„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მმართველი პარტიის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2020 წლისათვის 1 000 კილომეტრამდე საავტომობილო გზა უნდა აშენდეს. „მომავალ ოთხ წელიწადში აპირებენ 800 - 1 000 კილომეტრი გზის გაყვანას, საიდანაც 550 კილომეტრი იქნება თანამედროვე ტიპის ავტომაგისტრალი. აქედან ერთ-ერთი, მათი სიტყვებით რომ ვთქვთ, იქნება „ევროპაში ყველაზე რთული“, ანუ მთებში. მაშინ, როცა სწორ ტრასაზე, ფაქტობრივად არსებული მაგისტრალის სამუშაოების გეგმას ორი წლით ჩამორჩნენ და გამოყოფილი თანხებიც კი ვერ აუთვისებიათ“, - განაცხადა

 გოცირიძემ.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადები მართლაც შეიცვალა:

ცხრილი 1:

 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთები, რომელთა დასრულების თავდაპირველი ვადა შეიცვალა

ობიექტის დასახელება თავდაპ. სახელშ. ვადა გაგრძელებული ვადა შენიშვნა
სვენეთი-რუისი 01.08.2009-01.08.2011 წ. 15.05.2013 წ. დასრულებული
რუისი-აგარა 17.12.2012-17.12.2014 წ. 17.12.2015 წ. დასრულებული
აგარა-ზემო ოსიაური 18.09.2014-18.12.2016 წ. მიმდინარე
ზესტაფონი-ქუთაისი 24.07.2013-24.07.2015 წ. 31.03.2017 წ. მიმდინარე
ქუთაისის გზა 26.12.2011-26.12.2013 წ. 28.02.2015 წ. დასრულებული
სამტრედიის გზა 17.07.2012-17.07.2014 წ. 15.12.2015 წ. დასრულებული
ქობულეთის გზა 1 01.09.2011-01.08.2013 წ. 01.06.2014 წ. დასრულებული
ქობულეთის გზა 2 24.05.2013-18.02.2016 წ. 31.07.2017 წ. მიმდინარე

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის გახანგრძლივება ძირითადად განთავსების ზოლში მოხვედრილი კერძო ნაკვეთების გამოსყიდვის გაჭიანურებამ და გამოვლენილი გაუთვალისწინებელი და დამატებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობამ განაპირობა.

აღნიშნულ გზის მონაკვეთებს შორის საყურადღებოა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონის შემოვლითი გზა (ლოტი 3), რომლის დასრულების ვადამ, როგორც ცხრილიდან ჩანს, თითქმის ორი წლით გადაიწია. ეს ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ვადის გახანგრძლივების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი ცვლილების მიხედვით, ზესტაფონის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა (4-ზოლიანი, სახიდე გადასასვლელების რაოდენობა 19, საფეხმავლო ხიდი 5) მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის ვერ მოხერხდა და ამ მონაკვეთის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადის ცლილებაც იგივე მიზეზებით არის განპირობებული, რითაც სხვა საგზაო მონაკვეთების შემთვევაში. უწყების ინფორმაციით, ამ გზის 8 კილომეტრზე, ორივე მიმართულებით, უკვე მოწყობილია ბეტონის საფარი (ჯამში 16 კილომეტრზე), გზის დანარჩენ ნაწილზე მიწის ვაკისის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობის, საშუალო და მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები განხორციელდა.

რაც შეეხება ჩქაროსნული ავტომაგისტრალისთვის გამოყოფილი თანხის ათვისებას, ქვემოთ ბოლო წლების სტატისტიკას გთავაზობთ:

ცხრილი 2: 2013-2016 (9

თვე) წლებში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები (გეგმა და ფაქტი)

წელი 2013 2014 2015 2016
ბიუჯეტი (გეგმა) 64,265.3 60,486.0 44,460.2 64,630.0
დონორი (გეგმა) 221,755.0 233,625.0 216,480.0 206,920.0
ბიუჯეტი (ფაქტი) 54,957.8 60,306.9 44,006.0 36,967.0 (9 თვე)
დონორი (ფაქტი) 212,426.8 222,790.5 213,321.6 123,382.3 (9 თვე)

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მცირე ნაწილი აუთვისებელი რჩებოდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 9 თვის მონაცემებით, გამოყოფილი თანხის თითქმის ნახევარი ჯერჯერობით აუთვისებელია.

„ქართული ოცნების“ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის 550 კილომეტრი თანამედროვე ავტომაგისტრალი უნდა აშენდეს.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (თბილისი-სენაკი-ლესელიძის) მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო.

აღნიშნული ავტომაგისტრალი E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და  E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე მოძრაობა ავტობანის 141.8 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. აქედან, 2006-2012 წლებში მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე, 2012-2016 წლებში (დღეის მდგომარეობით) კი - 73.8 კმ გზაზე გაიხსნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა თითქმის ათი წლის განმავლობაში ავტომაგისტრალის მხოლოდ 141 კილომეტრი გზა აშენდა, რამდენად რეალურია 4 წლის განმავლობაში 550 კილომეტრი თანამედროვე ავტომაგისტრალის აშენება, ძნელი სათქმელია.

  დასკვნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგ მონაკვეთებზე მშენებლობის პირვანდელი ვადები მართლაც შეიცვალა და გარკვეული ვადით (1-2 წლით) გადაიწია. შესაბამისად, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა აშკარაა. ასევე, მიმდინარე წელს (9 თვის მონაცემებით), ჩქაროსნული ავტომაგისტრალისთვის გამოყოფილი თანხების თითქმის ნახევარი ჯერჯერობით აუთვისებელია.

ამდენად, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი