ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება - ამ დაპირებით არაერთმა კანდიდატმა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არაერთი არჩევნები ჩაატარა. მაგალითად, აღნიშნული პრობლემის შესახებ ამომრჩეველს, ჯერ კიდევ 2014 წელს, მერობის იმჟამინდელი კანდიდატი გიორგი ერმაკოვი (ის მერად აირჩიეს. 2020 წელს კი, უკვე ყოფილ მერს, 7 წლით პატიმრობა მიესაჯა) ესაუბრებოდა.

2017 წელს საკითხი თავის წინასაარჩევნო დაპირებებში შეიტანა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლაშა კომახიძემაც, რომელმაც მაშინ „ფაქტ-მეტრთან“ ინტერვიუში თქვა: „ყველანაირი პირობაა იმისა, რომ მომავალ წელს ბათუმს ეს გეგმა ჰქონდეს. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო“. კომახიძემ მერის თანამდებობა ვადის ამოწურვამდე ისე დატოვა, რომ დაპირება ვერ შეასრულა.

ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოთა 2021 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად არჩილ ჩიქოვანი დაასახელა (ბათუმის მოქმედი მერი). ის არჩევნებამდე, ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ, მერის მოვალეობას ასრულებდა. აღნიშნულ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში არჩილ ჩიქოვანი გენერალური განაშენიანების გეგმას ახსენებს. ის ამბობს: „უმთავრესი, რაც ერთი წლის წინ დავაანონსე, იყო განაშენიანების გენგეგმის შემუშავება. ეს უკვე შევძელით... მსგავსი დოკუმენტი ბათუმს არ ჰქონია. ეს იქნება კონსტიტუცია და ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა აიგოს სხვა დოკუმენტები.“ ინფორმაციისთვის, არჩევნებამდე, 2021 წლის 16 აგვისტოს, როცა ჩიქოვანი მერის მოვალეობას ასრულებდა, ბათუმის მერიასა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის გაფორმდა 2 495 700-ლარიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შემსყიდველს ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავება დაევალა. დოკუმენტაციის მიწოდების საბოლოო ვადა 370 დღე იყო, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდი განისაზღვრა. სწორედ ეს იგულისხმა ჩიქოვანმა ფრაზაში „ეს უკვე შევძელით“. იმ დროს ხელშეკრულება ორი თვის გაფორმებული იყო და შემსყიდველს შესყიდვის ობიექტი 2022 წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბათუმისთვის „კონსტიტუციის და ქვაკუთხედის“ შექმნის დაპირება კიდევ ერთ არჩევნებს გასწვდება, რადგან მხარეები ვადის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში წერია: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4.2 ეტაპის [სულ ხელშეკრულებით გაწერილა 6 ეტაპი, თავისი ქვეეტაპებით] - გეგმების მონახაზების შეჯერებული ვერსია - განხილვის პროცესი. თითოეული ეტაპი დაკავშირებულია მიღების/შესრულების/შემოწმების/სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაგზავნის/ხარვეზის დადგენის/მიღება-ჩაბარებისათვის მომზადების ვადებთან. ჩაბარებული ეტაპების ნაწილი წარმოდგენილი იქნა ვადაგადაცილებით, რიგ შემთხვევებში, დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული ,,სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან’’ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.“ ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2024 წლის 25 აპრილს იწურება. რადგან დარჩენილი ეტაპების მიღება-ჩაბარებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ამ პერიოდში ვერ მოესწრებოდა, მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი წლით გაახანგრძლივეს. გეგმა-გრაფიკით, 4.2 ეტაპისთვის 30 დღეა გამოყოფილი. მე-5 და მე-6 ეტაპები კი, შესაბამისად, 60 და 30 დღეს მოიცავს, რაც ჯამში, 90 დღეა. ეს ნიშნავს, რომ, თუ მხარეები ვადას კიდევ არ გააგრძელებენ, შემსყიდველი დოკუმენტაციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაიბარებს.

თუმცა მთელ ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ სანამ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი მზად იქნება, მანამდე ქაოსური მშენებლობები არ წყდება. ამ პროცესმა, სპეციალისტების აზრით, ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა. რაც უფრო გვიან იქნება გეგმა, მით უფრო დაზარალდება ბათუმის არა მხოლოდ იერსახე, არამედ ეკონომიკური პოტენციალიც და ეკოლოგიური გარემოც. 2022 წლის მაისში „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა BM.GE-ისთან განაცხადა, რომ ბათუმში ბევრია ისეთი ტერიტორია, სადაც სამშენებლო კოეფიციენტები გადაჭარბებულია და თუ კიდევ უფრო მეტი გადაჭარბება იქნება, რაც ჩატარებული კვლევის დროს მიღებულ სურათს შეცვლის, მაშინ კომპანიას გენგეგმაზე მუშაობა გაუჭირდება. ამავე სიუჟეტში ითქვა, რომ ბათუმში ყველაზე პრობლემურია ცენტრალური ნაწილი და რომ კომპანია მერიას მშენებლობაზე დროებითი შეზღუდვის რეკომენდაციით მიმართავს. იმავე მედიასთან პირდაპირ ეთერში სტუმრობის დროს, „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ სამუშაოების ყველაზე ხანგრძლივი და შრომატევადი ნაწილი - ქალაქის ფუნქციის დივერსიფიკაციის კვლევა - დასრულდა, მერიას სარევიზიოდ ჩაბარდა და მზად არიან, რომ საჯარო განხილვა მოაწყონ. ერთი წლის წინ კომპანიამ ბათუმში შეხვედრა მართლაც გამართა და აუდიტორიას სამუშაოების დასრულებული ნაწილი წარუდგინა. ამ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრაქტიკულად, ისინი ექიმები არიან, რომლებიც შეარჩიეს, დაიქირავეს და ბათუმს, რომელიც დაავადებული პაციენტია, დიაგნოზი უნდა დაუსვან, თუმცა მისი გამოჯანმრთელების იმედი არ აქვთ.

ხელისუფლება განაშენიანების გენერალური გეგმის მიღებას მიზანმიმართულად აჭიანურებს - ასე აფასებენ სიტუაციას ოპოზიციის წარმომადგენლები და ბათუმის იერსახის დამცველი აქტივისტები. მათი თქმით, გენგეგმა სამშენებლო ნებართვების გამცემსა და მშენებელ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერი გარიგებებისთვის ბარიერი იქნება, ამიტომ ცდილობენ მისი მიღების გადავადებას. პოლიტიკოსების ნაწილმა კრიტიკულად შეაფასა 2023 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ დამტკიცება. აღნიშნულ კანონპროექტზე „ფაქტ-მეტრმა“ ჯერ კიდევ 2022 წელს დაწერა, როცა ის პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. სტატიაში დეტალურად გავაანალიზეთ, რა საფრთხეებს შეიცავდა ცვლილება ბათუმისთვის. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, აჭარის ა/რ მხარდაჭერით, შემუშავებულია ავარიული სახლების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის განხორციელებისთვის აუცილებელია მიწის ნაკვეთის ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება და რომ პრობლემის მოსაგვარებლად, ხელი უნდა შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, მოსახლეობის დასაქმებას და ეკონომიკის განვითარებას. ამ ცვლილებით, შესაძლებელი გახდა განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება, ბათუმის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ახალი რეგულაცია გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. „ოცნებამ გადაწყვიტა ბათუმის ჯერ კიდევ გადარჩენილი ნაწილის დაჩქარებული ტემპით ჩაბეტონება! ბათუმში უკანონო, მახინჯი მშენებლობების ეს უკონტროლო, ქაოტური პროცესი კორუფციის შეუზღუდავი წყაროა!“- დაწერა ახვლედიანმა.

სანამ ბათუმის გენგეგმა მზად იქნება, კიდევ ერთი სიახლე წამოგვეწია: სამშენებლო ამნისტია რეგიონებში სამშენებლო წესების/რეგულაციების დარღვევით აშენებული შენობებისთვის, კერძოდ, ერთჯერადი სამშენებლო ნებართვების ამნისტია 2024 წლის 1 იანვრამდე აშენებულ ობიექტებს შეეხება. აღნიშნულ საკითხზე კვლევა გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და კორუფციულ ნიშნებზე მიუთითა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე, ათი წელი გავიდა. ბათუმს უკვე მესამე არჩეული მერი ჰყავს და მომავალ წელს ახალს (ან - იმავე) მერს აირჩევს. განაშენიანების გენერალური გეგმა კი ქალაქს ისევ არ აქვს. ამასობაში, აჭარაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც მშენებლობის ნებართვების რაოდენობა, ისე სამშენებლო ფართობი, რომელზეც ნებართვები გაიცა.

ცხრილი 1. აჭარაში გაცემული მშენებლობის ნებართვები და სამშენებლო ფართობი, 2022-2024 (I კვარტალი) წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური

ბათუმში გაცემულ ნებართვებს რაც შეეხება, Commersant.ge-ის ინფორმაციით, II, III და IV კლასის მშენებლობებზე 2022 წელს ნებართვა 600 ათას მ2-ზე გაიცა, ხოლო 2023 წელს - დაახლოებით 144 ათას მ2-ზე.

ფოტო: ajaratv.ge