Facebook-მომხმარებელი Abuladze Paata სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ვიზიტისას კონგრესმენებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელზეც ნაცისტური სიმბოლო იყო გამოსახული. ყალბი ინფორმაცია რუსულ ენაზე სოციალურ ქსელ Facebook-სა და “VKontakte”-ზეც გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2).

გაყალბებული ფოტო ავთენტური ფოტო

სინამდვილეში, ფოტო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, გაყალბებულია და რეალური კადრის შებრუნებულ ვერსიას წარმოადგენს. ავთენტურ ფოტოზე ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი მარცხენა მხარეს დგას, ხოლო შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი - მარჯვნივ. შესაბამისად, დროშაც შებრუნებულია და ორიგინალ ფოტოზე ნაცისტური სიმბოლო არსად იკითხება.

რეალურად, დროშა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა 21 დეკემბერს შეერთებულ შტატებში ვიზიტისას კონგრესმენებს გადასცა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პრეზიდენტს ბახმუტში ყოფნისას გადასცეს. დროშის ავთენტურ ფოტოზე, მითითებულ მონაკვეთში არა ნაცისტური სიმბოლო „SS”, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის ხელმოწერა იკითხება.

დროშის ავთენტურ ფოტოზე, მითითებულ მონაკვეთში არა ნაცისტური სიმბოლო „SS”, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის ხელმოწერა იკითხება - "46 ДШВ", რაც იშიფრება როგორც 46 окрема десантно-штурмова бригада (იხ. მოახლოებული ფოტო).

ამასთან, უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Stopfake-ის თანახმად, დროშაზე ხელმოწერა უკრაინელმა სამხედროებმაც დაადასტურეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა: „უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ავტოგრაფები დროშაზე ბახმუტში, სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის დროს, სამხედრო ჯილდოების მიღების შემდეგ დატოვეს“.

ამდენად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო გაყალბებულია და რეალობას არ ასახავს. ავთენტურ ფოტოზე არა ნაცისტური სიმბოლო, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის ხელმოწერა იკითხება. შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ კონგრესმენებისთვის გადაცემულ უკრაინის დროშაზე ნაცისტური სიმბოლოები იყო დატანილი, ყალბია.

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.