თამარ ჩერგოლეიშვილი: 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება არის სიმართლე.
2022 წელს წამყვანი და უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღებად უნარების გამოცდაზე მასწავლებლების 76%-მა პროცენტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა, ანუ გამოცდაზე ჩაიჭრა. შესაბამისად, თამარ ჩერგოლეიშვილი პროცენტულ მაჩვენებელს მცირედი ცდომილებით ასახელებს.ჩვენ ზოგადი ტენდენციის სანახავად წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებსაც გავეცანით.მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები პირველად 2010 წელს ჩატარდა. საწყის წლებში მასწავლებელთა გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო: 2010 წელს - 8%, 2011 - 7%, 2012, 2013 წლებში 16% შეადგინა.თუმცა 2014 წლიდან მოყოლებული იმ მასწავლებლების რიცხვი, რომელთაც მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, შედარებით გაზრდილია და 30-43%-ს შორის მერყეობს.როგორც ვხედავთ, სტატისტიკურ მონაცემში ერთიანი ტენდენცია არ იკვეთება, თუ საწყის წლებში მონაწილეთა 7-16% პროცენტი აბარებდა გამოცდას, 2014 წლიდან მოყოლებული ზრდა ფიქსირდება და მაჩვენებელი 30-43%-ს შორის ფარგლებშია. თამარ ჩერგოლეიშვილი 2022 წლის სტატისტიკურ მონაცემზე აპელირებს. როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, საძიებო წელს გამოცდა მასწავლებლების 76%-მა ვერ ჩააბარა.შესაბამისად, მიუხედავად კონკრეტული წლის მონაცემის მცირედი ცდომილებით დასახელებისა, იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლების მიერ გამოცდების ჩაბარების პროცენტული მაჩვენებელი მაინც დაბალია და 30%-40%-ს შორის მერყეობს, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯარო სკოლებში მოსწავლეთა განათლების ხარისხზე ისაუბრა და ამ კონტექსტში აღნიშნა: „საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა, მათი ამოცანა არ არის კვალიფიკაციის ამაღლება“.
მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები პირველად 2010 წელს ჩატარდა. პირველი სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებს და 6 საგნობრივ სფეროს მოიცავდა. მაშინ მასწავლებლებს კომპეტენციის დასადასტურებლად 4-წლიანი ვადა მიეცათ. 2010 წელს სასერტიფიკატო გამოცდაზე 22 744 მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 16 544 მასწავლებელი - 73% გავიდა. გამოცდებში მონაწილე მასწავლებლების 34%-მა ზღვარი გადალახა (5 606-მა), მხოლოდ 8% მოიპოვა სერტიფიკატი, რაც მასწავლებელს ორივე - პროფესიული და საგნობრივი გამოცდის, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ეძლეოდა.
2011 წელს „მასწავლებლის პროფესიონალური განვითარების სქემა“ დამტკიცდა, საგნობრივი და პროფესიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მასწავლებლისთვის მინიჭებული სერტიფიკატი 8 წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, სერტიფიკატის შესანარჩუნებლად, მასწავლებელს სასერტიფიკატო გამოცდა ხელახლა უნდა ჩაებარებინა ან კრედიტ ქულები დაეგროვებინა (შესაბამისი აქტივობები სქემით იყო განსაზღვრული).
2015-2016 წელს მასწავლებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი ახალი სქემა დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს სხვადასხვა სტატუსი მიენიჭათ: პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ყველა არასერტიფიცირებულ მასწავლებელს მიენიჭა, განისაზღვრა ასევე უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი, რაც ექსპერტიზის სხვადასხვა დონეს მოიაზრებდა და მიბმული იყო შრომის ანაზღაურებასთან (სტატუსის დანამატი).
217-2018 წლებში მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებული იყო კრედიტქულები დაეგროვებინა, 2019 წლიდან კრედიტქულების დაგროვების ვალდებულება გაუქმდა და მოპოვებული სტატუსი მასწავლებელს უვადოდ უნარჩუნდებოდა, თუმცა სტატუსის მოპოვების წესი არ შეცვლილა.
2023 წლიდან სტატუსი ასამაღლებელი კრიტერიუმები შეიცვალა. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელს პროფესიული უნარების გამოცდაზე შესაბამისად, 60-70%-იანი ზღვარი უნდა გადაელახა. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მასწავლებელს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების და მასწავლებლის განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება, ასევე უფროს მასწავლებელს შეუძლია „გამოტოვოს“ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და გახდეს მენტორი მასწავლებელი.
რაც შეეხება უშუალოდ განცხადებაში დასახელებულ სტატისტიკურ მონაცემს, 2022 წელს იყო გახმაურებული შემთხვევა, როცა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაში მონაწილე მასწავლებლების დიდმა უმრავლესობამ დაწესებული მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. კერძოდ, 2022 წელს ჩატარებულ უნარების გამოცდაზე, რომელიც უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ჩატარდა, მონაწილეობა 10 846-მა მასწავლებელმა მიიღო, კომპეტენციის დამადასტურებელი ზღვარი მათგან 2 640-მა პედაგოგმა გადალახა, მონაწილეების მთლიანი რაოდენობის 24%-მა. შესაბამისად, მასწავლებლების 76% გამოცდაზე ჩაიჭრა.
ჩვენ მასწავლებლების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების სტატისტიკის გასაანალიზებლად და ტენდენციის სანახავად განათლების სამინისტროს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბოლო წლების წლიურ ანგარიშებს გავეცანით.
სასერტიფიკატო გამოცდების პირველ წელს სერტიფიკატი გამოცდაზე გასული მასწავლებლების 8% მოიპოვა, 2011 წელს - 7%-მა, 2012, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 16% იყო.
შემდგომი წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 1: საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასული მასწავლებლების რაოდენობა და ჩაბარების მაჩვენებელი
წყარო: განათლების სამინისტროს ანგარიშები
მონაცემების მიხედვით, მასწავლებელთა მიერ გამოცდების ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები გამოცდების ამოქმედების პირველ - 2010, 2011, 2012, 2013 წლებში ფიქსირდება - 7%, 8%, 16%. შემდგომ წლებში ეს მონაცემი 30%-40%-მდე იზრდება, თუმცა მაინც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ზემოთ განხილული მონაცემები მასწავლებლების მიერ ჩაბარებული ყველა გამოცდის ერთიან შედეგს მოიცავს.
შესაბამისად, მიუხედავად კონკრეტული წლის მონაცემის მცირედი ცდომილებით დასახელებისა, იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლების მიერ გამოცდების ჩაბარების პროცენტული მაჩვენებელი მაინც დაბალია და 30%-40%-ს შორის მერყეობს, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება არის სიმართლე.