სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში შიინ ევროპისკენ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში პრეზიდენტს დონალდ ტრამპის მხარდასაჭერი კამპანიის ქუდი ახურავს, ავტორი კი აღნიშნულის მიხედვით ამტკიცებს, რომ „ბაიდენი ტრამპის ამომრჩეველი გახდა“. რეალურად, მტკიცება, რომ ბაიდენი ტრამპის ამომრჩეველი გახდა, მცდარია და მას დონალდ ტრამპის მხარდასაჭერი ქუდი 11 სექტემბრის მემორიალზე ერთიანობის საჩვენებლად სიმბოლურად ეხურა.

აღნიშნული ვიდეო ან ვიდეოდან ამოჭრილი კადრები მსგავსი შინაარსით, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, როგორც ქართულენოვანი, ისე უცხოენოვანი მომხმარებლების მიერ, ვირუსულად გავრცელდა. ვიდეო რეალურ კადრებს შეიცავს, თუმცა მტკიცება, რომ ბაიდენი ტრამპის ამომრჩეველი გახდა, ყალბია.

2024 წლის 11 სექტემბერს პენსილვანიაში, შენკსვილში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მემორიალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

თეთრი სახლის სპიკერის მიხედვით, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ღონისძიებას, აშშ-ის პრეზიდენტმა 9/11-ის მოვლენების შემდეგ არსებული ერთიანობის მაგალითზე, ერთიანობაზე ისაუბრა. ჟესტად კი დონალდ ტრამპის მხარდამჭერს პრეზიდენტის ბეჭდიანი ქუდი გაუწოდა. საპასუხოდ, ტრამპის მხარდამჭერმა თქვა, რომ იმავე მიზნით, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერი კამპანიის ქუდი თავად პრეზიდენტსაც უნდა დაეხურა. პრეზიდენტმა ბაიდენმა შედეგად ქუდი დაიხურა და ვირუსულად, მცდარი მტკიცებით, სწორედ ეს კადრი გავრცელდა. რეალურად, პრეზიდენტ ბაიდენის აგვისტოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, მისი საპრეზიდენტო ვადის საუკეთესო გადაწყვეტილება 2024 წლის არჩევნებისთვის კანდიდატურის კამალა ჰარისისთვის დათმობა იყო და იგი ჰარისის მხარდამჭერია.

ამდენად, მტკიცება, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის ამომრჩეველი გახდა, მცდარია.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.