სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში შიინ ევროპისკენ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), უკრაინის დედაქალაქში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი (წარსულში ხალხთა მეგობრობის თაღი) ლგბტ ფერებში საბოლოოდ გადაღებეს. ინფორმაცია სხვა ანგარიშების მიერაც გავრცელდა (1, 2). რეალურად, ვიდეო 2017 წელსაა გადაღებული, როცა უკრაინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობდა. თაღი სწორედ მაშინ ცისარტყელას ფერებში დროებით შეღებეს და „მრავალფეროვნების თაღად“ მოიხსენიეს.
2022 წლის მაისამდე კიევის ცენტრში მდებარე კონსტრუქციას ხალხთა მეგობრობის თაღს უწოდებდნენ. 2022 წლამდე თაღის ქვეშ იდგა ბრინჯაოს ქანდაკებებიც, რომლებიც ხელში საბჭოთა მეგობრობის ორდენით უკრაინელ და რუს მუშებს გამოსახავდნენ. ქანდაკებების, რომლებიც “უკრაინისა და რუსეთის გაერთიანების” სიმბოლოს წარმოადგენდნენ, დემონტაჟი 2022 წლის აპრილში განხორციელდა.
დებატები „ხალხთა მეგობრობის თაღის“ ირგვლივ, რომელიც უკრაინელებისთვის კვლავ საბჭოთა იდეოლოგიას უკავშირდება, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განახლდა. მანამდეც, საკითხი დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. აღსანიშნავია, რომ კიევის მთავრობამ სამუშაო ჯგუფიც კი შექმნა, რომელსაც დაევალა კომპლექსის ბედის გადაწყვეტა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიიღეს მუშების ქანდაკების დემონტაჟის შესახებ, ხოლო თაღი თავის ადგილას დარჩა და მას ოფიციალურად 2022 წლის 14 მაისს უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი ეწოდა.
2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული BBC Ukraine-ის თანახმად, კიევის საკრებულომ თაღის სრული დემონტაჟის იდეაც შეისწავლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. 2022 წელს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა თაღი უკრაინის დროშის ფერებში შეიღებოს.
რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოს, ის 2017 წელს არის გადაღებული, როდესაც უკრაინამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უმასპინძლა. თაღი დროებით შეღებილი იქნა ცისარტყელას ფერებში და მას „მრავალფეროვნების თაღი“ უწოდეს. ხოლო, ევროვიზიის შემდეგ კონსტრუქცია პირვანდელ სახეს დაუბრუნდა.
ამდენად, მტკიცება, რომ თაღი საბოლოოდ ლგბტ ფერებით გადაღებეს, მცდარია. ამავდროულად, ჯერჯერობით თაღის საბოლოო ბედი, მოხდება, თუ - არა მისი დემონტაჟი ან რა ფორმით შეიცვლება, გადაწყვეტილი არ არის.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.