების ფონზე მიმდინარე საკრებულოს სხდომებმა თუ ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულმა აქციებმა ფუჭად ჩაიარა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
„[მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება] ყველას ინტერესების გათვალისწინებით. ყველაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქის ინტერესებს. ვგულისხმობ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩემს ამომრჩეველს, რომელმაც 2017 წლის ოქტომბერში 65 %-ით პირველივე ტურში ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა პირადად მე და ჩვენს გუნდს“, - ამ განცხადებით 2020 წლის 16 ივლისს ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა, რაც ნიშნავდა, რომ ბათუმს, 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, მერი აღარ ეყოლებოდა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, რიგგარეშე არჩევნები ვერ ჩატარდებოდა, რადგან ლაშა კომახიძემ განცხადება 16 ივლისს დაწერა, მომდევნო წელი კი არჩევნების წელი იყო (აღნიშნული წესი განმარტებულია ამ კოდექსის 1692 მუხლში). გადადგომამდე კომახიძემ ვიცე-მერად აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, მეგობარი და მეჯვარე არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. მერის მოვალეობას ჩიქოვანი 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ასრულებდა.
არჩილ ჩიქოვანი - „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში
საინტერესოა, რომ ლაშა კომახიძე მერად თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე აირჩიეს. რიჟვაძე კი, როგორც ოპოზიცია აცხადებდა, ყველგან საკუთარ კადრებს ნიშნავდა. ოპოზიცია რიჟვაძეს ასევე ბრალს დებდა კორუფციაში. განსაკუთრებით დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამამ, ასევე ბათუმში რეგულაციებისა და სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული ობიექტების ჩაბარების შესახებ, პარლამენტში მიღებულმა კანონმა, რომელსაც სამშენებლო ამნისტიასაც უწოდებენ. გარკვეულ გადაცდომებსა და შეუსაბამობებზე არაერთხელ აღინიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებშიც. მათ შორის, იმ პერიოდის შესახებ, როცა არჩილ ჩიქოვანი აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016-2017 წლების პერიოდი შეაფასა და არაერთი გარემოება აღმოაჩინა. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ დაწერა. აუდიტის სამსახურის დასკვნით, დეპარტამენტმა არათანაბარი კონკურენციის პირობებში პრეტენდენტები დისკრიმინაციული მიდგომით გამოავლინა და ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი კომპანიები შეარჩია; მიმწოდებლებს ავანსი შეუსაბამოდ გადაუხადა; პროექტის განხორციელების ვადები დაუსაბუთებლად გაახანგრძლივა და სხვა. აუდიტის სამსახურის მიერ შერჩეული საკვლევი ვადის ერთი ნახევარი სწორედ არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობის პერიოდს ემთხვევა.
თორნიკე რიჟვაძე მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი 2018 წელს დანიშნა. წინა ხელისუფლების პერიოდში, ის ჯერ პროკურატურაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. მოგვიანებით ჩიქოვანს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა. 2013 წელს, სანამ აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანდნენ, არჩილ ჩიქოვანი ჯერ საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო შემდეგ - საქართველოს თავდაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად.
„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, - დაწერა 2025 წლის 13 მაისს არჩილ ჩიქოვანმა თავის Facebook-გვერდზე. ასე დაემშვიდობა ის ამომრჩეველს - არც ბრიფინგი, არც ახსნა-განმარტება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები არც ამჯერად ჩატარდება, რადგან 2025 წელი ისედაც საარჩევნო წელია. 2021 წელს „ქართულმა ოცნებამ“ უზარმაზარი რესურსი დაახარჯა იმას, რომ ჩიქოვანი ქალაქის მერი გამხდარიყო. კითხვები, რომლებიც იმ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით გაჩნდა, დღემდე პასუხგაუცემელია. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ჩიქოვანი თანამდებობიდან ვადამდე ადრე მას შემდეგ გადადგა, რაც თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ასევე Facebook-სტატუსით, რომელშიც მადლობის ადრესატების გარდა, ყველაფერი გაურკვეველია - სად მიდის, რატომ მიდის, რა არ მოეწონა. და რომ არ მოეწონა, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რიჟვაძემ, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა. გადარჩა, ახლა, როგორც ცნობილია, თურქეთში მკურნალობს. სხვა არაფერი ვიცით. არც ის, სად წავიდა არჩილ ჩიქოვანი, ან წავა, თუ - არა სადმე საერთოდ, რადგან ოპოზიციის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ მისცეს.
ერთი სიტყვით, ბათუმს უკვე მეორე არჩეული მერი არ შეარჩინეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი კანდიდატის წარდგენის დროს, „ქართული ოცნება“ საქებარ ეპითეტებს არ იშურებდა და ბათუმელებს მოუწოდებდა, ხმა მიეცათ ამ უალტერნატივო კანდიდატისთვის, რადგან მათი ხმა იყო გადამწყვეტი, რათა ქალაქს საუკეთესო მერი ჰყოლოდა.
თურმე, არ ყოფილა.
„მადლობა შესრულებული სამუშაოსთვის“
უკვე მეორედ, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებს ბათუმი მერის გარეშე ხვდება. უფრო მეტიც, 13 მაისიდან 13 აგვისტომდე შუალედში, მერის მოვალეობის შემსრულებელიც კი გამოცვალეს. ჩიქოვანის გადადგომის მეორე დღეს, მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე დაინიშნა. მანამდე ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე, ენმ-ის ხელისუფლების დროს, 2004-2006 წლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი, ხოლო 2007-2014 წლებში - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი. მის საქმიან ბიოგრაფიას მერის მოვალეობის შემსრულებლის სამთვიანი გამოცდილება იმდენად წაადგა, რომ კობახიძემ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად დანიშნა. როგორც ჩანს, მურვანიძეს მერობასთან დაკავშირებული გეგმები ჰქონდა, რადგან ორი დღით ადრე, „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას, თქვა: „მზად ვარ, ჩავიბარო ეს საპასუხისმგებლო საქმე.“ „ოცნებამ“ სხვანაირად გადაწყვიტა. მურვანიძეს კი, შესრულებული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა. მართალია, სამ თვეში მხოლოდ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, ორიოდე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება მოასწრო და მის დანიშვნამდე დაწყებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თვალი შეავლო, თუმცა მადლობაც მიიღო და ექსპერტიზის ბიუროს უფროსის თანამდებობაც.
ახლა ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი ცინცაძე ასრულებს. ის 2025 წლის 13 აპრილიდან აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა, რომ კარიერა ცინცაძემაც ენმ-ის მმართველობის დროს დაიწყო - 2008 - 2011 წლებში შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2011-2018 წლებში კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი იყო. 2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი. „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი ცინცაძე დაასახელა.
ინფორმაციისთვის: ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩაინიშნა. მასში ჩვიდმეტი პარტია დარეგისტრირდა, არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ამომრჩევლის ნაწილი 2024 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უწყვეტ საპროტესტო აქციებზე, ახალ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ამასთან, ბათუმში არაერთი ადამიანი საკუთარი როლის დაკნინებად აღიქვამს იმას, რომ, უკვე მეორედ, მათ მიერ არჩეულმა მერმა თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.