ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში, წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეასრულა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 6 წლის განმავლობაში აშენებდა და არა 9 წლის, როგორც პრემიერი განცხადებაში აღნიშნავს. ამ პერიოდში, 68.15 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 11.5-წლიან პერიოდში კი - 207.85 კმ. შესაბამისად, წინა ხელისუფლებამ წლიურად საშუალოდ 11.4 კმ ავტობანი, „ოცნებამ“ კი 18.08. კმ ააშენა. მიმდინარე წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 9 კმ გზაზეა გახსნილი, სამუშაოები კი 66.1 კმ-ზე მიმდინარეობს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2024 წელს ავტომაგისტრალზე 75 კმ გზის მშენებლობა დასრულდება და არა 90 კმ გზის, თუმცა სიმართლეა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მონაცემი „ნაციონალური მოძრაობის“ 6-წლიან „შედეგს“ მაინც აღემატება.
ხაზგასასმელია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, რამაც მშენებლობის ტემპის დაჩქარება განაპირობა. პრემიერს ავტობანის მშენებლობის სტატისტიკა მთავრობის ეფექტიანი მუშაობის სადემონსტრაციოდ მოჰყავს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მაგისტრალის მშენებლობისას „ქართულ ოცნებას“ ჩავარდნებიც ჰქონდა, ამის დასტურია: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი, რომელიც 2014 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, ამავე მონაკვეთზე 1.5 წლის წინ ჩანგრეული ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც არ დაწყებულა, ასევე რამდენიმე შეწყვეტილი ხელშეკრულება და კომპანიებიდან საავანსო თანხის დაბრუნების გახანგრძლივებული პროცესები. ისიც აღსანიშნავია, რომ გარკვეული მონაკვეთების დასრულების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა, გადავადდა მთლიანად ავტობანის დასრულების დრო და საბოლოოდ, 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
პრემიერმა წლიურ ანგარიშში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ინფრასტრუქტურაზეც გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ისაუბრა და აღნიშნა: „მთლიანობაში, წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეასრულა. ხედავთ, რამხელა ცვლილებაა წინა ხელისუფლების და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის“.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 430 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 276 კილომეტრ გზაზეა გახსნილი (მთლიანი გზის 64%). აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 207.85 კილომეტრ გზაზე გაიხსნა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 6 წლის განმავლობაში აშენებდა და არა 9 წლის განმავლობაში, როგორც პრემიერი აღნიშნავს. როგორც აღვნიშნეთ, „ნაციონალების“ დროს 68.15 კმ გზაზე გაიხსნა მოძრაობა. შესაბამისად, მათ დროს წელიწადში საშუალოდ 11.4 კმ ავტომაგისტრალი შენდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის 11.5-წლიან პერიოდში 207.85 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ააშენა, წელიწადში საშუალოდ - 18.07 კმ გზა. როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ საშუალო წლიური მაჩვენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელს მართლაც აღემატება, თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე - ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.
მიმდინარე წლის 26 აპრილს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის 9-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, რომელიც 4 გვირაბს და 11 ხიდს მოიცავს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის და 17 ხიდის მშენებლობაა გათვალისწინებული, 15 ხიდი უკვე აშენებულია და დაგეგმილი ათივე გვირაბი გაჭრილია.
სულ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც 97 ხიდს და 51 გვირაბს მოიცავს. ამ დროისთვის მოძრაობა 36 კმ გზაზეა გახსნილი, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. რიკოთის უღელტეხილის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მლრდ ლარია.
განცხადებაში პრემიერი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მიმდინარე წელს 90 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 26 აპრილს ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა, ამჟამად სამუშაოები 66.1 კმ გზაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2024 წელს მშენებლობა 75.1 კმ ავტომაგისტრალზე დასრულდება და არა 90 კმ-ზე, როგორც პრემიერი ასახელებს და ამით მოქმედი მთავრობის ეფექტიან მუშაობაზე აპელირებს. თუმცა სიმართლეა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მონაცემი „ნაციონალური მოძრაობის“ 6-წლიან „შედეგს“ – 68.15 კმ, მაინც აღემატება.
„ქართული ოცნების“ „ეფექტიანი“ მუშაობის დასტურად, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც და დაანონსებული 2023 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.
ასევე ხაზი უნდა გავუსვათ, ყველაზე პრობლემურ - სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთს, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღემდე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხ.სტატია). ამ გზის მე-4 მონაკვეთის 10-კილომეტრიანი გზა შარშან დასრულდა. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე მშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს, ხოლო პირველ მონაკვეთზე 2023 წლის თებერვალში ჩანგრეული ხიდის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა.
განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.