სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ამჯერად შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „შეერთებულ შტატებში პედოფილია ლეგალიზდება, თუ ჰარისი არჩევნებში გაიმარჯვებს.“ ამასთან, პოსტში წერია, რომ 2023 წელს მინესოტას გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა (2024 წლის 6 აგვისტოს ჰარისმა უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა) თავის შტატში ხელი მოაწერა კანონს, „რომელმაც შეცვალა „სექსუალური ორიენტაციის“ განმარტება, ამოიღო მისგან ხაზი, რომ „არ მოიცავს ზრდასრულის ფიზიკურ ან სექსუალურ მიჯაჭვულობას ბავშვებთან“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია (არქივირებული ბმული).
Facebook-გვერდი პოსტში გამოცემა The People’s Voice-ის სტატიას ციტირებს. საგულისხმოა, რომ Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, The People’s Voice დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, რაზეც „ფაქტ-მეტრსაც“ არა ერთხელ დაუწერია (1; 2; 3).
ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ის ფრანგულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია AFP-მ და ამერიკულმა USA Today-მაც გადაამოწმეს.
საინტერესოა, რომ კამალა ჰარისის სახელი The People’s Voice-ის სტატიაში სულ სამჯერ გვხვდება. სტატიის სათაური ასე ჟღერს: „კამალა ჰარისი გამარჯვების შემთხვევაში პედოფილიის დეკრიმინალიზაციის პირობას დებს“. ტექსტში კი მისი გვარი მხოლოდ ორჯერაა ნახსენები, ისიც ტიმ უოლცთან მიმართებით. სტატიაში არანაირი მტკიცებულება არ არის იმის შესახებ, თუ სად ან როდის დადო მსგავსი პირობა კამალა ჰარისმა.
უოლცის მიერ ხელმოწერილი კანონი მინესოტაში პედოფილების სამართლებრივ დაცვას არ გულისხმობს. Take Pride Act-ს, რომელზეც გავრცელებული დეზინფორმაცია მიუთითებს, უოლცმა, უფრო ფართო საზოგადოებრივი უსაფრთხოების კანონის ფარგლებში, ხელი 2023 წელს მოაწერა. სხვა ზომებთან ერთად, კანონმდებლობამ მინესოტას ადამიანის უფლებათა კანონიდან ამოიღო სტრიქონი, რომელიც ამბობდა, რომ პედოფილია არ შეიძლება, სექსუალურ ორიენტაციად ჩაითვალოს. კერძოდ, იგულისხმებოდა შემდეგი სტრიქონის ამოღება: „სექსუალური ორიენტაცია“ არ მოიცავს ზრდასრულის მიერ ბავშვებთან ფიზიკურ ან სექსუალურ მიჯაჭვულობას“.
ამ ცვლილებამ, რომლის მიზანი იყო სექსუალურ ორიენტაციასა და პედოფილიას შორის ნებისმიერი აღქმული კავშირის გაწყვეტა, არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია, თითქოს კანონპროექტს პედოფილებისთვის დისკრიმინაციისგან დაცვის მინიჭება სურდა.
მინესოტას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, ლეი ფინკემ, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტი წარადგინა, 2023 წლის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ კანონი მინესოტას ადამიანის უფლებათა აქტის ტექსტის „მოდერნიზებას“ ახდენს და კანონს გენდერული იდენტობა „უფრო თანამედროვე გაგებასთან“ შესაბამისობაში მოჰყავს.
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ცვლილება გააკრიტიკა იმ მიზეზით, რომ პედოფილიის შესახებ სტრიქონის ამოღება შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც სამართლებრივი დაცვის მინიჭება. მინესოტას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჰარი ნისკამ წარადგინა შესწორება, შემდეგი სტრიქონის დამატებით: „ზრდასრულის მიერ ბავშვებთან ფიზიკური ან სექსუალური მიჯაჭვულობა ამ თავის მიხედვით დაცული კატეგორია არ არის“. კანონმდებლებმა შესწორება დაამტკიცეს, მაგრამ მოგვიანებით ამოიღეს და არც საბოლოო ვერსიაში შესულა, რომელსაც შემდგომ უოლცმა ხელი მოაწერა.
Take Pride Act-ის შესახებ მისი დამტკიცებისას, 2023 წელს, მცდარი მტკიცებები გავრცელდა, მაგალითად, თითქოს ის პედოფილიას იცავდა, რომლებიც ამერიკულმა ავტორიტეტულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა Politifact-მა და USA Today-მ გადაამოწმეს და მათი სიმცდარე გამოააშკარავეს.
უოლცმა კანონპროექტს ხელი 2023 წლის 19 მაისს მოაწერა, რითაც ტექსტიდან ამოიღო ფრაზა - „არ მოიცავს...“ მითითება პედოფილიაზე, რომელიც ძალაში იყო 1993 წლიდან [სრული წინადადება შემდეგნაირად ჟღერდა: „სექსუალური ორიენტაცია“ არ მოიცავს ზრდასრულის მიერ ბავშვებთან ფიზიკურ ან სექსუალურ მიჯაჭვულობას.“].
შტატის „სექსუალური ორიენტაციის“ საკანონმდებლო განმარტების შეცვლილი ფორმულირება ახლა შემდეგნაირად იკითხება: „სექსუალური ორიენტაცია“ ნიშნავს...“, მაგრამ მასში პედოფილია ნახსენები აღარაა. განმარტების შეცვლა არ ნიშნავს, რომ პედოფილები ახლა დაცულები არიან დისკრიმინაციისგან ან სამართლებრივი შედეგებისგან. ე.ი. შეიცვალა განმარტების ფორმულირება - ადრე ის დაფორმულირებული იყო იმდაგვარად, რომ განმარტავდა, რას არ მოიცავდა სექსუალური ორიენტაცია, ხოლო ახალი ფორმულირება აღწერს, რას მოიცავს სექსუალური ორიენტაცია.
საგულისხმოა, რომ კანონი მკაფიოდ კრძალავს პედოფილიას.
ფინკემ განაცხადა, რომ Take Pride Act-ის საშუალებით მინესოტას კანონებიდან „საზიანო“ ენა ამოიღეს, ხოლო ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა კვლავ უკანონოა. AFP-სთან 2024 წლის აგვისტოს მის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, „Take Pride Act-ის არც ერთი სერიოზული დამკვირვებელი არ დაასკვნიდა, რომ პედოფილია დაცული კლასია მინესოტაში, ჩვენ არ გვაწუხებს, რომ რომელიმე სასამართლომ მინესოტას კანონზე დაფუძნებული ასეთი აბსურდული სარჩელი აღმოაჩინოს“.
ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა ნაომი კანმა, რომელიც სპეციალიზებულია საოჯახო სამართალში, განაცხადა, რომ გავრცელებული მტკიცებები ყალბია, ვინაიდან Take Pride Act-ს არანაირი გავლენა არ აქვს მთავრობის შესაძლებლობაზე, დევნოს პედოფილები. მის მიერ AFP-სთვის გაკეთებული განცხადების თანახმად, „ის [Take Pride Act] შეიქმნა შტატის ადამიანის უფლებათა კანონების ენის განახლების მიზნით, და აქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გენდერული იდენტობის დისკრიმინაციისგან დაცვა იყო“. მისი განმარტებით, არავითარი არსებითი ცვლილება არ მომხდარა პედოფილიასთან დაკავშირებით აღნიშნული ჩანაწერის ამოღებით და ცვლილება არ ეხება სისხლის სამართალს, რომელიც ბავშვთან სექსუალურ კონტაქტს არეგულირებს. მინესოტას უნივერსიტეტის საოჯახო და ანტიდისკრიმინაციული სამართლის პროფესორი, ჯილ ჰასდეი ასევე ადასტურებს, რომ შტატის კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას.
აღსანიშნავია, რომ მინესოტას კანონის თანახმად, ზრდასრულს, რომელიც სქესობრივი აქტი აქვს 18-წლამდე პირთან ან რაიმე სახის სქესობრივი კონტაქტი 14 წლამდე ბავშვთან, შეიძლება ბრალი წაუყენონ პირველი ხარისხის მძიმე დანაშაულში, რაც ითვალისწინებს 30-წლიან პატიმრობას, 40.000 დოლარიან ჯარიმას ან ორივეს.
ამავეს აღნიშნავს ჯეს ბრავერმანი, არაკომერციული ადვოკატირების ორგანიზაცია Gender Justice-ის იურიდიული დირექტორი, რომელიც ასევე მხარს უჭერს კანონპროექტში შესულ ცვლილებას. ის ამბობს, რომ მინესოტას კანონმდებლობით სრულწლოვანთა სქესობრივი ურთიერთობა არასრულწლოვანთან ისედაც დასჯადია. პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულის რამდენიმე კატეგორიაში ექცევა და ეს აღნიშნული შესწორებით არ იცვლება.
კამალა ჰარისთან დაკავშირებით პედოფილიის თემაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითად, 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ვიდეო, რომლითაც ამტკიცებდნენ, თითქოს ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის მიერ 2020 წელს გავრცელებული ვიდეო, რომელშიც აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მაშინ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი საუბრობენ, პედოფილიასთან დაკავშირებით კოდურ მესიჯებს შეიცავდა. ამის დასამტკიცებლად სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტებს ავრცელებდნენ. აღნიშნული მტკიცება ამერიკულმა Politifact-მა გადაამოწმა. მათი სტატიის მიხედვით, დოკუმენტები გაყალბებულია, ხოლო შეთქმულების თეორეტიკოსების ბრალდებები - უსაფუძვლო.
2024 წლის 24 ივნისს ტელეკომპანია MSNBC-ის გადაცემაში ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მხარდაჭერა გამოუცხადა რეპროდუქციული უფლებების დამცველ ჰედლი დიუვალს, რომელიც ბავშვობაში მამინაცვლის მხრიდან სექსუალურ ძალადობას გადაურჩა. ჰარისი საუბრობდა ქალებისთვის საგანგაშო სიტუაციაზე, რაც დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევას შესაძლოა, მოჰყვეს.
შესაბამისად, მტკიცებები, რომლის თანახმადაც კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში პედოფილიის ლეგალიზება იგეგმება, ყალბია. მინესოტას შტატში მიღებული და ტიმ უოლცის მიერ ხელმოწერილი კანონი პედოფილების დაცვას არ გულისხმობს. ხოლო კამალა ჰარისს პედოფილიის ლეგალიზების მხარდამჭერი შინაარსის განცხადება არსად გაუკეთებია.
-------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.