სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Abuladze Paata, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „აზოვიც შეუერთდა ევროპის გეი კვირეულს "გეი პრაიდი"“. სინამდვილეში, ინფორმაცია ყალბია, ხოლო ვიდეო - რედაქტირებული. (არქივირებული ბმული)

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ავტომობილი, რომელსაც კარზეც „აზოვის“ ბატალიონის LGBTQ+-ის ფერებში გამოსახული ლოგო აქვს მიხატული. ავტომობილში კი ჩანს პიროვნება, რომელიც ცეკვავს.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით აღმოჩნდა, რომ ორიგინალი ვიდეო YouTube-ზე 2024 წლის 20 მაისსაა ატვირთული. მასზე ყველა დეტალი იდენტურია, ერთი განსხვავებით - ავტომობილზე არა „აზოვის“ ლოგო, არამედ სრულიად სხვა წარწერაა. კერძოდ, მასზე დატანილია არაკომერციული ჯანდაცვის პროვაიდერი ორგანიზაცია Men’s Health Foundation (MHF)-ის რეკლამა.

დეზინფორმატორებმა ვიდეოში მხოლოდ ერთი ნაწილი შეცვალეს - ნახატი ავტომობილის კარზე. თუმცა გამორჩათ მნიშვნელოვანი დეტალი - ავტომობილის მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული წარწერა MHF Pharmacy (კომპანია, რომლის რეკლამაც იყო განთავსებული ავტომობილზე), რომელიც უცვლელი დატოვეს.

რედაქტირებული ვიდეოს ფოტოანაბეჭდი:

რეალური ვიდეოს ფოტოანაბეჭდი:

კალიფორნიის ქალაქ Long Beach-ში ყოველწლიური, რიგით 41-ე პრაიდ მარში 2024 წლის 18-19 მაისს ჩატარდა. სწორედ ამ ღონისძიებაზე გადაღებული კადრებია გამოყენებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც „აზოვი“ ლგბტ პრაიდს შეუერთდა, ყალბია.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.