Facebook-მომხმარებელი, „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ავრცელებს პოსტს. ავტორის მტკიცებით, კაბალაში, რომელიც იუდაურ პრაქტიკაში ღმერთის შემეცნების სიბრძნესა და მისტიციზმის სწავლებას წარმოადგენს, ღმერთი ბაფომეტი ტრანსგენდერია. Facebook-მომხმარებელი ასევე ამტკიცებს, რომ ებრაელ მამაკაცს აქვს „უფლება“, იყოს ჰომოსექსუალი. რეალურად, აღნიშნული მტკიცებები ყალბია.

პირველი მტკიცება, რომელიც კაბალაში ბაფომეტს ტრანსგენდერ ღმერთად მოიხსენიებს, მცდარია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბაფომეტის ფიგურა არ არის კაბალასთან პირდაპირ კავშირში. ბაფომეტის სიმბოლო შუა საუკუნეებში ტამპლიერთა ორდენის რაინდების კულტის ღვთაებას წარმოადგენდა. თუმცა, მისი რეალური ბუნება დღემდე შეუსწავლელია და იგი ხშირად ხდება ხოლმე სპეკულაციის საგანი. ბაფომეტის გამოსახულება 1854 წელს ელიფას ლევიმ შექმნა და სხვადასხვა რელიგიურ თუ ოკულტისტურ პრინციპზეა დაფუძნებული. კერძოდ, მისი თითოეული ელემენტი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სწორედ აღნიშნულის მაგალითია კაბალას სიცოცხლის ხის მეოთხე და მეხუთე საფირებიც, ხესედი და გებურა, რომლებიც ხეზე ერთმანეთის პირისპირ არიან განთავსებულნი. ხესედი სიყვარულისა და სიკეთის სახეა, ხოლო გებურა ძალასა და ძლიერებას განასახიერებს. ელიფას ლევიმ აღნიშნული პრინციპები კაბალადან აიღო და ფიზიკურად ბაფომეტის ამგვარ გამოსახულებაში ასახა. შესაბამისად, კაბალა და ბაფომეტი მხოლოდ ელიფას ლევის მიერ შექმნილი სიმბოლოთი უკავშირდება ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ იუდაურ სწავლებებში ღმერთი ბაფომეტი ტრანსგენდერია, ყალბია.

Facebook-მომხმარებლის აღნიშნული პოსტი შეიცავს კიდევ ერთ მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, ებრაელ (იგულისხმება იუდეველ) მამაკაცს უფლება აქვს ჰომოსექსუალი იყოს. იუდაიზმის ბიბლიის, თორას მესამე წიგნის ლევიანის (წიგნი ლევიტელთა) მიხედვით, იუდაური რელიგია გმობს და კრძალავს ჰომოსექსუალიზმს. კერძოდ, ლევიანის მე-20 თავის მე-13 მუხლი ამბობს, რომ თუ მამაკაცს სექსუალური ურთიერთობა ექნება არა ქალთან, არამედ მამაკაცთან, ორივე მათაგნს სიკვდილით დასჯა ეკუთვნის. მე-18 თავის 23-ე მუხლიც სწორედ ამ აზრის მატარებელია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებაც მცდარია.

რაც შეეხება ფოტოსურათს, მასზე გამოსახული რაბინი შირა ბანკის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მემორიალის წინ დგას. შირა ბანკი 16 წლის გოგო იყო, რომელიც იერუსალიმში ლგბტ პრაიდთან დაკავშირებული მსვლელობის დროს მოკლეს. მას ულტრა-ორთოდოქსი იუდეველი იშაი შლისელი დაესხა და თავზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. სწორედ მის სამახსოვრო პოსტერთან დგას რაბინი ხელში წარწერით, რომელიც მარკოზის სახარებიდანაა ამოღებული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ კაბალაში ღმერთი ბაფომეტი ტრანსგენდერია და იუდაიზმში მიღებულია ჰომოსექსუალიზმი, ყალბია.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია