სოციალურ ქსელში Abuladze Paata, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ამტკიცებს, რომ გაეროს სხდომაზე 187-მა ქვეყანამ ღაზას სექტორში გენოციდის შეწყვეტას მხარი დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო უკრაინამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რეალურად, ავტორის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც სახელმწიფოების პოზიციებს ასახავს, აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური, კომერციული და ფინანსური ემბარგოს შეწყვეტის შესახებ მსჯელობას უკავშირდება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციასთან კავშირი არ აქვს.
2023 წლის 27 ოქტომბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ღაზაში ისრაელის ძალებსა და ჰამასის სამხედროებს შორის „დაუყოვნებელი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავის” მიღწევისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ასევე მოითხოვს სასიცოცხლო მარაგებისა და სერვისების „უწყვეტ, საკმარის და შეუფერხებელ“ მიწოდებას ანკლავის შიგნით დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. რეზოლუცია იორდანიამ წარადგინა, მას მხარი 120-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 45-მა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
წყარო: https://shorturl.at/fwDIV
მნიშვნელოვანია, რომ Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოს შეწყვეტის შესახებ მსჯელობას უკავშირდება. ამდენად, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი 120-მა სახელმწიფომ დაუჭირა და არა 187-მა, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს. ამასთანავე, მცდარია ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს და უკრაინის მსგავსად, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ინფორმაციას ხმისმიმცემი სახელმწიფოებისა და მათი პოზიციების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია X-ზეც ავრცელებს:
წყარო:https://twitter.com/UN_News_Centre/status/1717992371906839005/photo/2
ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო სრულიად სხვა საკითხზე გამართულ მსჯელობას უკავშირდება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან არასწორად არის დაკავშირებული. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.